ჯაყელი ყვარყვარე III

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ყვარყვარე III ჯაყელი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყვარყვარე III ჯაყელი – (გ. 1535). სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი 1516, 1516-35, ქაიხოსრო I-ის ძე.

მზეჭაბუკ ათაბაგის გარდაცვალების შემდეგ (1515) გაჩაღდა ბრძოლა ტახტისათვის, რომელსაც ერთმანეთს ეცილებოდნენ მზეჭაბუკის ძმა, პროოსმალური კურსის მიმდევარი მანუჩარი და მისი ძმისწული, ირანულია ორიენტაციის მქონე ყვარყვარე. 1515 წლის ბოლოს მანუჩარმა დაამარცხა ყვარყვარე და ათაბაგობას დაეუფლა. დამარცხებული ყვარყვარე III შაჰ-ისმაილ I-თან გაიქცა დახმარების სათხოვნელად, შაჰმა მას თავისი სარდალი დიე-სულთან რუმლუ გამოაყოლა. 1516 წლის დასაწყისში ყვარყვარე III-მ ყიზილბაშთა ლაშქრის დახმარებით სამფლობელო დაიბრუნა. მანუჩარი ბედს არ შერიგებია, მან ოსმალთა ჯარის დახმარებით სცადა სამთავროს კიდევ ერთხელ ხელში ჩაგდება, მაგრამ 1517 დიდ არტაანში გამართულ ბრძოლაში დამარცხდა. ყვარყვარე III-მ ტახტი განიმტკიცა.

1516 ყვარყვარე III-მ და დიე-სულთან რუმლუმ მანუჩარის მოკავშირე ქართლის სამეფოს წინააღმდეგ გაილაშქრეს და გორი და სურამი დაიპყრეს. ყვარყვარეს ღალატს და ყიზილბაშების ქართლში შემოჭრას ის შედეგი მოჰყვა, რომ 1513 გაერთიანებული ქართლ-კახეთის სამეფო კვლავ გაითიშა. 1520 ყვარყვარე III-ის, იმერეთის მეფე ბაგრატ III-ისა და გურიის მთავარ მამია I გურიელის აქტიური ჩარევითა და შუამდგომლობით ქართლის მეფე დავით X-მ კახეთის სამეფოს დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველოს გაერთიანების კიდევ ერთი ცდა მარცხით დამთავრდა.

1521 ყვარყვარე III-მ ქართლისა და კახეთის მეფეებთან ერთად თავი ირანის შაჰის ვასალად ცნო და „ბაჯო ხარაჯის“ გადახდა იკისრა. იმავე წელს ყვარყვარე III-მ პოლიტიკურის ორიენტაცია შეიცვალა და ოსმალეთთან დაკავშირება სცადა, მან ელჩის პირით ოსმალებს თავისი მორჩილება აუწყა. ყვარყვარემ შეწყნარება და შენდობა ითხოვა ირანის მოკავშირეობით ჩადენილი დანაშაულისათვის. ყვარყვარე III-ის მიერ დამპყრობლებს შორის წარმოებულს ლავირების კურსი და ორმაგი პოლიტიკური თამაში საქართველოს საერთო ინტერესებს საფრთხეს უქმნიდა, ამიტომ 1535 იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ და ქართლის მეფე ლუარსაბ I-მა სამცხე-საათაბაგოში ილაშქრეს. 1535 წლის 12 აგვისტოს მურჯახეთში გამართულ ბრძოლაში (ახალქალაქის ახლოს) ყვარყვარე III დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. ბაგრატ III-ე სამცხე-საათაბაგო იმერეთის სამეფოს შეუერთა. ყვარყვარე III ტყვეობაში გარდაიცვალა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები