ქალი ძველ ეგვიპტეში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქალი ძველ ეგვიპტეში – ქალს ეგვიპტეში ძალიან მნიშვნელოვანი მდგომარეობა ეკავა, არა მარტო თანადროული ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებთან, არამედ ძველ საბერძნეთთან და რომთან შედარებით. თუმცა მეფის ინსტიტუტი მამაკაცზე იყო ორიენტირებული, რადგან ჯერ კიდევ წინადინასტიურ ეგვიპტეში მოხდა მეფის გაიგივება მამრ ღვთაებასთან, ხორთან, ის იმდენად მოქნილი აღმოჩნდა, რომ რამდენიმე შემთხვევაში ქალის მეფობაც გახდა დასაშვები. ჩვეულებრივ, სწორედ ქალი ასრულებდა რეგენტის როლს მცირეწლოვანი ფარაონის გამეფების შემთხვევაში, და მემკვიდრის ლეგიტიმირება ქალის ხაზით ხდებოდა, რადგან, ეგვიპტელის წარმოდგენით, თუმცა დედოფალი თვითონ არ იყო ღვთაება, ღვთაებრიობის „გადაცემა“ მხოლოდ მას შეეძლო. სწორედ ამიტომ, უძველესი დროიდან მეფეთა სიებში ფარაონის დედა აუცილებლად სახელდებოდა მამასთან ერთად.

ცხოვრების ყველა სხვა სფეროში ქალს მამაკაცთან თანასწორი უფლებები ჰქონდა. უკვე ძველი სამეფოს დროიდან ქალს ეკუთვნოდა მამის ქონების თანაბარი წილი და შესაბამისად, მინიჭებული ჰქონდა კერძო მესაკუთრის ყველა უფლება, რომელსაც გათხოვების შემდეგაც ინარჩუნებდა. ამის დასტურს ჩვენამდე მოღწეული ტექსტები წარმოადგენს. ფარაონ ხეფრენის (IV დინასტია) ვაჟიშვილი ნიკურა თავის ანდერძში თანაბრად განკარგავს თავის ქონებას ვაჟიშვილებს და ქალიშვილებს შორის, ხოლო ფარაონ ჯოსერის (III დინასტია) დროს მცხოვრები დიდებული მეჩენი გვამცნობს, რომ მან ვენახები „დედის ანდერძით მიიღო“.

ქალს შეეძლო, შეედგინა ანდერძი საკუთრი სურვილის მიხედვით, აღეძრა სარჩელი განქორწინებაზე, ქონებრივ დავაზე, ხელი მოეწერა ნებისმიერ კონტრაქტზე და თვითონ გამოცხადებულიყო თავისი ინტერესების დასაცავად სასამართლოში. ქალის განათლებაზე ბევრი არ არის ცნობილი, მაგრამ ეგვიპტურ ენაში არსებობდა „გადამწერის“ (ეგვ. „s“, Wb III, 479) მდედრობითი ვარიანტები (sšshm.t და sšj.t). „გადამწერი“ ეგვიპტეში არა მარტო წერა-კითხვის მცოდნეს ნიშნავდა, არამედ განათლებული ადამიანის სინონიმიც იყო. დეირ ელ-მედინეში აღმოჩენილ ოსტრაკონებს შორის არის ისეთიც, სადაც დედა ჩივის მეზობელთან თავის ცელქ ვაჟიშვილზე, რომელიც სკოლაში მიმავალ გოგონებს კუთხიდან ქვებს ესვრის. მართალია, ქალის ძირითად დასაქმებას ოჯახის დიასახლისობა და ხელმძღვანელობა წარმოადგენდა (მას „სახლის ქალბატონს“ ეძახდნენ), მაგრამ დასაქმების შემთხვევაში ის არ იჩაგრებოდა, რადგან ქურუმი ქალის გასამრჯელო მამაკაცის გასამრჯელოზე ნაკლები არ იყო.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები