ქრონიკული რინოგენული სინუსიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქრონიკული რინოგენული სინუსიტი — სინუსების ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთება მრავალფეროვანია: კატარალური, ჰიპერპლაზიური, ექსუდაციური, კაზეოზური ან ჩირქოვანი.

რადიოლოგიური კვლევისას, იშვიათ შემთხვევაში არ ჩანს ქრონიკული ანთებითი პროცესი. უმეტესწილად, სურათი აჩვენებს შესქელებულ, პათოლოგიურ ლორწოვან გარსს.

კლინიკური დიაგნოზი ორი მონაცემის საფუძველზე ისმება:

  1. კლინიკური ნიშნების არსებობა 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში;
  2. რადიოლოგიური სურათი;

მხოლოდ რადიოლოგიური მონაცემების საფუძველზე, კლინიკური გამოვლინების გარეშე, სინუსიტის დიაგნოზის დასმა არ არის გამართლებული.

როგორც წესი, რინოგენული სინუსიტები არასოდეს გვხვდება ცალმხრივი. ორმხრივი რინოსინუსიტები, ძირითადად, ჰაიმორის წიაღს ასნებოვნებს. შესაძლოა, ასევე, სფენოიდური და ეთმოიდური დაზიანებაც.

ფრონტალური სინუსიტი, როგორც წესი, ეთმოიდალური წიაღის დაავადებით იწყება. რამდენიმე წიაღის დაავადება უკვე შეიძლება ჩაითვალოს პანსინუსიტად.

იმუნოდეპრესიის დროს, როგორიცაა შიდსი, სიფილისი ან C ჰეპატიტი, როდესაც ორგანიზმის რეაქტიულობა დაცემულია, სინუსიტები განუკურნებელ სენად რჩება და მუდმივად რეციდიულია.

სარჩევი

კლინიკური სიმპტომატიკა

ცეფალეა არ წარმოადგენს პაციენტის ძირითად ჩივილს. ყნოსვის მხრივაც, როგორც წესი, არ არის პრობლემები.

ძირითადი ჩივილები გახლავთ რინორეა და ჭარბი ჩირქოვანი გამონადენი.

ეს გამონადენი ხშირად უკან, ცხვირ-ხახისკენ გადადის და სერიოზულ დისკომფორტს ქმნის.

სუნთქვის გაძნელების მიზეზი მხოლოდ სეკრეციის გაძლიერებაა და მოხოცვის შემდეგ ნორმას უბრუნდება.

ზოგ შემთხვევაში, კლინიკა ნაკლებად კონკრეტულია და გამოიხატება ხშირი ექსუდაციური ოტიტებით და ჩირქოვან ოტიტებში – ოტორეით. ამის მიზეზი სინუსიტი და ფიზიოლოგიური ცვლილებები გახლავთ.

ასევე, შესაძლებელია ლარინგიტები და ტრაქეიტები, ხველა და დისფონია.

იშვიათად, მაგრამ მაინც, შესაძლებელია სინუსის ჩირქოვანი პროცესი თირკმელების სახსრების ან ოფთალმოლიგიური დისფუნქციის მიზეზი გახდეს. ამიტომ, ამ დაავადებების შემთხვევაში, საჭიროა სინუსების საბაზისო შემოწმება.

კლინიკური დათვალიერება

ჰაიმორის სინუსის ჩირქოვანი ანთება: სითხის დონის ნიშნული. და ცალმხრივი კისტა – ისრით აღნიშნულია მიდამო

კლინიკური დათვალიერება – რინოსკოპია, საშუალებას გვაძლევს ვნახოთ:

— შეშუპებული ლორწოვანი, თუმცა ეს ნიშანი ყოველთვის არ არის გამოხატული და მისი ხარისხი ვაზომოტორული რინიტის დროს უფრო მაღალია;
— შუა სავალის საპროექციო არეში ჩირქოვანი გამონადენი, რაც სინუსიტის დიაგნოზის უეჭველი ნიშანი გახლავთ;
— ფარინგოსკოპია უკანა ჩირქოვან გამონადენს გვაჩვენებს;

რენტგენი

ჰაიმორის სინუსის უცხო სხეული და ჰაიმორის რეტენციული კისტა.

რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა მწვავე სინუსიტების დროს, CT-ის კარგი ალტერნატივაა. მას ნაკლები დასხივება აქვს და ფინანსურადაც მომხიბლავია.

