შუმერული ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შუმერული ენა – შუმერების, სამხრეთ შუამდინარეთის (თანამედროვე ერაყის) ძველი მოსახლეობის, ენა. შუმერული ენა შემონახულია ძვ. წ. III ათას წლ, (XXIX-XXVIII და XXIII-XXI სს) ლურსმული დამწერლობის ძეგლებში. ტექსტების ენის მიხედვით ძეგლები იყოფა ძვ. შუმერულად (XXV ს-მდე), კლასიკურ შუმერულად (XXIV -XXII სს. „ახალშუმერულად“(XXI ს.) და გვიანშუმერულად (II ათასწილ. დასაწყისი).

შუმერულ ენაში გარჩეულია 15 თანხმოვანი: ბ, ფ., დ, თ, გ, ქ, ზ, ს, შ, ხ, რ, ლ, მ, ნ, ნგ და 4 ხმოვანი: ა, ე, ი, უ. გრძელი ხმოვნები კომბინაციური ხასიათისაა. ძირთა დიდი ნაწილი ერთმარცვლიანია. ორმარცვლიან ფუძეში მხოლოდ ერთი და იგივე ხმოვანი გვხვდება.

შუმერული ენა მიეკუთვნება აგლუტინაციურ ენათა ტიპს და ხასიათდება აფიქსების (პრეფიქსებისა და სუფიქსების) სიმრავლით. სახელებში გარჩეულია 8 ბრუნვა; ზმნაში გამოხატულია პირის, რიცხვის, ჯერობის, კილოს კატეგორიები. არ არის დროის კატეგორია. მოქმედების გამომხატველ ზმნებში გარჩეულია სრული და უსრული სახის ფორმები (ამ უკანასკნელებს სპეც. მაწარმოებელი აქეთ). შუმერული ენა ერგატიული კონსტრუქციის ენაა. მოქმედების სუბიექტი გამოხატულია სპეც. ბრუნვით, მდგომარეობისა კი – უნიშნო ბრუნვით (ნულოვანი მაჩვენებლით).

სხვა ენებთან შუმერული ენის ნათესაობის საკითხი ჯერჯერობით ზუსტად გარკვეული არ არის. XX ს. დასაწყისში მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს ქართველურ ენებში არსებულ უცხო სიტყვების ერთ ჯგუფს, რომელიც განეკუთვნება ერთ-ერთი უძველესი დამწერლობიანი ენის – შუმერულის ლექსიკურ ფონდს. პირველად ამ გარემოებაზე მიუთითა ჩეხმა მეცნიერმა კ. კრამაჟმა. ქართველური და შუმერული ენობრივი მასალის შედარების საქმეში დიდი ღვაწლი მიუძღვის მ. წერეთელს. ფასეულია ამ დარგში რ. გორდეზიანისა და ჰ. ფენრიხის მიერ ჩატარებული მუშაობის შედეგებიც. შუმერულ-ქართველური ენების საზიარო სიტყვების გამოვლენაზე სხვა მკვლევრებიც ამახვილებდნენ ყურადღებას. ყოველივე ამის შედეგად დღეისათვის დადგენილია, რომ შუმერული ენის ორასზე მეტი ერთეული სტრუქტურულად და სემანტიკურად უეჭველ მსგავსებას ავლენს ქართველური ენების შესაბამის ერთეულებთან.

მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ქართველურ ენებში შემონახულია შუმერული ენის კუთვნილი არა მარტო კულტ. ტერმინები, რომლებიც შედარებით ადვილად გადადიან ერთი ენიდან მეორეში, არამედ საზიარო ლექსემათა გარკვეული რაოდენობა, რომელიც ასახავს სამეურნეო და საოჯახო ყოფისათვის დამახასიათებელი საქმიანობის შინაარსს. საილუსტრაციოდ მოგვყავს ზოგიერთი მათგანი: შუმ. ენიმ, ინიმ „ენა“; „სიტყვა“, „ბრძანება“, ქართ. „ენა“; შუმ. ერიმ/ნ „ჯარი“, „ხალხი“, ქართ. „ერი“; შუმ. განა „მინდორი“ „მიწა“, ქართ. „ყანა“, ძვ. ქართ. „მიწა“; შუმ. ხარ „ხარი“, ქართ. „ხარი“; შუმ. გა „ბორცვი, „გორა“, მეგრ. გა „გორა“; შუმ. გორ „საწყაო ერთეული“, ქართ. (ლეჩხ.) „ბორო“ „საწყაო ერთეული“; შუმ. „სილა“ „საწყაო ერთეული“, ქართ. (ქიზიყ.) სილა „ჭურჭელში ნივთიერების გარკვეული მდგომარეობის აღმნიშვნელი ტერმინი“; შუმ. ნიგა „საწყაო ჭურჭელი“, ქართ. (ლეჩხ,)) ნიგა, (ქვ. იმერ.) ნუგე „ხის ამოგულული, ცილინდრული ფორმის ჭურჭელი, ხის სათლი (გამოიყენებოდა საწყაოდაც)“; შუმ. ხარა „კოდი, „დიდი ჭურჭელი „ორმო“, ქართ. „ხარო“ და სხვ. მრავალი.

შუმერულ და ქართველურ ენებში საზიარო ლექსიკური ერთეულების არსებობა შეიძლება აიხსნას ორი გარემოებით: 1. შუმერულ და ქართველურ ენებს შორის მოსალოდნელი შორეული გენეტიკური კავშირებით (მ. წერეთელი, ჰ. ფენრიხი) და 2. შუმერულსა და ქართველურ (წინარექართველურ) ენებს შორის გარკვეული დონის კონტაქტებით რომელიმე შუალედური ენის ან ენების მეოხებით, ან-და შუმერულთან ქართველურ ენოვანი სამყაროს პირდაპირი ურთიერთობისა და შეხების შედეგად.

ამ მოსაზრებებთან დაკავშირებული კვლევის შედეგების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ მოყვანილი საზიარო სიტყვების არსებობა არ უნდა იყოს შეპირობებული ქართველური და შუმერული ენების გენეტიკური ურთიერთობით, რადგანაც მათი ლექსიკური მასალის შეპირისპირება არ ავლენს ამგვარი ურთიერთობისათვის დამახასიათებელ კანონზომიერ და სისტემატურ ფონემურ შესატყვისობებს. არც იმის დაბეჯითებით მტკიცება შეიძლება, რომ ქართველურ ენებს შუმერული სიტყვები მიღებული ჰქონდეთ რომელიმე შუალედური ენიდან; ძე, სემიტურ ენაში – აქადურში (ასურულ-ბაბილონური დიალექტებით), ანდა ხურიტულში, რომლებსაც, შესაძლოა, შეესრულებინათ შუალედური, ლექსიკის გადამცემი ენების როლი, არ დასტურდება ქართველურ ენებში შემონახული არც ერთი შუმერული სიტყვა. საფიქრებელია, რომ შუმერული ლექსემები ქართველურ ენობრივ სამყაროს მიღებული უნდა ჰქონდეს მხოლოდ უშუალო კონტაქტების გზით.

ქართველური ენების მონაცემთა გათვალისწინებით, დასახელებულ ორ ენობრივ გარემოს შორის უშუალო კონტაქტების არსებობა სავარაუდებელია წინარექართველურის დაშლის დაწყებამდე, ანუ III ათასწილ. ბოლო ხანებამდე. ისტორიულ რეალიებზე დაყრდნობით კი შეიძლება ამგვარი ურთიერთობის კონკრეტულ პერიოდად მივიჩნიოთ დრო ძვ. წ. IV ათასწლ. II ნახ-იდან, ვიდრე III ათასწ. შუა ხანებამდე.

შესაძლებელია, მიახლოებითი სიზუსტით განისაზღვროს ნაგულისხმევი კონტაქტების განხორციელების გეოგრაფიული არეალიც. თითქმის უეჭველ ფაქტადაა აღიარებული, რომ შუმერები სამხრეთ შუამდინარეთში ძვ. წ. IV ათასწ. შუა ხანებში მოვიდნენ სამხრეთიდან, კერძოდ, სპარსეთის ყურის რაიონიდან. ჩრდილო მიმართულებით მათი შედარებით სწრაფი გავრცელება შეჩერდა 33-ე პარალელის განედზე, რომელიც დღევანდელი ბაღდადის ოდნავ სამხრეთით გადის. ამის იქეთ შუმერები წინ არ წაწეულან. თუ ჩვენ საერთოდ დავუშვებთ შუმერულ სამყაროსთან წინარექართველურ ენოვანი მასის უშუალო კონტაქტების შესაძლებლობას (ამის გამორიცხვისათვის კი ჯერჯერობით არავითარი საფუძველი არ არსებობს), მაშინ უნდა დავუშვათ ისიც, რომ ეს უშუალო ურთიერთობა სწორედ 33-ე პარალელის ახლო რეგიონში უნდა განხორციელებულიყო.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები