ბრიტანეთის კუნძულები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრიტანეთის კუნძულები – ბრიტანეთის კუნძულების არქიპელაგში შედის ორი დიდი კუნძული – დიდი ბრიტანეთი და ირლანდია და მრავალრიცხოვანი შედარებით წვრილი კუნძულები – შიდა და გარე ჰებრიდის, ორკნეის, შეტლანდის და სხვა.

არქიპელაგის საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 325 ათას კმ2, აქედან 230 ათასი კმ2 უკავია კუნძულ დიდ ბრიტანეთს, ხოლო 84 ათასი –კუნძულ ირლანდიას. არქიპელაგის ტერიტორიაზე ორი სახელმწიფო მდებარეობს — დიდი ბრიტანეთი და ირლანდია.

ბრიტანეთის კუნძულების ხასიათს განსაზღვრავს მისი ზომიერი სარტყლის ზღვიურ კლიმატურ ოლქში, ჩრდილო ატლანტური თბილი დინების უშუალო ზეგავლენის სფეროში, დასავლეთის ციკლონური ქარების ერთ-ერთ მთავარ გზაზე მდებარეობა და კუნძულოვანი განგითარება. მნიშვნელოვანი ლანდშაფტწარმომქმნელი ფაქტორია ტერიტორიის გეოლოგიური განვითარების ისტორია და მასთან დაკაშირებული ტექტონიკური აგებულება.

რეგიონის ტერიტორია კონტინენტის და მთლიანად ლანდშაფტური გარსის ფარგლებში გამოირჩევა ველური ბუნების ძლიერი ანთროპოგენური ტრანსფორმაციით.

ბრიტანეთის კუნძულები კონტინენტური წარმოშობისაა და მთლიანად შელფზე მდებარეობს. სანაპირო წყლების სიღრმე თითქმის არსად არ აღემატება 200 მ. კონტინენტთან სახმელეთო კავშირი საბოლოოდ ახლო გეოლოგიურ წარსულში გაწყდა, რის გამოც მისი ლანდშაფტები გარკვეულწილად იმეორებს კონტინენტის სანაპირო რაიონების ბუნების ნიშნებს. ლა-მანშ-პა-დე-კალეს სრუტეების, რომლებიც არქიპელაგს გამოყოფენ კონტინენტისაგან და ჩრდილოეთის ზღვას ატლანტის ოკეანესთან აკავშირებენ, ფსკერზე შემორჩენილია ძველ მდინარეთა ხეობები.

სარჩევი

რელიეფი

ბრიტანეთის კუნძულები ხასიათდება საკმაოდ მრავალფეროვანი მთაგორიანი რელიეფით, რომელიც ჩამოყალიბდა პალეოზოური ნაოჭა სტრუქტურების (უმეტესად ჰერცინული) ნეოტექტონიკური მოძრაობის მიერ ძლიერი გარდაქმნის და ეგზოგენური პროცესების მოქმედებით. ამ უკანასკნელიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ეროზიული პროცესების და ძველი (პლეისტოცენური) გამყინვარების როლი.

რეგიონის რელიეფში შერწყმულია დაბალი ლოდა მთიანი მასივები (ქვეყნის უმაღლესი წერტილი ბენ-ნევისის მასივზე 1343 მ) და მათი გამყოფი ღრმულები და აკუმულაციური ვაკეები, რომლებიც შეესატყვისებიან პალეოზოური ნაოჭა სტრუქტურების დაძირვის და გაღუნვის უბნებს.


კუნძულების სანაპირო ძლიერ არის დანაწევრებული, განსაკუთრებით კუნძულ დიდი ბრიტანეთის ჩრდილო-დასავლეთ მხარეზე ფიორდების მიერ, ხოლო კუნძულ ირლანდიის დასავლეთ სანაპიროზე განვითარებულია რიასული სანაპირო. კუნძულ დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კორნუოლის და უელსის ნახევარკუნძულებს შორის ხმელეთში ღრმად (230 კმ-ზე) იჭრება ბრისტოლის გრა-რაბენული ყურე.

ძირითადი ოროგრაფიული ერთეულები

კუნძულ დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთი ნაწილი უკავია ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიანეთს, რომელიც უმეტესად აგებულია კალედონური ნაოჭა სტრუქტურებით. გლენ-მორის ტექტონიკური ღრმული მას ყოფს ორ ნაწილად: ჩრდილოეთი მთიანეთი და გრამპიანის მთები, რომელზეც აღიმართება ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი ბენ-ნევისი (1343 მ). გლენ-მორის ღრმულზე გაჭრილია კალედონური არხი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს შოტლანდიის დასავლეთ და აღმოსავლეთ ყურეებს. ახლო გეოლოგიურ წარსულში ტექტონიკური რღვევების გაჩენით შოტლანდიის მთიანეთის ჩრდილოეთი ნაწილი გამოეყო კუნძულ დიდ ბრიტანეთს და მისგან წარმოიქმნა შიდა და გარე ჰებრიდის კუნძულები.

შოტლანდიის მთიანეთი წარმოადგენს ჰორსტულ მასივს, რომლის რელიეფშიც ნათლად ჩანს ძველი გამყინვარების კვალი – უხვი კაჭარი, „ვერძის შუბლები“, ტროგული ხეობები, ტექტონიკურ-მყინვარული წარმოშობის ფიორდები და სხვა.

შოტლანდიის სამხრეთი ნაწილი უკავია სამხრეთ შოტლანდიის მაღლობს (500-600 მ) მყინვარული რელიეფით. იგი გრამპიანის მთებისაგან გამოყოფილია გრაბენული წარმოშობის შუა შოტლანდიის ვაკით, რომლის ზედაპირიც აგებულია პალეოზოური ასაკის დანალექი ფერადი ქანებით, და შეიცავს ქვანახშირს. დანალექი საფარის ვულკანური ქანების მიერ გარღვევით წარმოქმნილია გუმბათისმაგვარი მაღლობები.

ჩრდილოეთ ინგლისის შუა ნაწილზე გადაჭიმულია მერიდიანული მიმართულების პენინის ანტიკლინური დაბალი მთები, რომელსაც ჩრდილო-დასავლეთიდან ერწყმის კამბერლენდის ვულკანური მასივი, რელიეფის მყინვარული ფორმებით, მრავალრიცხოვანი მყინვარული ტბებით.

პენინის მთები სამხრეთით მიდლენდის ბორცვიან ვაკეში ეშვება.

კუნძულ დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი უკავია აკუმულაციურ ვაკეს, რომლის ზედაპირი აგებულია მეზოკაინოზოური ასაკის დანალექი ქანებით, რომელთა შორის ფართოდ არის გავრცელებული კირქვები და, მასთან დაკავშირებით, კუესტური სერები კარსტული რელიეფით. ვაკის ფარგლებში პალეოზოური ნაოჭა სტრუქტურები არსად არ შიშვლდება.

უელსის ნახევარკუნძული თითქმის მთლიანად უკავია დაბალი კემბრიის მთებს, მოსწორებული თხემებით და დამრეცი კალთებით, რელიეფის ვულკანური და მყინვარული ფორმებით.

კურნელის ნახევარკუნძულის ზედაპირი წარმოადგენს ძლიერ დანაწევრებულ კრისტალურ მაღლობს, რომლის მაქსიმალური სიმაღლე შეადგენს 500-600 მ.

კუნძული ირლანდიის შიდა ნაწილი უკავია ცენტრალური ირლანდიის ვაკე-დაბლობს კარსტული რელიეფის ყველა ელემენტით და კარსტული ჰიდროგრაფიით. ვაკეს ყოველი მხრიდან შემოფარგლავდაბალმთიანი მასივები (მთა კერი, 1041 მ).

ამრიგად, ბრიტანეთის კუნძულების ძირითადი ოროგრაფიული ერთეულებიდან აღსანიშნავია: ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიანეთი (ჩრდ. მთიანეთი, გლენ-მორის გრაბენი და გრამპიანის მთები), შუა შოტლანდიის ვაკე, პენინის მთები, კამბერლენდის ვულკანური მასივი, მიდლენდის ვაკე, კემბრიის მთები, სამხრეთ-აღმოსავლეთი ინგლისის აკუმულაციური ვაკე, კორნუოლის კრისტალური მაღლობი.

ჰავა

ჰავა მთლიანობაში ზომიერი ზღვიურია, რომლისთვისაც დამახასიათებელია ციკლონური ამინდები, ხშირი და მკვეთრად ნესტიანი დასავლეთის ქარი, ხშირი მოღრუბლულობა და ძლიერი ნისლი, გრილი (სამხრეთ-აღმოსავლეთში თბილი) ზაფხული და რბილი ზამთარი. მთავარი კლიმატწარმომქმნელი ფაქტორია ატლანტის ოკეანე თბილი დინებით, რომლის ეფექტსაც კიდევ უფრო აძლიერებს სანაპირო ხაზის ძლიერი დანაწევრება, განსაკუთრებით იმ მხარეზე, საიდანაც დასავლეთი ქარი ქრის. ამინდების ხასიათით ბრიტანეთის კუნძულები ისლანდიის ანალოგიურია, განსხვავება ძირითადად სითბოს მეტ რაოდენობაშია.

ნაირგვარი რელიეფის პირობებში ყალიბდება მიკროკლიმატების ნაირსახეობები. ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ იგრძნობა კონტინენტურობის მომატების ტენდენცია. ნალექების რაოდენობა კლებულობს 1500-2000-დან 700-800 მმ-მდე, ზაფხულის თვეების საშუალო ტემპერატურა მატულობს პლუს 14-16-დან 17-18°- მდე. ლონდონის ქვაბულში ტემპერატურამ შეიძლება აიწიოს 30°-მდე, შოტლანდიაში კი იგი იშვიათად აღწევს პლუს 20). ზამთრის თვეების საშუალო ტემპერატურა პლუს 4-7° ფარგლებში იცვლება. სახრეთ-აღმოსავლეთისაკენ მატულობს ტემპერატურის წლიური ამპლიტუდა (7- 8-დან 14°-მდე) და მზიან დღეთა რიცხვი (17-20-დან 40%-მდე).

ხშირი და ძლიერი ნისლი, განსაკუთრებით მსხვილ სამრეწველო ქალაქებში, სერიოზულ პრობლემებს უქმნის ტრანსპორტის მუშაობას.

ცალკეულ წლებში აღინიშნება საშუალო მეტეოროლოგიური მაჩვენებლებისაგან მკვეთრი გადახრა, რაც დაკავშირებულია ზამთარში არქტიკული, ხოლო ზაფხულში ტროპიკული ჰაერის შემოჭრასთან. პირველს ახლავს ყინვიან-თოვლიანი, ხოლო მეორეს გვალვიანი ამინდები.

შიდა წყლები

ჰავა და რელიეფი ხელსაყრელია ზედაპირული ჩამონადენის და მასთან ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელის წარმოსაქმნელად. მდინარეები მოკლე, მაგრამ მთელი წელი წყალუხვია, დონეების სუსტი რყევადობით (ზამთრის მაქსიმუმით), ვინაიდან საზრდოობენ უმთავრესად წვიმის წყლით და ზამთარში არ იყინებიან. დიდი მდინარეებიდან აღსანიშნავია ტემზა (სიგრძე 334 კმ); სათავე აქვს კოტსუოლდ-ჰილზის მაღლობზე და ჩაედინება ჩრდილოეთის ზღვაში; შანონი, ირლანდიის და მთლიანად ბრიტანეთის კუნძულების უგრძესი მდინარე (368 კმ), იწყება ირლანდიის ჩრდილო მთიანი მასივიდან, კვეთს ცენტრალურ დაბლობს და ჩაედინება ატლანტის ოკეანეში; სევერნი (310 კმ, ესტუარის ჩათვლით 390 კმ), გამოედინება კემბრიის მთებიდან და უერთდება ბრისტოლის ყურეს. ყველა მნიშვნელოვანი მდინარე შესართავში ივითარებს ღრმა და განიერ ესტუარებს, რომელშიც მოქცევის დროს თავისუფლად შედიან საოკეანო გემები. ეს კი ხელსაყრელია შესართავიდან მნიშვნელოვანი დაცილებით საპორტო ქალაქების მშენებლობისათვის. მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საპორტო ქალაქი ლონდონი ზღვიდან დაცილებულია 60 კმ-ით.

კუნძულ ირლანდიისათვის დამახასიათებელია მიწისქვეშა (კარსტული) ჰიდროგრაფიული ქსელი.

ბრიტანეთის კუნძულებზე დიდი ტბები არ გვხვდება. სხვადასხვაგვარი წარმოშობის (მყინვარული, კარსტული, ტექტონიკური და სხვა) მრავალრიცხოვანი პატარა ტბაა, რომელთაგან ყველაზე დიდია ლოხ-ნეი ჩრდილოეთ ირლანდიაში (382 კმ2, სიღრმე 31 მ), მასში რამდენიმე მდინარე ჩაედინება. ირლანდიაში მეტწილად კარსტული ტბებია, ხოლო შოტლანდიის, კამბერლენდის და კემბრიის მთიან მასივებზე – მყინვარული.

ნიადაგ-მცენარეული საფარი

ბრიტანეთის კუნძულების უმეტესი ნაწილი ფართოფოთლოვანი ტყეების ზონაშია, მხოლოდ შოტლანდია ხვდება შერეული ტყეების ზონაში. წარსულში თითქმის მთელი რეგიონი ტყის სამოსელში იყო. ჭარბტენიანი და ძლიერ ქარიანი ზღვიური ჰავის პირობებში ტყეების სიმაღლითი გავრცელების საზღვარი საშუალოდ 200-300 მ-ს არ სცილდება. ბუნებრივად უტყეო უნდა ყოფილიყო, ძლიერ ნესტიან ქარებთან დაკავშირებით, დასავლეთი სანაპიროები, სადაც გაბატონებულია მდელოს მცენარეულობა.

ამჟამად ყველაზე უფრო ტყიანია დიდი ბრიტანეთის აღმოსავლეთი და ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი. მთავარი ტყეშემქმნელი ჯიშებია მუხა, თელა, წიფელი, იფანი. ფართოფოთლოვანი ტყეების ქვეშ განვითარებულია ტყის ყომრალი ნიადაგები, კარბონატულ ქანებზე – ნეშომპალა კარბონატული. შოტლანდიის ტყეების ძირითადი შემქმნელია ფიჭვი და არყი ეწერ-ნიადაგებზე. თანამედროვე ტყეები მეტწილად მეორადია და წარმოდგენილია წიწვოვანების ხელოვნური ნარგავებით, განსაკუთრებით დასახლებული უბნებისა და მინდვრების გარშემო. დიდი ფართობები, განსაკუთრებით სამხრეთ ირლანდიაში, უკავია მუდამ მწვანე მდელოებს, აგრეთვე ნათეს ბალახებს.

200-300 მ მალლა მალღლლობებზე და მთიან მასივებზე გავრცელებულია მანანიანი გვიმრისა და ზოგიერთი მარცვლოვნის შერევით. წარსულში დიდი ფართობი ეკავა ისლიან და ტორფიან ჭაობებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ამჟამად დაშრობილია და ჩართულია სამიწათმოქმედო სავარგულებში.

ცხოველთა სამყარო

ბრიტანეთის კუნძულების ცხოველთა სამყარო ძლიერ გაღარიბებულია. დიდი ცხოველები, მათ შორის მტაცებლები, ველურ გარემოში აღარ შეგვხვდება. ზოგ რაიონში მკაცრი დაცვის პირობებში შემოგვრჩა ირემი. ფართოდ არის გავრცელებული მელა და ზღარბი, განსაკუთრებით მღრღნელები. ტყეებში და პარკებში ბევრი ციყვია. საკმაოდ მდიდარია ფრინველთა სამყარო: გარეული მტრედი, გვრიტი, გნოლის რამდენიმე სახეობა, როჭო და სხვა. მტაცებელი ფრინველებიდან – არწივი, ქორი და სხვა. სანაპირო წყალსატევებში ბევრია წყლის ფრინველი –– თოლია, ყანჩა, იხვი და სხვა, აგრეთვე სარენაო თევზები.

ბუნებრივი რესურსები

ბრიტანეთის კუნძულების წიაღი შეიცავს სამრეწველო მნიშვნელობის მინერალური რესურსების მრავალ სახეობას, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ქვანახშირი (შუა შოტლანდიის ვაკე, პენინის მთების პერიფერია და სამხრეთი უელსი). ჩრდილოეთ ზღვის შელფზე აღმოჩენილია ნავთობის და ბუნებრივი აირის დიდი მარაგი. კამბერლენდის და ირლანდიის მთიანი მასივები შეიცავს ტყვია-თუთიის, ხოლო კორნუოლის მაღლობი – სპილენძის და კალის სამრეწველო მადნებს. მიდლენდის ვაკეზე აღმოჩენილია რკინის მადანი. ტორფის დიდი მარაგია ირლანდიის ტერიტორიაზე. რეგიონის, განსაკუთრებით კი ირლანდიის, მნიშვნელოვანი სიმდიდრეა ბუნებრივი მდელოები. სანაპირო წყლები მდიდარია სარეწაო თევზით.

რეგიონის ძალზე მნიშვნელოვანი და სპეციფიკური რესურსია მისი კუნძულოვანი მდებარეობა გაუყინავი წყლების გარემოცვაში, რამაც ბრიტანეთი გახადა ერთ-ერთი უძველესი და უძლიერესი საზღვაო ქვეყანა.


წყარო

ევროპის ფიზიკური გეოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები