ქართველური ენები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართველური ენები − სამხრულ-კავკასიური ენები, იბერიული (ივერიული) ენები, რომელთა შემადგენლობაში შედიან ქართული, სვანური, მეგრული და ლაზური (ჭანური) ენები.

ტერმინი „ქართველური ენები” შემოტანილია გერმანელი ენათმეცნიერის ჰ. შუხარდტის მიერ. სპეციალისტთა ერთი ნაწილი ენათა ამ ჯგუფს, მთის კავკასიურ ენებთან ერთად აერთიანებს იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში. არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის თანახმად, ქართველური ენები ქმნიან ენათა დამოუკიდებელ ოჯახს (თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი,ზ. სარჯველაძე, კ. ჰ. შმიდტი, ჰ. ფენრიხი). ყველა ქართველური ენებისათვის საერთო-ეროვნული და სამწერლობო ენა ისტორიულად და ამჟამადაც არის ქართული. ქართველური ენების წარმოშობის შესახებ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. არნ. ჩიქობავას ვარაუდით, ამ ენებს ქართველური ენების ძველ შემადგენლობაში განსხვავებული ადგილები უკავიათ. ძველი ქართული „სისინა“ სალიტერატურო ენას გამოეყო „შიშინა“ ზანური, რაც წარმოადგენს ძველი ქართული საწყისის ერთ-ერთი დიალექტის ტრანსფორმაციას. რაც შეეხება სვანურს, იგი ქართველური ენების ძველ მოდელში დამოუკიდებელი წევრი არ ყოფილა: სვანური მომდინარეობს ქართულიდან ზანურის გავლით და შემდეგში გაზანიზებული სვანების მეტყველების აფხაზურ-ადიღურ ენებთან შეჯვარების რთული ისტორიული პროცესის შედეგად გვიან მოხდა ზანურის დაშლა ჭანურ და მეგრულ დიალექტებად. ეს პროცესი შეიძლება წარმოდგენილ იქნას შემდეგი სქემით:

Qartvwluri enebi.JPG

განსხვავებული თვალსაზრისია გატარებული გერმანელი ქართველოლოგის გ. დეეტქრსის მიერ შემოთავაზებულ სქემაში, რომლის მიხედვით, ქართველური ენები წარმოიქმნენ საერთო ფუძეენის დიფერენციაციის შედეგად. თავდაპირველ ფუძეენას გამოეყო სვანური, შემდეგში – ქართულ-ზანური ერთიანობის დაშლით მივიღეთ ქართული და ზანური. უფრო გვიან ზანური დაიშალა ლაზურ და მეგრულ ენებად. მოცემული სქემა უფრო ადეკვატურად ხსნის მეტი საერთო ნიშნების არსებობას ზანურსა და ქართულს შორის, ვიდრე ამ ენებისა სვანურთან:

QarTveluri enebi 2.JPG

დღეისთვისაც საკამათოდ რჩება ქართველური ენების რაოდენობის საკითხი. ჩვეულებრივ, ქართველურ ენებში აერთიანებენ სამ ენას: ქართულს, სვანურსა და ზანურს (მეგრულსა და ლაზურს). მაგრამ არ არსებობს ერთიანობა მეგრულისა და ლაზურის სტატუსის დადგენაში. ამ საკითხზე (გერმანელი მეცნიერის გ. როზენის შემდეგ) სპეციალურად მსჯელობს ნ. მარი. მან საკმაოდ სერიოზული ლინგვისტური არგუმენტების საფუძველზე მეგრული და ლაზური დამოუკიდებელ ენებად მიიჩნია. არნ. ჩიქობავას თვალსაზრისით, მეგრული და ჭანური, ფონეტიკური სისტემის აგებულების, მორფოლოგიური და სინტაქსური სტრუქტურის მიხედვით, ერთიანი ენის – ზანურის – კილოებია, (ჭანურსა და მეგრულს ერთი და იგივე ფონეტიკური შესატყვისობა გააჩნია ქართულის მიმართ). აღნიშნული თვალსაზრისის დამცველების აზრით, საერთო ქართველური ენის დაშლის შედეგად მიღებული ზანური ენის კილოების ურთიერთგანმასხვავებელი ნიშანი, ძირითადად, ლექსიკური სხვაობაა, რაც, ერთი მხრივ, ქართულიდან (მეგრულში) და, მეორე მხრივ, ბერძნულიდან და თურქულიდან (ლაზურში) შესული სიტყვების სიუხვით აიხსნება, რამაც უამრავი ზანური სიტყვა-ფორმა შეიწირა. სხვა ფონეტიკურ-ფონოლოგიური და გრამატიკული ცვლილებები, მათი აზრით, ჩვეულებრივ დიალექტურ სხვაობათა ფარგლებს არ სცილდება. ლაზურისა ღა მეგრულის სხვადასხვა ენებად მიჩნევას, მათი სიტყვით, „არა აქვს საკუთრივ ლინგვისტური არგუმენტები (სოციოლინგვისტურს კი ამ შემთხვევაში მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია, არა და სწორედ სოციოლინგვისტური ანუ მეცნიერების სხვა დარგის არგუმენტებით აპელირებდა ყველა მკვლევარი, ვინც დღემდე ლაზურისა და მეგრულის დამოუკიდებელ ენებად მიჩნევას უჭერდა მხარს)“ (მ. ქურდიანი).

შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ მხოლოდ სოციოლინგვისტური არგუმენტები იყო წამოყენებული ნ. მარის მიერ, როცა წერდა, რომ ჭანური მეგრულისაგან განსხვავებულია. ამას თუ დავუმატებთ სხვა მკვლევართა (ი. ყიფშიძის, არნ. ჩიქობავას, კ. დანელიას…) მიერ დამატებით მოხმობილ ფაქტებს (არაინვერსიული თურმეობითების წარმოებას, ახალ მწკრივთა რთულ სისტემას, სახელივით ნაბრუნები ზმნური ფორმის (თანდებულდართულისა თუ უთანდებულოს) გამოყენებას მასდარის (სინტაქსურად – გარემოების) ფუნქციით, მეგრულის IV სერიის მწკრივთა უქონლობას, ი ფონემის ჩამოყალიბებას…), მეგრულისა და ლაზურის დამოუკიდებელ ენებად ჩათვლას მეტი საფუძველი აქვს.

ბოლო პერიოდში მკვლევართა ერთმა ჯგუფმა წამოაყენა დებულება, რომლის მიხედვით არათუ მეგრულისა და ლაზურის დამოუკიდებელ ენებად ჩათვლა არის უმართებულოდ მიჩნეული, არამედ, საერთოდ, ცალკეული ქართველური ენების არსებობაა უარყოფილი. მათი სიტყვით, „მსოფლიოს ენათა აბსოლუტური უმრავლესობა უკვე კვალიფიცირებულია ექსტრალინგვისტური კრიტერიუმებით და არც არავინ აპირებს გადასინჯოს მათი სტატუსი“ (თ. გვანცელაძე). ამისდა კვალად, მეგრული, ლაზური და სვანური ქართული ენის კილოებად არის კვალიფიცირებული. ამ ჯგუფის თვალსაზრისით, „ქართველები ლაპარაკობენ ერთადერთ ქართველურ-ზოგადქართულ ენასა და ათეულობით დიალექტზე; ზანური (მეგრული, ლაზური) და სვანური (ბალსზემოური, ბალსქვემოური, ლაშხური, ლენტეხური და ჩოლურული) კილოები ამ საერთოეროვნული ენის ისეთივე ტერიტორიული მიკროვარიანტებია, როგორებიც არიან: ქართლური, კახური, იმერული, აჭარული, ხევსურული, თუშური, ფერეიდნული, ტაოური, მაჭახლური და სხვანი“ (თ. გვანცელაძე).

აღნიშნული დებულება ვერ არღვევს იმ შეხედულებას, რომ სვანური და მეგრული მხოლოდ ფუნქციონალურად უტოლდებიან ქართული ენის დიალექტებს, მაშინ როდესაც ლინგვისტური თვალსაზრისით ჩვეულებრივ ენებად რჩებიან (ა. ონიანი).

ქართველური ენების წარმოშობის საერთო სურათი ასე შეიძლება იყოს წარმოდგენილი: საერთოქართველური ენის ერთიანობის დონეზე მასში „შიშინა“ დასავლური (რომლისთვისაც აქ გამოყენებულია ტერმინი კოლხური) და „სისინა“ აღმოსავლური (ქართული) დიალექტური არეალები გამოიყოფოდა; კოლხური დიალექტის სვანური კილოკავის ზანური კილოკავისაგან დაშორებისა და დამოუკიდებელ ენად ჩამოყალიბების შემდეგ საერთო-ქართველური ერთიანი ენა ორ მონათესავე ენად გარდაიქმნა: ქართულ-ზანურად (საერთო-ქართველური ენის აღმოსავლური დიალექტისა და დასავლური, ანუ კოლხური დიალექტის ზანური კილოკავის ერთიანობად) და სვანურად. შემდგომში ზანური ხმოვანთგადაწევის შედეგად ზანური ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ენად ორი დიალექტური არეალით – მეგრულითა და ლაზურით; ქართველურ ტომთან მიგრაციების შედეგად მეგრულს გარკვეული ნაწილი (დღევანდელი ლაზურის ხოფირ-ჩხალური კილო) დაშორდა და ლაზურს მიეკედლა; საბოლოოდ მეგრული და ლაზური დამოუკიდებელ, სხვა ქართველურ ენებთან შედარებით უფრო ახლომდგომ ენებად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც ქართველური ენების სისტემაში ჭანური ენების ჯგუფს ქმნიან.

საერთო-ქართველურ ენაში ორი განსხვავებული ფონოლოგიური სისტემის მქონე დიალექტის თანაარსებობა ზოგ მკვლევარს არარეალურად მიაჩნია. სიბილანტთა სამი რიგის ორგვარი (დასავლური, ანუ სვანურ-ზანური ღა აღმოსავლური, ანუ ქართული) ტრანსფორმირება მათთვის ამ ენის (ე. ი. საერთო-ქართველურის) სიკვდილს და ახალი ენების ჩამოყალიბებას ნიშნავს. ამოსავალი ფონოლოგიური სისტემის გარდაქმნა ორ ვარიანტად ყოველთვის არ ნიშნავს ორი დამოუკიდებელი ენის წარმოქმნასა და ტრანსფორმირებული ენის სიკვდილს. ერთი ენის (არათუ ენის, არამედ მისი დიალექტის) შიგნით ორი ფონოლოგიური სისტემის არსებობის შესაძლებლობას ადასტურებს ხუნძური ენის ანწუხური დიალექტის ტოხური და ჭადაქოლოური კილოკავების ურთიერთმიმართება, რომელთა სიბილანტური თანხმოვნები ისეთსავე შესატყვისობას გვიჩვენებენ, როგორსაც ქართული და ზანურ-სვანური. მორფოლოგიური და ლექსიკური ერთიანობის პირობებში ფონეტიკურ სხვაობებს (თვით რეგულარულ ბგერათშესატყვისობათა არსებობასაც კი) გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს მონათესავე ენათა და დიალექტთა კლასიფიკაციისას (თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი).

საერთო-ქართველურმა ენამ ორ დიალექტურ არეალად გაყოფის შემდეგ არსებობა განაგრძო როგორც ორი დიალექტური არეალის მქონე ენამ, რამდენადაც, ფონოლოგიური სისტემის განსხვავებულობის გარდა, ამ ორ დიალექტს მორფოლოგიური და ლექსიკური ხასიათის ისეთი სხვაობა არა აქვთ, რაც ხელს შეუშლიდა მათს ენობრივ ერთობას.

შემდგომში, როცა თავი იჩინა ღრმა მორფოლოგიურ-ლექსიკურმა სხვაობებმა, ერთი მხრივ, დასავლურ ქართველური დიალექტის სვანურ კილოკავსა და, მეორე მხრივ, აღმოსავლურ ქართველურ (ქართულ) დიალექტთან ერთად დარჩენილ დასავლური დიალექტის ზანურ კილოკავს შორის, მოხდა სვანური კილოკავის დამოუკიდებელ ენად ჩამოყალიბება, დასავლურ ქართველური ზანური და აღმოსავლურ ქართველური ქართული განაგრძობდნენ არსებობას როგორც ერთი ენის დიალექტები, რადგან მათი ფონოლოგიური სისტემების სხვაობა მორფოლოგიურ-ლექსიკური მსგავსების (ერთობის) პირობებში ხელს არ უშლიდა მათს ენობრივ მთლიანობას. უფრო მოგვიანებით კი, როცა უკვე საერთო ქართულ-ზანური ენის ხანურ და ქართულ დიალექტებს შორის იჩინა თავი მორფოლოგიურ-ლექსიკურმა სხვაობებმა, ქართულ-ზანური ენა ორ ენად გაიხლიჩა. კიდევ უფრო გვიან, როცა დამოუკიდებელ ზანურ ენაში ორი დიალექტი მორფოლოგიურ-ლექსიკურად დაუპირისპირდა ერთმანეთს, დამოუკიდებელი მეგრული და ლაზური ენები ჩამოყალიბდა.

დამოუკიდებელი განვითარების პირობებში ქართველურმა ენებმა, მიუხედავად ყველა სფეროში მომხდარი ცვლილებებისა, შეინარჩუნეს მრავალი საერთო ნიშან-თვისება (უშუალოდ ფუძეენიდან მომდინარე, ან საერთო ტენდენციებით გამოწვეული).

ფონემათა სისტემა ქართველურ ენებში ზოგადად ხასიათდება ხმოვანთა სიმცირით თანხმოვანთა რაოდენობასთან შედარებით. ფონემათა სისტემაში შედის 5-7 ხმოვანი და 28-30 თანხმოვანი. განსხვავებული სურათია სვანურში, სადაც ფონემური სიგრძისა და უმლაუტის გავლენით ხმოვანთა რაოდენობა გაზრდილია (ლაშხურში – 12, ბალსზემოურში – 18). შედარებით ერთგვაროვანია თანხმოვანთა „სისტემა (ლაზურში ფონემა გვიანდელი ნასესხებია). თანხმოვანთა სისტემა ემყარება ხშულებისა და აფრიკატების სამეულებად, ხოლო სპირანტებისა – წყვილეულებად განაწილებას. ქართველური ენებისთვის დამახასიათებელია თანხმოვანთა კომპლექსების სიმრავლე. ყველა ქართველურ ენაში დასტურდება ჰარმონიული კომპლექსები (თუმცა მეტ-ნაკლები შეზღუდვებით. ფონეტიკური პროცესებიდან დამახასიათებელია რეგრესული ასიმილაცია და პროგრესული დისიმილაცია (ი. ყიფშიძე). ქართველური ენების მორფოლოგიაში აშკარად გამოხატული აგლუტინაციურობის გვერდით ყურადღებას იქცევს საკმაოდ განვითარებული სინთეზურობის ელემენტი. შესუსტებულია აბლაუტის მოქმედება (განსაკუთრებით სახელებში). მიუხედავად განსხვავებისა ბრუნვათა რაოდენობასა (წოდ. ქართულში. ლოკატ. ბრუნვები სხვა ქართველურ ენებში) და მათ ფუნქციებს შორის (შდრ. მოთხრ., სახ., მიც.), შენარჩუნებულია 6 ძირითადი ბრუნვა: სახ. მოთხრ. მიც. ნათ, მოქმ. ვით. მატერიალური სიახლოვე ვლინდება ბრუნვის ნიშნებშიც (მეგრულისა და ლაზურის მოთხრობითი ბრუნვის ნიშანი -ქ განკერძოებით დგას სხვა ქართველური ენების შესაბამისი ბრუნვის ნიშნებისაგან: სინქრონიულ დონეზე სვანურსა და ლაზურში სახელობითი ბრუნვა მორფოლოგიურად არ არის გამოხატული, იგი სხვა ბრუნვის ფორმებს უნიშნობით უპირისპირდება). რიცხვი ორია, მხოლოობითი და მრავლობითი. მრავლობითი რიცხვის ნიშანი ქართულსა და მეგრულ-ლაზურში საერთოა: ქართ. -ებ, მეგრული -ეფ. ლაზ. -ფე (-ეფე). განსხვავებულია სვ. Aaa.PNGრ (არ), Aaa.PNGლ (ალ).

საერთო ნიშნებს ავლენს ქართველური ენების ძირის სტრუქტურა: კანონიკური ფორმა არის CVC, წარმოდგენილი ვარიანტების ფართო სპექტრით. ასეთივე მსგავსებაა აფიქსურ სტრუქტურებშიც, რომელთა შესაძლებელი მოდელებია:

პრეფ. CV. C. V; სუფ. VC. V, C.

თელის სისტემა ქართველურ ენებში ოცობითია, სვანური ენის ორ კილოში (ბალსზემოურსა და ლაშხურში) დასტურდება ათობითი თვლა.

ქართველურ ენებში საერთოა ზმნური კატეგორიები: პირი, რიცხვი, დრო, კილო, გვარი, ასპექტი, კონტაქტი, ქცევა, აქტი, გეზი, ორიენტაცია (თუმცა ენათა მიხედვით განსხვავებულია ამ კატეგორიათა კონკრეტული რეალიზაციის სახეები, როგორც ფორმით, ისე მნიშვნელობით).

გარჩეულია დინამიკური და სტატიკური, გარდამავალი და გარდაუვალი ფორმები; პირთა რაოდენობის მიხედვით განსხვავებულია მონოპერსონალური და პოლიპერსონალური ზმნები. უღვლილება პიროვანია (სუბიექტური და სუბიექტურ-ობიექტური). გარდამავალი ზმნის შემცველი სინტაგმა წარმოდგენილია განსხვავებულ წყობათა ფორმებით, გვაქვს: ნომინატიური, ერგატიული და დატიური კონსტრუქციები.

ქართველური ენების სინტაქსი მთელი რიგი ნიშან-თვისებებით საერთო სტრუქტურას გვიჩვენებს: სინტაქსური კავშირები (შეთანხმება, მართვა, მირთვა): მსაზღვრელ-საზღვრულის რიგი, წინადადებათა სახეები და ა. შ.

განვითარებულია სიტყვაწარმოება (პრეფიქსული, სუფიქსური, პრეფიქს-სუფიქსური) კომპოზიცია. მიუხედავად მრავალრიცხოვანი ნასესხობებისა, ქართველურ ენებში მაინც მნიშვნელოვან ფენად საერთო ქართველური ლექსიკა რჩება.

გ. კარტოზია



წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები