შაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შაკი

შაკი (ლათ. Pandion haliaëtus Linnaeus, 1758) – ფრინველთა გვარი ქორისებრთა ოჯახისა შავარდნისნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − შაკი.

საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 450-515 მმ-ია, კუდი − 215-230 მმ, წონა − 1300-1900 გ. დედალი ცოტათი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. დამახასიათებელია: გრძელი ფრთები, შედარებით მოკლე კუდი, მუცლის ბუმბულებს გვერდითი (დამატებითი) ღეროები არა აქვთ; მკვეთრად მოხრილი ნისკარტი გრძელი კაუჭით ბოლოვდება; თათი მსხვილი და ძლიერია, გალო − მოკლე; წვივზე წაგრძელებული ბუმბულები (საჩერნე) არა აქვს; ბრჭყალები გრძელი და მახვილია, თითები ქვემო მხრიდან ხორკლიანი. გარეთა თითი შებრუნებულია. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მუქი მურაა, მხოლოდ თავია მოჟანგისფრო-თეთრი, რომელზედაც ფართო მურა ლაქები შუბლიდან კეფისაკენ მიდის. მუქი მურა ზოლები გადის აგრეთვე თვალებსა და ყურებზე. მთელი ქვემო მხარე მოცვილისფრო-თეთრია, მაგრამ ჩიჩახვზე მუქი ლაქებია; ფრთებისქვეშა ბუმბულები ნათელი ფერისაა; მომქნევები ზემოდან მურაა, კუდზე განივი ზოლებით. ახალგაზრდებს ზურგის მხარეს ჟანგმიწისფერი არშიები აქვთ, განსაკუთრებით მხრებსა და ფრთების მფარავებზე. ნისკარტი ძირში მოლურჯოა, ხოლო წვეროში − მოშავო; ცვილანა და ფეხები რუხია, ბრჭყალები — შავი.

ცნობილია 5 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი შაკი — P. h. haliaëtus Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მეტად ფართოა. იგი მოიცავს თითქმის მთელ ევროპასა და აზიას — ჩრდილოეთით ტყის ზონის საზღვრამდე, სამხრეთით − ინდოეთამდე და ფილიპინის კუნძულებამდე (უდაბნოების გამოკლებით); აფრიკაში მოიპოვება ალჟირსა და ტუნისში, აგრეთვე მეწამული ზღვის მახლობლად სომალიმდე; მწვანე კონცხის კუნძულებზე; შემდეგ ინდო-ავსტრალიის არქიპელაგზე და ავსტრალიაში; ჩრდილოეთ და ნაწილობრივ სამხრეთ ამერიკაში. არეალის ჩრდილოეთი ნაწილიდან გადამფრენია. ევროპისა და აზიის პოპულაციები ზამთრობენ აფრიკისა და აზიის სამხრეთ ნაწილებში; ამერიკისა — ჩრდილოეთი ამერიკის სამხრეთ ნაწილსა და ცენტრალურ ამერიკაში. საქართველოში ცნობილია როგორც მობინადრე ფრინველი. საქართველოში მეტად იშვიათია, გვხვდება ჯავახეთის, ერწოსა და პალიასტომის ტბებთან, მდინარე ჭოროხის შესართავთან და სხვ. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ-მდე ზღვის დონიდან. მოფრინავს ჩვენში მარტში, ხოლო მიფრინავს ოქტომბრის შუა რიცხვებისათვის.

ბიოტოპი

ბინადრობს თევზებით მდიდარი წყალსატევების მახლობელ ტყიან ადგილებში, სადაც ამავე დროს შესაფერისი პირობებია ბუდობისათვის.

გამრავლება

ბინადრობს მაღალი ხეებით გარშემორტყმული გამჭვირვალეწყლიანი, თევზით მდიდარი წყალსატევებთან. აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში დებს 2-3 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი, მაგრამ უფრო მეტხანს − დედალი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 35 დღემდე აღწევს.

კვება

სტენოფაგი ფრინველია, იკვებება ძირითადად თევზებით. იჭერს საშუალო ზომის თევზს, წონით 2-3 კგ-მდე. თევზს იჭერს ფრენიდან პირდაპირ ჩაყვინთვით. ამიტომ წყალი გამჭირვალე უნდა იყოს. როცა თევზი ცოტაა ან წყალი ამღვრეულია, შაკი ჭამს ამფიბიებს, თაგვისებურ მღრღნელებს და ზოგიერთ ფრინველსაც.

მნიშვნელობა

თევზის მეურნეობისათვის შეუძლია გარკვეული ზიანის მიყენება, მაგრამ მისი რიცხობრიობა იმდენად მცირეა, რომ პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ აქვს. საქართველოს წითელ წიგნში შესულია როგორც გადაშენების პირას მისული სახეობა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები