ქაშაკაშვილი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ ქაშაკაშვილი

ქაშაკაშვილი ნიკოლოზ – გამოჩენილი მეტალურგი, საქართველოში თანამედროვე მეტალურგიული მრეწველობი ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე, სსრკ შავი მეტალურგიის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების საპატიო წევრი, პირველი ქართულ-რუსული მეტალურგიული ლექსიკონის ავტორი.

ნიკოლოზ ვასილის ძე ქაშაკაშვილი (დ. 12.06.1888, ქუთაისის გუბერნია სოფ. ბაღდათში, გ. 21.02.1967, თბილისი).

1913 წ. იმპერატორ პეტრე დიდის სანკტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, მუშაობდა ურალის მეტალურგიულ ქარხნებში ცენტრალური ლაბორატორიის, ბრძმედისა და ჭურვსასხმელი საამქროების უფროსად, ციმბირისა და ურალის მეტალურგიული ქარხნების მმართველად, ტრესტ „ურალმეტის“ მთავარ ინჟინრად – ტექნიკურ დირექტორად. ხელმძღვანელობდა მაგნიტოგორსკის მეტალურგიული, ჩელიაბინსკის ელექტრომეტალურგიული და პერვოურალსკის მილსაგლინავი ქარხნების დაპროექტებასა და მშენებლობას, ნიჟნი ტაგილის, ზლატოუსტის, კუშვისა და ვერხისეტსკის ქარხნების რეკონსტრუქცია-გადაიარაღებას.

ნ. ქაშაკაშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მეტალურგიული დარგის განვითარების მიზნით 1926 წ. მოწვეულ იქნა რუსეთის მეტალურგთა I ყრილობა. მის მიერ ჩატარებული წარმატებული საწარმოო ექსპერიმენტების საფუძველზე ყრილობამ დაადგინა რუსეთის ყველა ბრძმედი ხის ნახშირის ნაცვლად კუზნეცკის აუზის ქვანახშირზე გადაყვანა, რითაც განადგურებას გადაურჩა ციმბირის ტაიგის მილიონობით კვ. კმ. ტყის მასივი და ბუნება.

ნ. ქაშაკაშვილი 1932-1940 წლებში მუშაობდა ქ. ხარკოვში გაერთიანება „იუჟსტალის“ მთავარ ინჟინრად, ხელმძღვანელობდა უკრაინაში I ხუთწლედში აშენებული აზოვსტალის, ზაპოროჟსტალისა და სხვა მეტალურგიული გიგანტების ამოქმედებას, აგრეთვე კომუნარსკის მეტკომბინატის, ნიკოპოლის მილებისა და სხვა ქარხნების მშენებლობას.

ნ. ქაშაკაშვილის ხელმძღვანელობით, საბჭოთა სპეციალისტების ჯგუფი თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლისა და მეტალურგიული მოწყობილობების შეძენის მიზნით, ხანგრძლივი წარმატებული მივლინებებით მრავალგზის იმყოფებოდა ბელგიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, ჩეხეთ-სლოვაკეთსა და გერმანიაში.

940 წ. ნ. ქაშაკაშვილი ბაქოს მენავთობეების მილებით უზრუნველსაყოფად დაინიშნა მშენებარე ა/კ მეტალურგიული ქარხნის მთავარ ინჟინრად და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად (ის არ იყო კომუნისტური პარტიის წევრი და პირველ ხელმძღვანელად არ ნიშნავდნენ).

ქვეყნის სტრატეგიული დავალების მილსაგლინავი ქარხნის მშენებლობის პროექტი ნიკოლოზ ქაშაკაშვილმა გააფართოვა სრული მეტალურგიული ციკლით, მთავარი მიზნისათვის, რომ კოქსის აირისა და ბრძმედის წიდების საფუძველზე აშენებულიყო აზოტსასუქების, ქიმიური ბოჭკოს, ცემენტისა და სხვა ქარხნები, რისთვისაც დაშქესანის მადნებითა და ტყიბულ-ტყვარჩელის ნახშირის კონცენტრატებით რუსეთის ბრძმედებში ჩაატარა თუჯის ექსპერიმენტული დნობები, რის საფუძველზეც რუსთავის მეტალურგიული ქარხანა სრული მეტალურგიული ციკლით ამოქმედდა, როგორც მსოფლოში პირველი სრული მეტალურგიული ციკლით მილსაგლინავი ქარხანა და სამილე ფოლადების გამოდნობა თხევადი თუჯის გამოყენებით მსოფლიოში პირველად რუსთავში განხორციელდა.

ეროვნული კადრებით უზრუნველყოფის მიზნით მან მიაღწია მეტალურგიული ტექნიკუმის, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტის და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის დაფუძნებას.

ნ. ქაშაკაშვილის ინიციატივით 1946 წ. დაარსდა საქართველოს მეტალურგთა სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოება, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე თავმჯდომარეობდა.

1953 წლიდან ნ. ქაშაკაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის შავი მეტალურგიის კათედრის პროფესორია და მისი ხელმძღვანელობით ბევრი ინჟინერ-მეტალურგი, მეცნიერი და სახალხო მეურნეობის გამოჩენილი ორგანიზატორი აღიზარდა.

გამოჩენილი მეტალურგის, მეცნიერის, პირველი თაობის მეტალურგების აღმზრდელის, პირველი ტერმინოლოგისა და ლექსიკოლოგის 110, 125 და 130 წწ. საიუბილეოდ მეტალურგმა მეცნიერებმა მიუძღვნეს ხუთენოვანი, ექვსენოვანი „მეტალურგიული ტერმინების ლექსიკონები“ და „სამთო-მეტალურგიული ენციკლოპედია“, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს, რუსეთის და უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტები. მსგავსი მეცნიერული ნაშრომი მსოფლიოს ტერმინოლოგიისა და ლექსიკოლოგიის ძირძველ მეცნიერებას არ მოეპოვება.

წყარო

სამთო-მეტალურგიული ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები