შვილობილი კომპანია
შვილობილი კომპანია - (subsidiary company) - სათავო კომპანიის კონტროლით მომუშავე ფილიალი, სადაც კონტროლი ხორციელდება მონაწილეობის სისტემის მეშვეობით, ე.ი. სათავო კომპანია, როგორც ჰოლდინგის როლში მყოფი საზოგადოება, ფლობს შვილობილი კომპანიების აქციების საკონტროლო პაკეტებს. შვილობილ კომპანიებს აქვთ დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსი. მათი რეგისტრირება ხდება მოცემული ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, ადგილსამყოფელის მიხედვით და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, სად არის დაფუძნებული სათავო კომპანია. შ
ვილობილი კომპანია ორგანიზებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფორმით, ე.ი. გაკოტრების ან გადახდისუუნარობის შემთხვევაში იგი თავის ვალდებულებებს ფარავს არა მესაკუთრის, არამედ მხოლოდ კომპანიის ქონებით. ზოგჯერ შვილობილი კომპანიები მათს დაქვემდებარებაში არსებული შვილიშვილი საზოგადოებების განყოფილებების აქციების საკონტროლო პაკეტებსაც ფლობენ.
შვილობილ კომპანიებს აქვთ დამოუკიდებელი საბუღალტრო ბალანსი და საფინანსო დოკუმენტები, ფართო უფლებებით სარგებლობენ საკუთარი მოგების განაწილებაში, მათი რეინვესტიციის ჩათვლით.
დასავლეთში ტრანსეროვნული კორპორაციების უმრავლესობა ათობით და ასობითაც ფლობს შვილობილ კომპანიებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაშია განლაგებული. შვილობილი კომპანია შეიძლება იყოს სათავო კომპანიის სრულ საკუთრებაში, სხვადასხვა ქვეყნის კომპანიების შერეულ საკუთრებაში ან უცხოური ფირმების კერძო საკუთრებაში.
ფუნქციონალური ნიშნის მიხედვით, შვილობილი კომპანიები იყოფა საბაზო (ასრულებს ტრანსეროვნულ კორპორაციებში შიდა კორპორაციული ჰოლდინგების როლს), საექსპორტო, საფინანსო, მეცნიერულ-ტექნიკურ და სხვა განყოფილებებად. შვილობილი კომპანიის დამოუკიდებლობის ხარისხი ძალზე მაღალია წარმოებისა და გასაღების სფეროებში, მაშინ როდესაც კაპიტალდაბანდებების, ფინანსების, საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების წარმართვის, გადასახადების გადახდის საკითხებს სათავო კომპანია წყვეტს.