ფრთათეთრი ტოროლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრთათეთრი ტოროლა (Melanocorypha leucoptera Pallas, 1811) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ფრთათეთრი ტოროლა ველის ტოროლაზე პატარაა, ფრთა 105-125 მმ-ია, კუდი – 65-70 მმ, ნისკარტი – 10-13 მმ, წონა – 35-50 გ. მამალი ცოტათი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის მცირე განსხვავებაა. მამალი თავზე მოწითალო-ქარცია, ბუმბულების მურა ცენტრებით. ფრთების ზემო მფარავები მოქარცისფროა, თეთრი კიდეებით. ფრთის გარდიგარდმო ფართო თეთრი ზოლია, რომლითაც კარგად გამოირჩევა სხვა ტოროლებისაგან. მომქნევები მურა-რქისფერია, ჟანგმიწისფერი ბოლოებით. კუდის ზემო მფარავები ხშირად ქარცია, მურა ღერძულა ზოლებით. წარბები, პირის კუთხეები და სხეულის ქვემო მხარე თეთრია, მაგრამ ყელის, კისრისა და მკერდის გვერდებზე მურა ფერის ლაქებია. ნისკარტი მოცისფრო-რქისფერია, ფეხები − მოწაბლისფრო-ხორცისფერი. დედალი უფრო მკრთალი შეფერილობისაა; თავი ზემოდან რუხი აქვს, მკერდი და სხეულის გვერდები მეტად დაწინწკლულია.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს ველებს – დაღესტნიდან და ვოლგის ქვემო დინებიდან, დასავლეთ ალტაიმდე და ზაისანის ქვაბულამდე. ჩრდილოეთით აღწევს სარატოვამდე, ჩელიაბინსკამდე და ომსკამდე; სამხრეთითყაზახეთში, ზაისანის ქვაბულიდან, ბალხაშის ტბის ჩრდილოეთი სანაპიროებით, მდ. ურალისა და ვოლგის შესართავებამდე. ზამთრობს ირანში, ამიერკავკასიაში, უკრაინისა და რუმინეთის ველებზე, ერთეულები ნაპოვნია ევროპის სხვა ქვეყნებშიც. საქართველოში მოიპოვება მხოლოდ ზამთრობით, ისიც მხოლოდ აღმოსავლეთ რაიონებში.

ბიოტოპი

ტიპობრივი ადგილსამყოფელია მლაშობი, აბზინდიან-ვაციწვერიანი ველები, არახშირი, დაბალმოზარდი მცენარეულობით.

გამრავლება

ბუდობს მიწაზე, პატარა ორმოში, აბზინდას ან ვაციწვერას კორდის ძირში. წელიწადში ორჯერ მრავლდება. პირველად მაისის დასაწყისში, ხოლო მეორედ ივნისის ბოლოს დებს 4-6 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 12 დღეს გრძელდება.

კვება

ზაფხულში იკვებება მეტწილად მწერებით – ხოჭოებით, სწორფრთიანებით, ქერცლფრთიანებით, ნაირგვარი მუხლუხოებით, იშვიათად – სიფრიფანა-ფრთიანებითა და ნახევრად ხეშეშფოთიანებით. მცენარეული საკვებიდან ჭამს ველის მარცვლოვან მცენარეთა თესლებს, განსაკუთრებით ზამთარში, აგრეთვე მწვანე მცენარეთა ნორჩ ყლორტებს.

მნიშვნელობა

დადგენილია, რომ ფრთათეთრი ტოროლას საკვებ რაციონში მავნე მწერები შეადგენენ 90%-ს, რაც მნიშვნელოვანი სარგებლობაა სოფლის მეურნეობისათვის.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები