შავკისერა მეღორღია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შავკისერა მეღორღია (ლათ. Oenanthe lugens Lichtenstein, 1823) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

შავკისერა მეღორღია პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 80-95 მმ-ია, კუდი 65-70 მმ, ნისკარტი – 12-15 მმ, წონა – 25-30 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაშიც სქესობრივი დიმორფიზმი საკმაოდ კარგადაა გამოხატული. თავი ზემოდან, კისერი და ზურგი მამალს მორუხო-მოჟანგისფრო ან ხშირად მოთეთრო აქვს; კუდზედა ბუმბულები თეთრია. თავისა და კისრის გვერდები, მხრები, ფრთების ზემო და ქვემო მფარავები, იღლია, ნიკაპი და ყელი შავია: სხეულის დანარჩენი ქვემო მხარე – თეთრი, მომქნევები შავია. საჭის შუა წყვილი ბუმბულების დაახლოებით ორი მესამედი შავია, ხოლო ძირის ნაწილი – თეთრი. საჭის დანარჩენი ბუმბულების დიდი ნაწილი თეთრია, მაგრამ ბოლო ნაწილში აქვთ ფართო შავი ზოლები. ნისკარტი და ფეხები შავია. დედალს ზურგის მხარე მორუხო-ქვიშისფერი აქვს, ფრთები – მურა. ქვემო მხარე უფრო ღია ფერისაა, ვიდრე ზურგის მხარე, განსაკუთრებით ყელზე და მუცლის შუა ნაწილში. ფეხები და ნისკარტიც უფრო ღია ფერის აქვს, ვიდრე მამალს.

აღწერილია 5 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება აღმოსავლური შავკისერა მეღორღია – O. l. barnesi Oates, 1890.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში – ალჟირს, ტუნისს, ტრიპოლს, ეგვიპტესა და ნუბიას; არაბეთის ჩრდილოეთ ნახევარს; მცირე აზიას, ირანს, ავღანეთს, ბელუჯისტანს და აღწევს დასავლეთ ინდოეთამდე. სსრ კავშირში მოიპოვება ამიერკავკასიაში, თურქმენეთში და ტაჯიკეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. არეალის სამხრეთ ნაწილში მობინადრეა, ხოლო ჩრდილოეთი ნაწილიდან დასაზამთრებლად მიფრინავს აფრიკაში, წინა აზიაში და ნაწილობრივ ინდოეთში. საქართველოს აღმოსავლეთ ზოგიერთ რაიონში მცირე რაოდენობით მობუდარია.

ბიოტოპი

ბინადრობს უნაყოფო, მცენარეულობით ღარიბ თიხნარიან ველებში, ქვა-ღორღიან ხევებში, მეტწილად დაბლობებში, იშვიათად მთის ფერდობებზეც, 1400 მ-მდე ზღვის დონიდან.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს მიწაზე, ხვრელებში, სოროებში, ნაპრალებში, ლოდებს შორის. წელიწადში მრავლდება ორჯერ. აპრილის შუა რიცხვებში და ივნისის დასაწყისში დებს 5 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 14 დღეს გრძელდება.

კვება

შავკისერა მეღორღიას საკვებს შეადგენენ მეტწილად ობობები და ღამის პეპლების ლარვები, აგრეთვე პატარა ზომის ხმელეთის სხვა უხერხემლო ორგანიზმები.

მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლოა, მაგრამ მცირერიცხოვნობის გამო პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები