ჩვეულებრივი ალკუნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩვეულებრივი ალკუნი (ლათ. Alcedo atthis Linnaeus, 1758) − ფრინველი ყაპყაპისნაირთა რიგიდან.

ჩვეულებრივი ალკუნი პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 70-75 მმ-ია, კუდი − 25-35 მმ, ნისკარტი − 30-36 მმ, წონა 30-36 მმ, წონა − 27-38 გ. სიდიდესა და შეფერილობაში სქესთა შორის მცირე განსხვავებაა. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მუქი ცისფერია. თავიც ზემოდან მუქი ცისფერია, მაგრამ მასზე ხშირად არის მოშავო და ცისფერი განივი ზოლები. პირის კუთხეების ზემო ნაწილიდან თვალების ქვემოთ გადის ჟანგმიწისფერი ფართო ზოლები, რომლებიც ყურების მფარავებს სცილდება. ამ ზოლებს ქვემოთ, ნისკარტქვედას კუთხიდან თავის და კისრის გვერდებზე მიჰყვება ცისფერი ზოლები, მუქი განივი სიჭრელით. ყელი თეთრია, ხოლო ჩიჩახვის გვერდები ცისფერი. მუცლის დანარჩენი მხარე ჟანგმიწისფერ-ქარცია. ზურგი და კუდის ზემო მფარავები მკვეთრი მოცისფრო-ლურჯი ფერისაა. საჭის ბუმბულები ცისფერია, მაგრამ ღეპეპები შავი აქვთ. მხრების ბუმბულები ცისფერია, მომწვანო ელფერით. ფრთების მფარავები მომწვანო-ცისფერია; მომქნევები მუქი მურაა, მაგრამ გარეთა მარაოს კიდეები ცისფერია. ნისკარტი შავია, ფეხები − მოწითალო-ხორცისფერი. დედალი მამლის მსგავსია, თუმცა ოდნავ უფრო მკრთალი შეფერილობისაა.

აღწერილია 7 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ხმელთაშუა ზღვის ჩვეულებრივი ალკუნი — A. a. atthis Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის დიდ ნაწილს. ჩრდილოეთი საზღვარი სამხრეთი შვეციიდან და ბალტიისპირეთიდან მიჰყვება 58-ე და 56-ე პარალელებს − ბარნაულის, კრასნოიარსკისა და იმიერბაიკალეთისაკენ, აღწევს ზღვისპირეთს და სახალინს. ბუდობს იაპონიაში, კორეაში, ჩინეთში, ტაივანზე, ინდოეთში, ბირმაში, ინდოჩინეთში, ინდო-ავსტრალიის არქიპელაგზე, ცეილონზე, ბელუჯისტანში, ავღანეთში, ირანში, მცირე აზიაში, სირიაში, პალესტინაში, მესოპოტამიაში, აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში მობინადრეა.

ბიოტოპი

ხემცენარეებით, ბუჩქნარებით ან ლელით დაფარული მდინარეების, ტბების, არხების და სხვა სუფთა, გამჭვირვალეწყლიანი დამდგარი ან მდორე წყალსატევების ფლატეებიანი სანაპიროები.

გამრავლება

წყვილდებიან მხოლოდ გამრავლების პერიოდში. სხვა დროს ცხოვრობენ განცალკევებით. ბუდობს სოროებში წყალსატევების სანაპიროებზე. წელიწადში 2-ჯერ მრავლდება. პირველი ბუდობა იწყება მაისის პირველიდან შუა რიცხვებამდე, მეორე − ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში. დებს 6-7 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი. საინკუბაციო პერიოდი 21 დღემდე გრძელდება. ბარტყები იჩეკებიან ტიტველი და თვალებაუხილველნი.

კვება

ჩვეულებრივი ალკუნის ძირითადი საკვებია პატარა, არაუმეტეს 6 სმ სიგრძის თევზები, აგრეთვე წყლის მწერები და სხვა უხერხემლოები.

მნიშვნელობა

მავნე მწერების განადგურებით გარკვეული სარგებლობა მოაქვს, ხოლო თევზები, რომლებითაც იგი იკვებება, უპირატესად სარეველა ან ავადმყოფი ეგზემპლარებია.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები