წითელჩიჩახვა ღორიხვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წითელჩიჩახვა ღორიხვა (Gavia stellata Pontopidan, 1763) – საკმაოდ დიდი ზომის ფრინველია, თუმცა ღორიხვებს შორის ყველაზე პატარაა. ფრთა 260-310 მმ-ია, ნისკარტი — 45-60 მმ, მამლის წონა საშუალოდ 2 კგ-მდეა. ზოგიერთი ეგზემპლარი 2,5 კგ-საც აღწევს. დედალი 200-300 გ-ით ნაკლებია. სქესთა შორის შეფერილობაში განსხვავება შეუმჩნეველია. გამრავლების პერიოდში ზრდასრული ფრინველის თავი ზემოდან ნაცრისფერია, მაგრამ ბუმბულების ღეპეპების გასწვრივ მუქი შეფერილობა სიჭრელეს ქმნის.
წითელჩიჩახვა ღორიხვა
კისრის ზემო ნაწილი შავია, მომწვანო მეტალური ელვარებით და გასწვრივი თეთრი ზოლებით. ზურგი და ფრთის ზემო მფარავები მოწაბლისფრო-რუხია, წვრილი თეთრი წინწკლებით. კისრის წინა ნაწილში დიდი სამკუთხა ფორმის მოწაბლისფრო ლაქაა. მუცლის მხარე თეთრია. ჩიჩახვისა და მუცლის გვერდებზე მურა ფერის წინწკლებია. მომქნევები და საჭის ბუმბულები მუქი მურაა. ფრთის ქვემო მფარავები თეთრია. თეთრია იღლიაც, მაგრამ ახლავს მუქი-მურა ზოლები. ნისკარტი შავია, ფეხები მწვანო-შავი, შიგნითა მხარეს მოყვითალო-ვარდისფერი ელფერით.

ზამთრის შეფერილობა განსხვავებულია. თავი და კისერი ზემოდან დაფარულია მოთეთრო-რუხი არშიით შემოვლებული ბუმბულებით, რომელთაც ღეპეპების გასწვრივ მუქი მურა ხალები აქვთ. კისერზე მეტალური ელვარება აღარაა. ზურგისა და ფრთების ზემო მფარავები: მუქი მურა ფერისაა, მაგრამ ყოველ ბუმბულს წვეროზე თეთრი ლაქა აქვს. მთელი ვენტრალური მხარე თეთრია.

საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი წითელჩიჩახვა ღორიხვა — G. s. stellata Pont., 1763.

სარჩევი

 [დამალვა
გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის სუბარქტიკულსა და ბორეალურ ზოლებს. ჩრდილოეთით ვრცელდება ყინულოვანი ოკეანის კუნძულებამდე, ხოლო სამხრეთით — 57-59-ე პარალელებამდე. ზამთრობით ინაცვლებს სამხრეთით ჩინეთამდე, შავ და ხმელთაშუა ზღვებამდე, ფლორიდამდე და კალიფორნიამდე. საქართველოში იშვიათი მოზამთრე ფრინველია და შეიძლება შეგვხვდეს როგორც შავი ზღვის, ისე შიდა წყალსატევების სანაპიროებზე.

ბიოტოპი

ბუდობის პერიოდში ტუნდრისა და ტაიგის ჩრდილოეთი ზოლის ტბები, რომელთა ნაპირები მცირე დახრილობისაა და მცენარეებითაა დაფარული. გადაფრენის დროს და ზამთარში — როგორც ზღვების სანაპიროები, ისე შიდა წყალსატევები.

გამრავლება

მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში მიმდინარეობს ტიხტიხი. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ახლოს წყალსატევის სანაპირო ხაზთან, მარტივს ან ამოფენილს წყლის მცენარეებით. ივნისის პირველ ნახევარში დებს 2, ზოგჯერ მხოლოდ ერთ კვერცხს. კრუხად ჯდება მორიგეობით ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 25 დღემდე გრძელდება. ახალგამოჩეკილებს 10-12 საათის შემდეგ შეუძლიათ ცურვა.

კვება

წითელჩიჩახვა ღორიხვას ძირითადი საკვებია თევზები, რომელთაც ის იჭერს ჩაყვინთვით. დამატებით საკვებს წარმოადგენს მოლუსკები, კიბოსნაირები, ქვირითი, წყლის მწერები. გაზაფხულზე ჭამს წყლის მცენარეთა ნაწილებსაც.

მნიშვნელობა

დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.


იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები