ფრაუნჰოფერი იოზეფ
იოზეფ ფრაუნჰოფერი – (გერმ. Joseph von Fraunhofer, 1787-1626 წ.), გერმანელი ფიზიკოსი.
ფრაუნჰოფერი დაიბადა ღარიბი მეშუშის ოჯახში. 12 წლისა მიაბარეს სარკისა და შუშის სახელოსნოში პრაქტიკანტად. მეცნიერული გამოკვლევები დაიწყო მაშინ, როდესაც ერთ-ერთი მსხვილი ოპტიკური სახელოსნოს ხელმძღვანელი და მფლობელი გახდა. აქ გამოიგონა მინის ახალი სახე ტყვიის დამატებით, რომელიც განსაკუთრებული თვისებით გამოირჩეოდა – კარგად გარდატეხდა სინათლეს. ამ მინისგან დამზადებული პრიზმები უმსუბუქებდნენ მეცნიერს სინათლის გარდატეხის კოეფიციენტის განსაზღვრას.
შემდგომი გამოკვლევებისას ფრაუნჰოფერმა შექმნა სპექტროსკოპის ტიპი ვიწრო ხვრელით, რომელიც შედგებოდა სამზერი მილისაგან, პრიზმის, კოლიმატორის და პარალელური სხივების მიმღები მოწყობილობისაგან. სპექტროსკოპში გასულ მზის სინათლის გამოკვლევის დროს ფრაუნჰოფერმა აღმოაჩინა მზის სპექტრში მუქი ხაზები. ამ ხაზებს ფრაუნჰოფერის ხაზები ეწოდა. მეცნიერი მათ გამყოფ ხაზებად თვლიდა. ამ ხაზების დახმარებით დააზუსტა გარდატეხის კოეფიციენტის სიდიდე, ყოველ ცალკეულ ხაზს მიაწერა ცალკეული კოეფიციენტი. ეს გააკეთა 1814-1815 წლებში.
ფრაუნჰოფერის აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ ხაზების შედარებით სხვა სპექტრების ხაზებთან განისაზღვრება სინათლის. ტალღების სიგრძე.
თავისი სიცოცხლის ბოლოს ფრაუნჰოფერმა აღმოაჩინა სინათლის დიფრაქციის მოვლენა დიფრაქციულ მესერზე, რომელიც თვითონ დაამზადა (1821/22 წ). მოოქროვილ მინის მილიმეტრზე ამოჭრა 300 წვრილი ხაზი. ასეთი მესერის გაკეთება არაჩვეულებრივ სიზუსტესა და მოთმინებას მოითხოვდა. ასეთი მესერი გამოიყენებოდა რთული სპექტრების გამოკვლევებისათვის.
მათი დახმარებით ყოველგვარი სახის სინათლისათვის შეიძლება დიდი სისუსტით განისაზღვროს ტალღის სიგრძე. დაიწყო სპექტროსკოპიის განვითარება; ცოდნის ეს დარგი ახლაც დიდ დახმარებას უწევს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს და ტექნიკას.
ფრაუნჰოფერი გარდაიცვალა 39 წლის ასაკში ფილტვების დაავადებით.