BLONDEAU-ს პროექცია და, ზოგ შემთხვევაში, შუბლი-ცხვირის პროექცია, საკმარის ინფორმაციას იძლევა სინუსიტის, რეტენციული კისტის ან ძვლოვანი დესტრუქციის შესახებ.

როდესაც საქმე ბანალურ სინუსიტს ეხება, ჩვენი რჩევაა შემოიფარგლოთ მხოლოდ ამ გამოკვლევით.

ფრონტალური წიაღის ანთების რადიოლოგიური დიაგნოსტიკის დროს, აუცილებელია გვახსოვდეს ამ წიაღის ხშირი აგენეზია – განუვითარებლობა.

ძგიდის გამრუდება, როგორც ჰაიმორის კისტას ეტიოლოგიური ფაქტორი

პრაქტიკაში ხშირად შეგხვდებათ გამოუცდელი კოლეგების მიერ დასმული ფრონტიტის დიაგნოზი აგენეზიის დროს.

როდესაც საქმე გვაქვს საეჭვო დიაგნოზთან ან მორეციდივე სინუსიტებთან – CT კვლევა შეუცვლელი ხდება. ამ შემთხვევაში, თვალსაჩინოა სინუსების და ცხვირის მიმდებარე ქსოვილების ანატომია და პათოლოგია.

კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით, შესაძლებელია დავადგინოთ ცხვირის ღრუს და დანამატი წიაღების ანატომიური ცვლილებები, რაც შესაძლო ეტიოლოგიური ფაქტორები გახლავთ ზოგიერთი დაავადების დროს. მაგალითად, ძგიდის გამრუდება და ამის გამო ჰაიმორის ბუნებრივ სავალზე ზეწოლა არის ქრონიკული ან მორეციდივე სინუსიტის მიზეზი.

მკურნალობა

სინუსიტის მკურნალობა დამოკიდებულია მისი დიაგნოსტირების პროცესში გამოვლენილ სიმპტომებზე და ეტიოლოგიურ ფაქტორებზე.

მედიკამენტოზური მკურნალობა ხშირად იძლევა შედეგს, თუმცა არც ისე იშვიათია რეციდივები. თუ ეტიოლოგიური ფაქტორი რაიმე ანატომიური პათოლოგიით არის გამოწვეული: პოლიპოზი, ძგიდის გამრუდება, კონხა ბულოზა, მაშინ, მკურნალობა გულისხმობს ანტიბიოტიკების გამოყენებას. კარგად მოქმედებს ცეფალოსპორინების მესამე თაობა (Suprax).

გამომდინარე იქიდან, რომ გამომწვევი ბაქტერიები ხშირად არის: Haemophilus, Pneumococcus, Streptococcus და ანაერობული ბაქტერიები, ანტიბიოტიკებთან ერთად, აუცილებლად ვიწყებთ სტეროიდულ თერაპიას Medrol. თუ არ არსებობს პირდაპირი უკუჩვენება (წყლულოვანი გასტრიტი, დიაბეტი, ალერგია სტეროიდზე), მიზანშეწონილია იმუნოთერაპიული პრეპარატების გამოყენება (RIBOMUNIL).

ასევე, ძალიან შედეგიანი გახლავთ სინუსების გამორეცხვა და ლაზეროთერაპია, 5-10 სეანსი.

ქირურგიული მკურნალობა

ამ მეთოდს ჩვენ იშვიათად მივმართავთ. მხოლოდ მაშინ, როდესაც მედიკამენტოზური მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდება და რეციდივი ხშირდება.

ან, როდესაც CT კვლევით აშკარა ხდება ანატომიური პათოლოგია, რომელიც აუცილებლად მოსაშორებელია.

ამ დროს შესაძლებელია გაკეთდეს:

— შუა მეატოტომია;
— ეთმოიდექტომია;
— სეპტოპლასტიკა ან უცხო სხეულის ამოკვეთა წიაღიდან;

ყველა ეს ქირურგიული ქმედება მიმართული იქნება სავარაუდო ეტიოლოგიური ფაქტორის მოსაცილებლად.

დიდი როლი შეიძლება დავუთმოთ ბალნეოლოგიურ პროცედურებს, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენთან აქტუალური აღარ არის უკვე მრავალი წელია და ახლა ახლიდან იდგამს ფეხს.

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები