შუა ევროპა
შუა ევროპა – მოიცავს საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც განიხილება საკუთრივ ცენტრალური ევროპა და მის განედებში დასავლეთ ოკეანისპირა ტერიტორია მიმდებარე ბრიტანეთის კუნძულებით. ამ ვრცელი რეგიონის ბუნების საერთო ნიშნებს და ხასიათს განსაზღვრავს ზომიერი სარტყლის შუა და სამხრეთ განედებში, უმეტესად ზღვიური ჰავის ოლქში მდებარეობა და მრავალფეროვანი ვაკე-მთაგორიანი რელიეფი.
რეგიონი კონტინენტის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ნაწილია, ინდუსტრიული განვითარების ყველაზე მაღალი დონით, რის გამოც ველური ბუნება ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ძლიერ სახეშეცვლილია.
ზომიერი ზღვიური ბუნების საერთო ნიშნების ფონზე მრავალფეროვანი რელიეფის და ტერიტორიის მნიშვნელოვანი განფენილობის პირობებში შუა ევროპის ფარგლებში გამოიყოფა ფიზიკურ-გეოგრაფიულად ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავებული რეგიონები: ბრიტანეთის კუნძულები, შუა ევროპის ვაკე, ჰერცინული ევროპა, ალპების მთიანი ქვეყანა, კარპატები და დუნაისპირა ვაკეები.