ჩვეულებრივი კოჭობა
ჩვეულებრივი კოჭობა (ლათ.Carpodacus erythrina Pallas, 1770) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − მთიულასებრნი (Fringillidae)
- გვარი − კოჭობა (Carpodacus)
ჩვეულებრივი კოჭობა ბეღურასოდენა ფრინველია; ფრთა 80-95 მმ-ია, კუდი – 55-62 მმ, ნისკარტი – 10-12 მმ, წონა – 20-26 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის შესამჩნევი განსხვავებაა. ზრდასრულ მამალს თავი ზემოდან მუქი წითელი აქვს; კისრის უკანა მხარე – მორუხო; კუდზედა ბუმბულები – მკვეთრი წითელი. ზურგი, ფრთები და კუდი – მურა, ზურგზე მოწითალო ელფერით; მომქნევებსა და საჭის ბუმბულებს მოყვითალო-ყავისფერი არშიები აქვთ. შიგნითა მეორე რიგის მომქნევებს ფართო არამკაფიო მოთეთრო კიდეები აქვთ. სხეულის ქვემო მხარეს წინა ნაწილი მკვეთრი წითელია, ხოლო უკანა ნაწილში – უფრო ღია ფერის. მუცლის უკანა ნაწილი და კუდქვეშა ბუმბულები ზოგჯერ სრულიად თეთრია. ახალ ბუმბულსაფარველზე ჭარბობს ვარდისფერი, ხოლო ძველზე – მოწითალო-ალისფერი. ზრდასრული დედალი ზურგის მხარეს წენგოსფერ-რუხია, მუქი არამკაფიო ლაქებით ბუმბულების ცენტრში. კუდზედა ბუმბულები მორუხო ან მომწვანო-წენგოსფერი აქვს; ფრთები და კუდი მუქი რქისფერი, მაგრამ მომქნევებსა და საჭის ბუმბულებს მომწვანო არშიები აქვთ. სხეულის ქვემო მხარე თეთრია, წინა ნაწილში მოჩალისფრო ელფერით და არამკაფიო რუხი წინწკლებით. ნისკარტი რქისფერია, ფეხები – მურა-ხორცისფერი.
გამოყოფენ 4-10 ქვესახეობას. საქართველოში მოიპოვება კავკასიური ჩვეულებრივი კოჭობა – C. e. kubanensis Laubmann, 1914.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს 2 ვრცელ იზოლირებულ რეგიონს ევროპასა და აზიაში. ერთი მათგანი დასავლეთით იწყება ბალტიის ზღვის სამხრეთი და აღმოსავლეთი სანაპიროებიდან და აღწევს ოხოტის ზღვამდე და კამჩატკამდე, ჩრდილოეთით დაახლოებით 62-ე და 63-ე პარალელებამდე, ხოლო სამხრეთით – ტყე-ველის ზოლის საზღვრამდე. არეალის მეორე რეგიონი მოიცავს მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილს, კავკასიას, ირანის, ავღანეთისა და ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილებს, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე და მონგოლეთის ტყიან ნაწილამდე. ზამთრობს სამხრეთ აზიაში – ინდოეთში და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში. საქართველოში ცნობილია, როგორც მობუდარი ფრინველი.
ბიოტოპი
ბინადრობს ტყეებში. მთის მდინარეთა ხეობების ბუჩქნარიან ნაკვეთებზე, ტყისპირებში, უფრო ხშირად – ტყეების ზემო, გამეჩხერებულ ზოლში, სადაც არის არყნარი, როდოდენდრონი, ნეკერჩხლიანი და სხვ.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია, თუმცა ნაპოვნია ორი მობუდარ დედალთან ერთი მამლის შეწყვილების შემთხვევაც. ბუდეს აკეთებს ხშირტოტებიან ბუჩქებზე ან პატარა ხეებზე მხოლოდ დედალი. წელიწადში ერთხელ მრავლდება. ივნისის პირველ ნახევარში დებს 3-6 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 13-14 დღეს გრძელდება.
კვება
ძირითადად მარცვალმჭამელი ფრინველია. იკვებება ნაირგვარ მცენარეთა, მათ შორის უფრო ხშირად შოთხვის, კუნელის, ღვიის და სხვათა თესლებით და ნაყოფებით. მცირე რაოდენობით ჭამს მწერებსაც. ბარტყებს მეტწილად მცენარეულობით კვებავს.
მნიშვნელობა
სამეურნეო თვალსაზრისით ინდიფერენტული ფრინველია.