შავშუბლა ღაჟო
შავშუბლა ღაჟო (ლათ. Lanius minor Gmelin, 1788) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ღაჟოსებრნი (Laniidae)
- გვარი − ღაჟო (Lanius)
შავშუბლა ღაჟო მოზრდილი ზომის ღაჟოა, ფრთა 110-125 მმ-ია, კუდი – 90-100 მმ, ნისკარტი – 13-16 მმ, წონა – 50-65 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში თითქმის არაა გამოხატული. ზრდასრული ფრინველის თავი ზემოდან, მანტია, ზურგი და კუდზედა ბუმბული რუხია. შუბლიდან თვალების ირგვლივ და ყურების მფარავებზე ფართო შავი ზოლი გადის. ფრთები შავია, მაგრამ პირველი რიგის მომქნევების ძირები თეთრია, რაც ფრთაზე საკმაოდ ფართო თეთრ „სარკეს“ წარმოქმნის. პირველი მომქნევი მოკლეა ან მტევნის მფარავების ტოლი. საჭის შუა ორი წყვილი ბუმბული შავია, მომდევნო ორ წყვილს თეთრი ძირები და წვეროები აქვთ. მე-5 წყვილი თეთრია, შავი ღეროთი და მუქი ლაქით შიგნითა მარაოზე, ხოლო კიდურა წყვილი თეთრია, მუქი ღეპეპებით. სხეულის ქვემო მხარე თეთრია, მორუხო-მოვარდისფრო ელფერით მეტწილად მკერდსა და გვერდებზე. დედალი ოდნავ მკრთალი ფერისაა, თორემ სხვა მხრივ მამლის მსგავსია. ფეხები და ნისკარტი შავია.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს შუა და სამხრეთ ევროპას, ჩრდილოეთით ბელგიამდე, რიგამდე და ფსკოვამდე (არ ბუდობს პირენეის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ბრიტანეთის კუნძულებზე, სარდინიასა და კორსიკაზე); მცირე აზიას, ირანს, შუა აზიას და ყაზახეთს – ჩრდილოეთით უფამდე, ომსკამდე და ბარნაულამდე, ხოლო აღმოსავლეთით – შავ ირტიშამდე და კულუნდამდე. ზამთარს ატარებს აფრიკაში, ეკვატორის სამხრეთით. საქართველოში ბუდობს უპირატესად აღმოსავლეთ რაიონებში, ხოლო დასავლეთ საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის პერიოდებში.
ბიოტოპი
სახლდება უპირატესად ტყის ნაპირებთან, ბუჩქებში, ბაღებში, ტყის კორომებში, პარკებში, სადაც ტყე და მინდვრები მონაცვლეობენ. ვერტიკალურად ვრცელდება 1100 მ-მდე ზღვის დონიდან.
გამრავლება
ბუდეს იკეთებს ნაირგვარი ფოთლოვან ხეებსა და ბუჩქებზე. მაისის მეორე ნახევარში დებს 3-7 კვერცხს. კრუხად ჯდება მეტწილად დედალი. საინკუბაციო პერიოდი 15 დღეს გრძელდება.
კვება
ზოოფაგი ფრინველია. ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, იკვებება მხოლოდ მწერებით – ხოჭოებით, სწორფრთიანებით, ორფრთიანებით, პეპლებით. იშვიათად ჭამს ხმელეთის მოლუსკებს, პატარა ზომის ფრინველებსა და ძღრღნელებს. შემჩნეულია კენკრით კვებაც.
მნიშვნელობა
მრავალი მავნე მწერის განადგურებით სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.