ქილილა და დამანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ქილილა და დამანა“ (XVIII ს.) — თარგმნილი ძეგლი, იგავ-არაკთა კრებული. მსოფლიოში სახელგანთქმული ეს კრებული თავდაპირველად ინდოეთში შემუშავდა („პანჩატანტრა“), ადრევე გავრცელდა ჯერ ირანში (VI ს. ითარგმნა ფაჰლაურად), შემდეგ არაბულ სამყაროში (სირიული და არაბული თარგმანები). ახალი სპარსული მწერლობის ადრეულ ეტაპზე ჩნდება მისი როგორც პოეტური (რუდაქი, X ს.), ისე პროზაული (ნასრალაჰი, XII ს.) ვერსიები. სპარსულ დამუშავებათაგან ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვა XV ს. მეორე ნახევარში დაწერილმა ვაეზ ქაშეფის „ანვარე სოჰაილიმ“, რომელიც გამოირჩევა მჭევრმეტყველებითა და სტილის სირთულით. ამ უკანასკნელს დაუკავშირდა ქართული ვერსიები. ცხადია, ყოველი ახალი დამუშავება იწვევდა გარკვეულ ცვლილებებს, უმთავრესად არაკების, ზოგჯერ მთელი თავების კლება-მატების ხარჯზე, მაგრამ თითქმის ყველგან უცვლელი რჩებოდა ძირითადი ჩარჩო: ორი ტურას — კეთილი ქილილასა და ბოროტი დამანას თავგადასავალი. მათი ურთიერთობა გადმოცემულია არაკთა მთელი ციკლებით, ხშირად ერთმანეთზე ჯაჭვის რგოლებივით ასხმული მრავალფეროვანი იგავებით. „ქილილა და დამანას“ ანუ „ანვარე სოჰაილის“ ქაშეფისეული ვერსიის ქართულად თარგმნა დაიწყო დავით კახთა მეფემ, თეიმურაზ პირველის მამამ. მან მხოლოდ დასაწყისი ნაწილის თარგმნა მოასწრო. კარგა ხნის შემდგომ დავითის მიერ დაწყებული საქმე ვახტანგ მეექვსის ბრძანებით დაასრულეს ქართულის მცოდნე ვინმე სპარსელმა და სომეხმა მთარგმნელებმა (1710-1714 წწ.). ეს თარგმანი ვახტანგმა თავიდან ბოლომდე შეუდარა დედანს, სცადა პროზაული ნაწილის გამართვა, ლექსად გააწყო ჩართული ციტატები, მაგრამ საბოლოოდ უკმაყოფილო დარჩა თარგმანით. ამან განაპირობა ქირმანში ტყვედ მყოფი მეფის მიერ 1714-1716 წწ. სპარსული ტექსტის ახალი სრული თარგმანი. ამრიგად, მივიღეთ „ანვარე სოჰაილის“ მეორე ქართული თარგმანი, უფრო ზუსტად — სპარსული ტექსტის ბწკარედი. ვახტანგმა გამოიჩინა ტექსტის გაგების შესანიშნავი უნარი (ცალკეულ უზუსტობათა მიუხედავად), დიდი გულმოდგინება და საქმის სიყვარული. მაგრამ ეს იყო თარგმანის პირველი საფეხური. შეუძლებელიც ჩანდა ამგვარი რთული ძეგლის პირდაპირ მხატვრულად სრულყოფილი გადმოღება. ამ მიზნით თავად მოუცლელმა ვახტანგმა სტრიქონ-თარგმანის გასაჩალხად ტექსტი ჯერ ონანა მდივანს გაუგზავნა, შემდეგ — სულხან-საბა ორბელიანს. ონანამ მხოლოდ ლექსითი ჩანართების პროზაული ტექსტი გააწყო, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. საბამ კი მთელი ტექსტი, როგორც პროზაული, ისე პოეტური ნაწილი (რომელიც განსაკუთრებული სიუხვითა და სიახლით გამოირჩევა), გამართა, ფაქტიურად ბწკარედის საფუძველზე შექმნა ახალი ვერსია, რომელმაც შემდგომში კანონიკური სახე მიიღო თვით ვახტანგისვე დასტურით. ეს ტექსტი სრული სახით სამჯერ გამოქვეყნდა: 1886 წ. ილია ჭყონიას რედაქტორობით, 1961-1962 წწ. ა. ბარამიძისა და ე. მეტრეველის რედაქტორობით, 1975 წ. მ. თოდუას რედაქციით.

ლიტერატურა

  • ა. ბარამიძე, „ანვარისოჰაილის“ ანუ „ქილილა და დამანას“ ქართული ვერსიები, ნარკვევები. I, 1945;
  • მ. თოდუა, „ქილილა და დამანას“ საბასეული ვერსია, 1967.

წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები