შავჩიჩახვა ღორიხვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შავჩიჩახვა ღორიხვა (Gavia arctica Linnaeus, 1758)წითელჩიჩახვა ღორიხვაზე დიდი ზომისაა, ფრთა 270-360 მმ-ია, ნისკარტი − 45-70 მმ, წონა მამლისა 3,5 კგ, ხოლო დედლისა − 2,5 კგ-მდე. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი არაა გამოხატული. ზრდასრული ფრინველის დორსალური მხარე გამრავლების პერიოდში უმეტესად შავია, მომწვანო-იისფერი ელვარებით და ზურგზე ფართო თეთრი ლაქებით. თავისა და კისრის ზედა მხარე კი ნაცრისფერია. ყელი და კისრის წინა მხარის ზემო ნაწილი შავია, მომწვანო-მეწამული ელვარებით.
შავჩიჩახვა ღორიხვა
ყელის უკანა ნაწილში განივად თეთრი წინწკლებია განლაგებული, ხოლო კისრის გვერდებზე გასწვრივი თეთრი ზოლების მწკრივებია. ნისკარტი შავია. ფეხები გარეთა მხარეს შავია, ხოლო შიგნითა მხარეს − მოცისფრო-რუხი. ზამთარში სხეულის დორსალური მხარე მურა-მოშავოა. თავი და კისერი ზემოდან მურა ფერისაა. ვენტრალური მხარე, ლოყების და კისრის წინა ნაწილის ჩათვლით თეთრია. კისრისა და სხეულის გვერდები მურაა. კუდის ქვემო მფარავებზე არის მუქი მურა ფერის განივი ზოლები.

აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ევროპული შავჩიჩახვა ღორიხვა − G. a. arctica Linn., 1758.

სარჩევი

 [დამალვა
გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის არქტიკულ, სუბარქტიკულ და ბორეალურ ზონებს. ევროპაში სამხრეთით სსრკ შუა ზოლამდე, აზიაში − ბალხაშამდე, ჩრდილო-დასავლეთ მონგოლეთამდე და სახალინამდე. ჩრდილოეთით მოიპოვება კონტინენტის ფარგლებში და ყინულოვანი ოკეანის კუნძულებზე. ამერიკაში − გრენლანდია, ბრიტანეთის კოლუმბია და ჩრდილო-დასავლეთი ალასკა. ზამთრობით არარეგულარულად მოიპოვება შუა ევროპამდე, შავ და კასპიის ზღვებამდე. საქართველოში გვხვდება ზამთრობით.

ბიოტოპი

ბუდობის პერიოდში ბინადრობს კონტინენტურ წყალსატევებზე, ბარისა თუ მთების ტბებზე, ხოლო ზამთრობით − ზღვების სანაპირო ზოლში.

გამრავლება

ტიხტიხი ტუნდრაში იწყება მაისის ბოლოს. უფრო სამხრეთით − ერთი თვით ადრე. ბუდეს იკეთებს მიწაზე, წყლის უშუალო სიახლოვეს. ბუდე მარტივია, ზოგჯერ ამოფენილია მცენარეული მასალით. გამონაკლის შემთხვევაში აკეთებს მცურავ ბუდესაც. ბუდობა შუა ზოლში აპრილის შუა რიცხვებში, სამხრეთით, ბალხაშზე − აპრილის ბოლოს, ტუნდრაში − ივნისის შუა რიცხვებში. ამგვარად, გამრავლების თარიღები განსხვავებულია ზონალობის მიხედვით, რაც დამოკიდებულია წყალსატევების ყინულისაგან განთავისუფლების ვადებზე. დებს 1-2, იშვიათად 3 კვერცხს. კვერცხებს დებს 48 საათის შუალედებით. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 25 დღემდე აღწევს.

კვება

ძირითადი საკვებია თევზები, რომელთაც მოიპოვებს ჩაყვინთვით. წყლის ქვეშ შეუძლია გაძლოს 2 წუთს. ამ დროს ცურავს არა მარტო ფეხების დახმარებით, არამედ ზოგჯერ იშველიებს ფრთებსაც. დამატებით საკვებს წარმოადგენს ნაირგვარი უხერხემლოები.

მნიშვნელობა

შავჩიჩახვა ღორიხვას პრაქტიკული მნიშვნელობა დიდი არაა. ზოგჯერ, როცა იგი ბევრია წყალსატევზე, შეუძლია ზიანის მოტანა თევზის მეურნეობისათვის. მასზე იშვიათად ნადირობენ, უმთავრესად ტყავისათვის და არა ხორცისათვის, რომელიც მდარე ხარისხისაა.


იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები