ქოჩორა ტოროლა
ქოჩორა ტოროლა (ლათ. Galerida cri tata Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი, ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ქოჩორა ტოროლა.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ტოროლასებრნი (Alaudidae)
- გვარი − ქოჩორა ტოროლა (Galerida)
ქოჩორა ტოროლა სიდიდით თითქმის შოშიას ტოლია, ფრთა 95-115 მმ-ია, კუდი – 60-70 მმ, ნისკარტი – 17-20 მმ, წონა 35-45 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს თიხისფერ-რუხია, არამკვეთრი მურა ღერძულა ლაქებით. თხემზე კარგად შესამჩნევი, წამახვილებული ბუმბულების მოშავო ქოჩორია, რითაც კარგად გამოირჩევა სხვა ტოროლებისაგან. სხეულის ქვემო მხარე მოთეთროა, ხშირად ჟანგმიწისფერი ელფერით და შავი გასწვრივი ზოლებით ჩიჩახვსა და მკერდზე. მუქი წინწკლების ზოლებია ყელის გვერდებზე. მომქნევები მუქი მურაა, ღია ფერის არშიებით. მუქი მურაა საჭის ბუმბულებიც, მაგრამ კიდურა ორ წყვილზე თეთრი ურევია. ნისკარტი მურა ფერისაა, ხოლო ფეხები – მკრთალი მურა.
აღწერილია 37 ქვესახეობა საქართველოში მოიპოვება უკრაინული ქოჩორა ტოროლა – G. c. tenuirostris Brehm, 1858. ერთეული ეგზემპლარები შეიძლება შეგვხვდეს ჩრდილოირანული ქოჩორა ტოროლაც – G. c. – subtaurica Kollibay, 1912 – სამხრეთ საქართველოში.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს თითქმის მთელ ევროპას და აზიის სამხრეთ ნაწილს, პირენეის ნახევარკუნძულიდან კორეამდე, აგრეთვე აფრიკის მთელ ჩრდილოეთ ნახევარს. ევროპაში ჩრდილოეთით აღწევს სკანდინავიის სამხრეთ ნაწილამდე, სარატოვამდე და ურალსკამდე; აზიაში – არალის ზღვის ჩრდილოეთით და ბალხაშის ტბის სამხრეთ სანაპიროებამდე, ზაისანის ქვაბულამდე, სამხრეთ მონგოლეთამდე და მდ. სუნგარის ზემო დინებამდე; სამხრეთ აზიაში – ცენტრალურ ინდოეთამდე და ჩინეთამდე. საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში მობუდარია, დასავლეთში – მიმომფრენი, ხშირად მოზამთრეც.
ბიოტოპი
ქოჩორა ტოროლა ხშირად ადამიანის თანამგზავრია. თავისი არეალის დიდ ნაწილში, განსაკუთრებით ჩრდილოეთში, ეტანება დასახლებული პუნქტების მახლობელი მინდვრებს, საბალახოებს, ბოსტნებს, ეზოების გარეთა ყრუ ადგილებს, ნანგრევებს. ველური ადგილებიდან უპირატესობას ანიჭებს ნახევარუდაბნოების ტიპის ღია ლანდშაფტს, დაბეჩავებული მცენარეულობით. ყველგან ეტანება გზებსა და გზების კიდეებს.
გამრავლება
ბუდეს იკეთებს მიწაზე, პატარა ორმოში. სამხრეთის ფორმები წელიწადში ორჯერ მრავლდებიან. პირველად აპრილის ბოლოს, ხოლო მეორედ ივნისში დებს 3-5 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. მამალი ამ დროს ბუდის მახლობლადაა, მაგრამ დედალს არ კვებავს. საინკუბაციო პერიოდი 12-13 დღეს გრძელდება.
კვება
ქოჩორა ტოროლას საკვებს შეადგენენ სარეველა მცენარეთა თესლები და ნორჩი მწვანე ნაწილები. ჭამს მრავალგვარ მწერსაც, რომლებითაც ბარტყებსაც კვებავს.
მნიშვნელობა
მავნე მწერებისა და სარეველა მცენარეთა თესლების მასობრივად განადგურებით სარგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის.