შეფარდებითი უპირატესობის თეორია
შეფარდებითი უპირატესობის თეორია - (theory of comparative advantage), თეორია, რომლის მიხედვითაც ქვეყანა უნდა სპეციალდებოდეს იმ საქონლის წარმოებასა და ექსპორტზე, რომლის დამზადებაც შეიძლება შედარებით დაბალი დანახარჯებით. ამ შემთხვევაში მისთვის ხელსაყრელია იმ საქონლის იმპორტირება, რომლის დანახარჯებიც ადგილზე შედარებით მაღალია.
შეფარდებითი უპირატესობის თეორია, რომელიც წარმოადგენს ქვეყნების (აგრეთვე ცალკეული პიროვნებების) სპეციალიზაციის საფუძველს, ამასთან, თავისუფალი ვაჭრობის ქვაკუთხედს, ახსნა დევიდ რიკარდომ ადამ სმითის აბსოლუტური უპირატესობის თეორიის განვითარების შედეგად შემდეგ მაგალითზე: პორტუგალიას ერთი გალონი ღვინის საწარმოებლად სჭირდება 80 სამუშაო საათი, ხოლო ერთი მლნ იარდი მაუდის დასამზადებლად - 90 სამუშაო საათი, ინგლისს კი, შესაბამისად, 120 და 100 სამუშაო საათი.
წარმოებისათვის აუცილებელი სამუშაო საათების რაოდენობა
პორტუგალია | ინგლისი | |
---|---|---|
ერთი გალონი ღვინო | 80 | 120 |
ერთი იარდი მაუდი | 90 | 100 |
ამრიგად, პორტუგალიას აქვს აბსოლუტური უპირატესობა ორივე საქონლის წარმოებაში, ვინაიდან პორტუგალიაში ამისათვის ნაკლები ხარჯებია საჭირო, ვიდრე ინგლისში. პორტუგალიას აქვს შეფარდებითი უპირატესობა ღვინის წარმოებაში, ვინაიდან პორტუგალიური ღვინის წარმოების ხარჯების თანაფარდობა ინგლისთან ტოლია 80 : 120 და იგი ნაკლებია მაუდის ანალოგიურ თანაფარდობაზე, რომელიც ტოლია 90 : 100. თუ პორტუგალია დასპეციალდება შეფარდებითი უპირატესობის შესაბამისად, მაშინ ყოველ არაწარმოებულ იარდ მაუდზე მას შეუძლია მიიღოს 1 და 1/8 გალონი ღვინო, ვინაიდან როგორც ერთის, ისე მეორის საწარმოებლად საჭიროა 90 სამუშაო საათი. პორტუგალიას შეუძლია გაცვალოს თავისი 1 და 1/8 გალონი ღვინო იმავე რაოდენობის იარდ მაუდზე. ამრიგად, პორტუგალიას 90 სამუშაო საათის განმავლობაში შეუძლია ან თვითონ აწარმოოს ერთი იარდი მაუდი, ან შემოვლითი გზით მიიღოს 1 და 1/8 იარდი მაუდი. პორტუგალიის აბსოლუტური უპირატესობის მიუხედავად, ინგლისსაც ასევე შეუძლია მიიღოს მოგება საგარეო ვაჭრობით. ყოველი გალონი ღვინო, რომელიც არ იქნა წარმოებული ინგლისში, ე.ი. 120 სამუშაო საათი, საშუალებას მისცემს მას, აწარმოოს 1 და 1/5 იარდი მაუდი, რომელიც საგარეო ვაჭრობის მეშვეობით შეიძლება გარდაიქმნას 1 და 1/5 გალონ ღვინოდ.
შეფარდებითი უპირატესობა ხელს უწყობს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას. როდესაც ესა თუ ის ქვეყანა უშვებს იმ საქონელს, რომლის წარმოებაც სხვებზე ნაკლები ხარჯებით შეუძლია, მაშინ მოგებულია როგორც ეს ქვეყანა, ისე მთელი საზოგადოება, რადგან იქმნება ერთი და იმავე რაოდენობის რესურსების ხარჯვით მეტი საქონლის წარმოების შესაძლებლობა.
თანამედროვე პირობებში საგარეო ვაჭრობისაგან სარგებლობის მიღების აუცილებელი პირობაა სხვადასხვა ქვეყანაში ფასების განსხვავებული თანაფარდობა.