თუჯი
თუჯი – რკინის შენადნობი ნახშირბადთან (2-4,5%), მანგანუმის მცირე რაოდენობასთან (1,5%-მდე), კაჟთან (4,5%-მდე), გოგირდთან (< 0,08%), ფოსფორთან (< 1,8%) და სხვა ელემენტებთან.
თუჯი არის რკინის მადნის პირველადი გადამუშავების პროდუქტი ბრძმედის ღუმლებში. თუჯში შემცველი ნახშირბადის (ცემენტიტისა და გრაფიტის) ფორმისა და რაოდენობის მიხედვით ცნობილია თეთრი (შეკავშირებული რკინის კარბიდი Fe3C), რუხი (თავისუფალ მდგომარეობაში გრაფიტის სახით), ნაჭედი და მაღალი სიმტკიცის თუჯი. ზოგიერთ შემთხვევაში თუჯში შეიძლება შედიოდეს მალეგირებელი ელემენტებიც (Cr, Ni, V, Al და სხვ.).
თუჯის დნობის ტემპერატურაა 1150-1200°C. გამოიყენება წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო მილების, ბუხრების, ღუმლების, საკანალიზაციო ჭების სახურავების, ლითონის კონსტრუქციების, ონკანების, ჩამკეტების, ჰიდრავლიკური არმატურის, ხახუნის კვანძების, უძრავი შეერთებების დასამზადებლად და სხვ. არსებობს თუჯის მრავალი სახეობა: ანთრაციტული, ანტიფრიქციული, აუსტენიტური, ბესემერის, ბრძმედის, ბუნებრივლეგირებული, გადასამუშავებელი, გათეთრებული, დამარცვლული, ევტექტიკური, ვანადიუმიანი, ზეევტექტიკური, ზემტკიცე, თეთრგულა, თეთრი, თომასის, თხევადი, კოქსის, კრიალა, ლეგირებული, მანგანუმიანი, მარცვლოვანი, მაღალი სიმტკიცის, მოდიფიცირებული, მჟავაგამძლე, ნაწრთობი, ნახშირბადმცირე, პერლიტის, პერლიტურ-ფერიტული, პერლიტურ-ცემენტიტური, რაფინირებული, რუხი, საბოვე, სამსხმელო, სარკისებრი, საშუალო სიმტკიცის, სილიციუმიანი, სპეციალური, ფერიტული, ფოლადისებრი, ფოსფოროვანი, ქრომნიკელიანი, ცივი, ცხელი, ჭედადი, ხიშტა და სხვ.