შოშია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შოშია

შოშია (შროშანი) (ლათ. Sturnus vulgaris Linnaeus, 1758) − ფრინველი, ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − შოშია (შროშანი).

შოშია საშუალო ზომის ბეღურასნაირი ფრინველია, ფრთა 120-135 მმ-ია, კუდი – 60-70 მმ, ნისკარტი – 25-30 მმ, წონა – 70-95 გ. მამალი ცოტათი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება უმნიშვნელოა. ზრდასრული მამალი გამრავლების პერიოდში შავია, მეწამული, მომწვანო და იისფერი მეტალური ელვარებით. ყელისა და მკერდის გარდა მთელ სხეულზე მცირე რაოდენობის თეთრი ან ჟანგმიწისფერი წინწკლები და ბუმბულებზე არშიებია, რაც ბუდობის პერიოდის დამთავრების დროისათვის ქრება. ფრთის ქვეშა ბუმბულებიც შავია, ვიწრო თეთრი ან ფართო ჟანგმიწისფერი არშიებით. ზრდასრული დედალი მამლის მსგავსია, მაგრამ უფრო მკრთალია და ხშირად მეტალური ელვარებაც რამდენადმე სხვანაირია. შემოდგომის განგურის შემდეგ ძალიან ვითარდება ბუმბულების თეთრი არშიები, რომლებიც კოპლებს წარმოქმნიან. ნისკარტი გაზაფხულზე და ზაფხულში, ივლისის ბოლომდე, ლიმონისფერ-ყვითელია, ხოლო შემდეგ – შავი. ფეხები მოწითალო-მურაა.

აღწერილია 14-დან 19-მდე ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება: ჩვეულებრივი შოშია – S. v. vulgaris Linn., 1758, კავკასიური შოშია – S. v. caucasicus Lorenz, 1887 და ანატოლიური შოშია – S. v. purpurascens Gould, 1869.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: დასავლეთით აზორის, ფარერისა და ბრიტანეთის კუნძულებს, აღმოსავლეთით ბაიკალისპირეთამდე; ჩრდილოეთითნორვეგიაში 71-ე, ხოლო შვეციასა და ფინეთში 65-ე პარალელებამდე, შემდეგ თეთრ ზღვამდე, სურგუთამდე და ენისეისკამდე; სამხრეთით – ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე და ევროპის სანაპიროებზე, სამხრეთ იტალიის გამოკლებით; მოიპოვება მცირე აზიაში, სირიაში, ირანში (გარდა ბელუჯისტანისა), ავღანეთში, ქაშმირში, ნეპალში და ჩრდილო-დასავლეთ მონგოლეთში. არეალის ჩრდილოეთი რაიონებიდან გადამფრენია, ხოლო სამხრეთში – მობინადრე. ზამთრობს ბუდობის არეალის სამხრეთ ნაწილში, აქა-იქ კიდეც სცილდება მას. საქართველოში მობინადრე, ნაწილობრივ მომთაბარეა: კავკასიური შოშია – აღმოსავლეთ რაიონებში, ხოლო ანატოლიური შოშია – დასავლეთ რაიონებში. ჩვეულებრივი შოშია ხოლო მრავლადაა მიმოფრენის დროს, ხოლო მცირე რაოდენობით – ზამთარშიც.

ბიოტოპი

შოშია ბინადრობს მეჩხერ ტყეში, ტყე-ველებში, ბუჩქნარიან ველებში, მთების ქვემო და შუა ზოლში. ყველგან ეტანება კულტურულ ლანდშაფტს და წყალსატევების სანაპიროებს. ხშირად მოიპოვება დასახლებულ პუნქტებში, ბაღებსა და პარკებში, სადაც არის ხემცენარეები და წყალი.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ხშირად ბუდობს განცალკევებულ წყვილებად, მაგრამ შესაფერის პირობებში ქმნის საკმაოდ რიცხვმრავალ კოლონიებსაც. ბუდეს იკეთებს ხის ფუღუროში, სოროებში, კლდეებისა თუ ფლატეების ნაპრალებში, ნაირგვარი შენობების სახურავებს ქვეშ, ხელოვნურ საბუდარებში. წელიწადში მრავლდება ორჯერ. პირველი გამრავლება მიმდინარეობს აპრილ-მაისში, ხოლო მეორე – ივნისის მეორე ნახევრიდან და ივლისში. დებს 49 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი. საინკუბაციო პერიოდი 12-14 დღეს გრძელდება.

კვება

შოშიას ძირითად საკვებს შეადგენენ ნაირგვარი უხერხემლო ცხოველები, მათ შორის დიდი უმრავლესობა სოფლის მეურნეობისათვის მავნე მწერია. ცხოველური საკვებით იკვებება მთელი წლის განმავლობაში, არა მარტო ბუდობის, არამედ ზამთრობის ადგილებშიც. ზაფხულსა და შემოდგომით ჭამს კენკრასაც.

მნიშვნელობა

მავნე მწერების მასობრივად განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის. დიდია ამ ფრინველის ესთეტიკური მნიშვნელობაც ადამიანის მახლობლად ბინადრობისა და სასიამოვნო გალობის გამო.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები