შპალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შპალი (განძელი) (ნიდერლ. spalk საბჯენი, ბოძკინტი, საკავი) – ხის, რკინაბეტონის ან ლითონის ძელი, რომელსაც გარდიგარდმო აგებენ რკინიგზის ვაკისზე რელსების საყრდენად.

შპალი ორგვარია: ფართოლიანდაგიანი და ვიწროლიანდაგიანი რკინიგზისათვის. ფართოლიანდაგიანი რკინიგზისშპალი სამი ტიპისაა: I – მთავარი გზებისათვის, II – სასადგურე და მისასვლელი გზებისათვის და III – სამრეწველო ობიექტების ნაკლებად დატვირთული მისა-სვლელი გზებისათვის. შპალი შეიძლება იყოს ნაშურიანი, ჩამოხერხილი მხოლოდ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეზე და სუფთა, ჩამოხერხილი ოთხივე მხარეზე.

საქართველოს რკინიგზაში გამოყენებული შპალის ზომები შემდეგია:
I ტიპი – სისქე 180 მმ, ზედა ფენის სიგანე – 165 მმ, ქვედასი – 250 მმ.
II ტიპი – სისქე 160 მმ, ზედა ფენის სიგანე ტოლია სისქის, ხოლო ქვედა ფენის სიგანეა 230 მმ.
III ტიპი – შპალის სისქე და ზედა ფენის სიგანე შეადგენს 150 მმ, ქვედა ფენისა კი – 230 მმ.
ლიანდაგებს შორის არსებულ ზომაზე (1524 მმ) დამოკიდებულებით შპილის სიგრძე აიღება 2750 მმ, თუმცა მძიმე პირობებში მომუშავე უბნებისათვის შესაძლებელია ქარხანას შევუკვეთოთ შპალი, სიგრძით 2800 მმ; ხოლო იმ უბნებისათვის, სადაც ფართო და ვიწროლიანდაგიანი რკინიგზები შეთავსებულია – 3000 მმ. გადახრა ზომებში დასაშვებია: სისქეში 5 მმ, სიგრძეში 20 მმ. ტენიანობა არ უნდა იყოს 22%-ზე მეტი.შპალის დასამზადებლად გამოიყენება კუნძი.

რკინაბეტონის შპალი

ცვლადი კვეთის რკინაბეტონის კოჭი, რომელსაც ზედა მხარეს აქვს მოედნები რელსების დასაყენებლად, აგრეთვე ხვრელები სამაგრი ჭანჭიკებისათვის. მზადდება წინასწარ დაძაბული არმატურით. გამოირჩევა მაღალი მექანიკური სიმტკიცითა და ხანგამძლეობით. მის ფართო გამოყენებას ხელს უშლის მაღალი სიხისტე, ფასი და დიდი წონა, აგრეთვე ბეტონის შედარებით ცუდი მუშაობა დინამიკურ დატვირთვებზე და დაღლილობითი რღვევა. ძირითადად გამოიყენება მძიმედ დატვირთულ სამრეწველო უბნებზე.

ფოლადის შპალი

შპალი, დამზადებული ნაღუნი ფოლადის პროფილებისგან. გამოირჩევა სიმსუბუქით. გამოიყენება დროებითი მისასვლელი გზების, სამრეწველო წარმოებების რკინიგზის განშტოებებისათვის, დომენისა და ფოლადსადნობ ქარხნებში ისეთ უბნებზე, სადაც მაღალი ტემპერატურის გამო ხის შპალები იწვის, ხოლო რკინაბეტონის – განიცდის განშრევებას. გავრცელებულია მშრალი კლიმატის მქონე ქვეყნებში (მაროკო, ალჟირი, საუდის არაბეთი), რადგან იქ ფოლადის კოროზიის საშიშროება შედარებით ნაკლებია სხვა ქვეყნებთან შედარებით. ფოლადის შპალები საშუალებას იძლევა მოძრავი შემადგენლობის ღერძზე დატვირთვა გავზარდოთ 60 ტონამდე (ხის და რკინაბეტონის შპალებისათვის – 25 ტ).





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები