ქორიძე ავთანდილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავთანდილ ქორიძე

ქორიძე ავთანდილ - (1935 წლის 15 აპრილი, თბილისი - 11 აპრილი, 1966, თერჯოლა), კლასიკური სტილის მოჭიდავე (67 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (1961), სსრკ-ის ორგზის მეორე (1957, 60) და მესამე (1958) პრიზიორი, ახალგაზრდობის III საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების ჩემპიონი (1957), ადრიატიკის თასის მფლობელი (1959). სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი. 1966 წლის 11 აპრილს ქუთაისი-ზესტაფონის ტრასაზე დაიღუპა ავტოკატასტროფაში ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორ რომან ძნელაძესთან ერთად.

1960 წლის ოლიმპიური თამაშები

67 კგ, 23 მონაწილე
1. ავთანდილ ქორიძე (სსრკ)
2. ბრანკო მარტინოვიჩი (იუგოსლავია)
3. გუსტავ ფრეი (შვედეთი)
I წრე ­ ქულებით (3:1) დაამარცხა მარიო დე სილვა (იტალია);
II წრე ­ ქულებით (3:1) მოუგო ბენ ნორტრუპს (აშშ);
III წრე ფრე კიუესტი ლეჰტონენთან (ფინეთი);
IV წრე ­ წმინდად (4,13) დაამარცხა ანასტას მოისიდისი (საბერძნეთი);
V წრე დიმიტარ სტოიანოვი (ბულგარეთი) მსაჯებმა მოხსნეს;
ფინალში ქულებით (3:1) გაიმარჯვა ბრანკო მარტინოვიჩთან (იუგოსლავია) შეხვედრაში.

ავთანდილ ქორიძემ 25 წლის ასაკში
გაიმარჯვა ოლიმპიადაზე, 6 წლის შემდეგ კი
ავტოკატასტროფაში დაიღუპა

67 კგ წონის მოჭიდავეთა წინასწარი შეხვედრების შედეგთა გათვალისწინებით, რომის ოლიმპიადის ფინალისტთა შორის მოხვდნენ ქართველი ავთანდილ ქორიძე, ბულგარელი დიმიტარ სტოიანოვი და იუგოსლავიელი ბრანკო მარტინოვიჩი. მათ შორის შეხვედრებს უნდა გაერკვია, ვინ რომელ მედალს დაეუფლებოდა. ამ სამეულიდან ყველაზე ახალგაზრდა და, შესაბამისად, გამოუცდელიც ავთანდილ ქორიძე იყო. მან სასტარტო ბრძოლები კარგად ჩაატარა და ახლაც დამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა ოლიმპიადებზე ყველაფერი ხდება და აკი მოხდა კიდეც. ქორიძისა და სტოიანოვის ჭიდაობა მსაჯებმა ფარსად ჩათვალეს და მეტად მკაცრი განაჩენი გამოიტანეს: მათი ვარაუდით, თურმე, სტოიანოვი შეგნებულად „დაუწვა” ქართველ ფალავანს და არასპორტული საქციელისათვის ორივენი მოხსნეს ოლიმპიური ტურნირიდან. არბიტრების არაობიექტურობას არ დაეთანხმნენ გულშემატკივრები და ტრიბუნებიც ახმაურდნენ. უკმაყოფილო იტალიელები სტვენითა და შეძახილებით აქტიურად მოითხოვდნენ სამართლიანობის აღდგენას. პროტესტი გამოთქვეს საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელებმაც, მაგრამ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, ფრანგმა როჟე კულონმა მსაჯთა კოლეგიის ვერდიქტი ძალაში დატოვა.

ბედად, ქორიძისა და სტოიანოვის შეხვედრას საპატიო სტუმართა ლოჟიდან თვალს ადევნებდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ევერი ბრენდეჯი, რომელმაც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციას ობიექტურობისკენ მოუწოდა. მსაჯებმა კიდევ ერთხელ ითათბირეს და, საბოლოოდ, ავთანდილ ქორიძეს ქულებით გამარჯვება მიაკუთვნეს, სტოიანოვი კი მოხსნეს შეჯიბრებიდან. მოკლედ, სამართალმა პური ჭამა. ქორიძის ბოლო მეტოქე იყო ბრანკო მარტინოვიჩი. გამარჯვებული ოქროს მედალს დაეუფლებოდა, ქორიძეს ქულებით მოგებაც აწყობდა... ფინალი ორივემ ფრთხილად დაიწყო, ერთმანეთს მკლავის ძალა მოუსინჯეს, მერე კი ქორიძემ შეუტია. მარტინოვიჩმა ბოლომდე ღირსეულად იბრძოლა, ერთხელ ქულაც აართვა მეტოქეს, მაგრამ ქორიძის შეჩერება მაინც ვერ მოახერხა, თავადაც წამოეგო ქართველის ფანდებზე და ზედიზედ სამი ქულა წააგო. ამასობაში დროც ამოიწურა. მოგვიანებით, ბრანკო მარტინოვიჩი ასე იხსენებდა რომაულ ფინალს: „შეხვედრის დაწყებიდან ცოტა ხანაში მივხვდი, რომ ქორიძის დამარცხება შეუძლებელი იყო. მივხვდი და უნებურად ბედს შევურიგდი. იგი ისეთი თავგანწირვითა და აზარტით მიტევდა, რომ მის ტემპს ვერ გავუძლებდი, ადრე თუ გვიან, დანებება მომიწევდა“.

იხილე აგრეთვე

ავთანდილ ქორიძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები