ფუძეების ლექსიკონი
ფუძეების ლექსიკონი – სიტყვაწარმოებითი ლექსიკონი, რომელშიც ასახულია ფუძეების მორფემული შედგენილობა და დერივაციული სტრუქტურა. ქართული ენის ფუძეებისათვის შედგენილია ამ ტიპის შემდეგი ლექსიკონები:
1. „ქართული ენის ზმნური ფუძეების ლექსიკონი“ (ავტორები გ. გოგოლაშვილი, ც. კვანტალიანი, დ. შენგელია, თბ., 1989), შედგენილი „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ ბაზაზე. იგი წარმოაჩენს ქართული ზმნის ფორმაწარმოების შესაძლებლობებს. ლექსიკონის პრინციპები შეიმუშავა გ. გოგოლაშვილმა. ლექსიკონში წარმოდგენილ თითოეულ ზმნურ ფუძეს ახლავს სქემა, რომლითაც შესაძლებელი გახდა ბუდობრივ წარმოდგენილიყო ამა თუ იმ ზმნური ფუძისაგან ნაწარმოები ყველა ფორმა, რაც განაპირობებს თითოეული ქართული ზმნის სრულ გრამატიკულ დახასიათებას. ლექსიკონში 5744 ზმნური ფუძეა შეტანილი. სალექსიკონო ერთეულად ზმნის მარტივი ფუძეა წარმოდგენილი: წერ, შენ, ხატ,…: ერთი და იმავე მარტივი ზმნური ფუძისაგან წარმოებული ყველა ზმნისწინიანი ვარიანტი, ქცევისა თუ გვარის ფორმა ერთ სალექსიკონო სტატიაშია თავმოყრილი. ლექსიკონს დაემატა ისეთი ფორმები, რომლებიც არ იყო შესული ქეგლ-ში (დამატებული ფორმები განსასხვავებლად მრგვალ ფრჩხილებში იქნა ჩასმული). ზმნის ფორმაწარმოებით შესაძლებლობათა უკეთ წარმოსაჩენად შემუშავდა გარკვეული სქემა, რომელზედაც ხუთი ვერტიკალური გრაფაა: 1 გრაფაში წარმოდგენილია სალექსიკონო ერთეული თავისი შესაძლო ფონეტიკური ფორმებით; II გრაფაში – ზმნის აწმყო მყოფადის ფუძე (სალექსიკონო ერთეულის თემის ნიშანი)– ცალკეა გამოყოფილი გარდამავალ და გარდაუვალ ფორმათა ფუძეები, ცალკე ჰორიზონტალურ რიგშია წარმოდგენილი სტატიკური ზმნების ფუძეები (აწმყოსა და მყოფადის ფუძეები; III გრაფაში – ზმნისწინები; IV გრაფაში – ვნებითის წარმოების ტიპი (პრეფიქსიანი, სუფიქსიანი თუ უნიშნო); V გრაფაში – ხმოვანი პრეფიქსები, რომლებიც, ერთი მხრივ, გვხვდება დინამიკურ გარდამავალ თუ გარდაუვალ ზმნებთან და, მეორე მხრივ, სტატიკურ ზმნებთან (ქცევის ნიშნები):
2. „ქართული ენის სახელზმნური ფუძეების ლექსიკონი“ (ავტორები: გ. გოგოლაშვილი, ც. კვანტალიანი, დ. შენგელია., თბ., 1991), მორფოლოგიური ლექსიკონი, რომელიც ავსებს ზმნურ ფუძეთა ლექსიკონს და მთლიანობაში წარმოგვიდგენს ზმნურ ფორმათა წარმოების შესაძლებლობებს. ლექსიკონის შედგენის პრინციპები შეიმუშავა გ. გოგოლაშვილმა.
ლექსიკონში ყოველ სახელზმნურ ფუძეს ახლავს სქემა, რომლითაც შესაძლებელი გახდა ბუდობრივ წარმოდგენილიყო ამა თუ იმ ზმნის ფუძისაგან ნაწარმოები ყველა სახელზმნური ფორმა, რაც იძლევა თითოეული ქართული სახელზმნის სრულ გრამატიკულ დახასიათებას. ნაშრომი ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის საფუძველზეა შედგენილი. ცალკეულ შემთხვევებში გათვალისწინებულია ახალგამოვლენილი მასალაც.
ლექსიკონში 5815 ფუძეა შეტანილი. სალექსიკონო ერთეულად წარმოდგენილია: ზმნის მარტივი ფუძე: კეთ, შენ, ხატ.
სახელზმნის ფორმაწარმოებითი შესაძლებლობების უკეთ წარმოსაჩენად შემუშავდა სქემა, რომელზედაც ხუთი ვერტიკალური გრაფაა. 1 გრაფაში წარმოდგენილია სალექსიკონო ერთეული. აქვე ნაჩვენებია ფუძის ის ვარიანტი, რომელიც ზმნური თუ სახელური ფორმაწარმოებისას შეენაცვლება მას: მაგ. დრეკ / დრიკ / დრე; კალ/ კლ. ნაჩვენებია აგრეთვე პარალელური ფონეტიკური ვარიანტებიც: მაგ., ბრძან | ბძან, ჩეხ | ხეჩ. სალექსიკონო ერთეულის შემდეგ არაბული ციფრებით აღნიშნულია სახელზმნური ფორმებისათვის საყრდენი ფუძე: 1. I სერიის ნაკვთთათვის საერთო ფუძე. ეს გულისხმობს, რომ სახელზმნური ფორმები იწარმოება I სერიის ზმნური ფუძისაგან. 1. კეთ-ებ; 2. II სერიის ნაკვთთა საერთო ფუძე. ეს გულისხმობს, რომ სახელზმნური ფორმები იწარმოება II სერიის ფუძისაგან. 2. ხატ: 3. „ფარული ფუძე“, ე. ი. სახელზმნებისათვის საყრდენი ისეთი ფუძე, რომელიც ზმნურ ფორმებში არ გეხედება. მაგ.: დგ-ომ (დგ-ომ-ა, სა-დგ-ომ-ი, მ-დგ-ომ-არე..). II გრაფაში წარმოდგენილია ზმნისწინები, რომლებიც გვხვდება შესაბამისი მარტივი ფუძისაგან წარმოებულ სახელზმნურ ფორმებში.III გრაფაში მასდარის მაწარმოებლებია. ვარსკვლავიანი ნულით – 0* – პირველადი მასდარია აღნიშნული. IV გრაფაში კი საობიექტო მიმღეობების მაწარმოებლებია:
შედგენილია „სახელური ფუძეების ლექსიკონი“ (ავტორები ბ. ჯორბენაძე, ნ. ლოლაძე, მ. კიკონიშვილი). ლექსიკონის პრინციპები შეიმუშავა ბ. ჯორბენაძემ.
ც. კვანტალიანი