ფრთაწითელი მეოსპია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრთაწითელი მეოსპია

ფრთაწითელი მეოსპია (ლათ. Rhodopechis sanguinea Gould, 1837) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ფრთაწითელი მეოსპია საშუალო ზომის ბეღურასნაირი ფრინველია; ფრთა 95-110 მმ-ია, კუდი 55-65 მმ, ნისკარტი – 10-12 მმ, წონა – 30-50 გ. სიდიდეში სქესთა შორის განსხვავება შეუმჩნეველია, ხოლო შეფერილობაში კარგადაა გამოხატული. მამალი ზურგის მხარეს მოთიხისფრო- მურაა, მაგრამ მანტიის ბუმბულებს შუაში მუქი ლაქები აქვთ. თხემი შავია; თვალების ზემოთ ფართო ჟანგმიწისფერი ზოლებია. მომქნევები ძირში მოთეთროა, ხოლო წვეროში – შავი, გარეთა მარაოები კი მოვარდისფროა, რომელიც გაცვეთილ ბუმბულსაფარველზე წითელ იერს ღებულობს. საჭის ბუმბულები შავია, თეთრი ძირებითა და მოვარდისფრო ელფერის კიდეებით; საჭის კიდურა ბუმბულები თეთრია, მაგრამ ღეპეპები შავი აქვთ. ჩიჩახვი, მკერდი და სხეულის გვერდები მოქარცისფრო-მურაა; მუცელი და კუდქვეშა ბუმბულები – თეთრი. ნისკარტი მოწაბლისფრო-ყვითელია, შავი წვეროთი, ხოლო ფეხები – მოშავო. დედალი მამლის მსგავსია, მაგრამ თხემი მოწაბლისფრო აქვს, ვარდისფერი ნაკლებადაა განვითარებული და საერთო შეფერილობაც მკრთალია.

აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება აზიური ფრთაწითელი მეოსპია – R. s. sanguinea Gould, 1837.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის არეალი შედგება ორი იზოლირებული ნაწილისაგან. ერთი მათგანი ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაშია, ხოლო მეორე მოიცავს თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილს, პალესტინას, ირანს, ავღანეთს, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთამდე, ხოლო ჩრდილოეთითსომხეთს, შუა აზიის მთებს, თურქმენეთის აღმოსავლეთ ნაწილს, სამხრეთ ყაზახეთს – ზაისანის ქვაბულამდე. ყველგან მობინადრეა, თუმცა ზამთარში ხშირად მომთაბარეობს. საქართველოში გვხვდება როგორც იშვიათი შემომფრენი ფრინველი. სომხეთთან მოსაზღვრე სამხრეთ საქართველოს ზოგ ადგილას მოსალოდნელია მისი ბუდობაც.

ბიოტოპი

ბინადრობს მცენარეულ საფარს თითქმის მთლიანად მოკლებულ მთების ეროზირებულ ფერდობებზე ან მცირე ბუჩქნარებითა და ბალახნარებით, უპირატესად – ღვიიანებით დაფარულ ღორღიან ნაკვეთებზე. ვერტიკალურად ვრცელდება 3500 მ-მდე ზღვის დონიდან.

გამრავლება

ბუდობს მიწაზე, ქვების ქვეშ, კორდის ძირში, ნაპოვნია ბუდე ხეზედაც. გამრავლება მიმდინარეობს მაისიდან ივლისის ბოლომდე, მაგრამ დადგენილი არაა, თუ რამდენჯერ მრავლდება წლის განმავლობაში. დებს 4-5 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი, არაპირდაპირი დაკვირვებების მიხედვით, 14 დღემდე უნდა გრძელდებოდეს.

კვება

ფრთაწითელი მეოსპიას საკვებს შეადგენენ მთების ხრიოკ ადგილებსა და მათ მოსაზღვრე ფერდობებზე მოზარდი ნაირგვარ ბალახოვან მცენარეთა თესლები, როგორიცაა თივაქასრა, ისლი, ქუდუნა, ფამფარულა, ძაღლის ენა და სხვ. ცხოველური საკვების გამოყენება აღნიშნული არაა.

მნიშვნელობა

სამეურნეო თვალსაზრისით ინდიფერენტულია.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები