ჩვეულებრივი ლაინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩვეულებრივი ლაინა (ლათ. Rallus aquaticus Linnaeus, 1758) − ფრინველი ლაინასებრთა ოჯახიდან.

ჩვეულებრივი ლაინა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 95-130 მმ-ია, ნისკარტი – 35-45 მმ, წონა – 75-185 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს, ფრთების მფარავებისა და მეორე რიგის მომქნევების ჩათვლით, მურა-წენგოსფერია, ფართო შავი ღერძულა ზოლებით. თავისა და კისრის გვერდები, ყელი, ჩიჩახვი და მუცლის წინა ნაწილი ასპიდურ-რუხი ფერისაა. სხეულის გვერდებზე არის ფართო მოშავო და ვიწრო თეთრი განივი ზოლები, ჟანგმიწისფერი ბოლოებით. მუცლის უკანა ნაწილი ცვილისფერია; კუდქვეშა გრძელი ბუმბულები თეთრია, ხოლო მოკლე ბუმბულები – შავი, თეთრი განივი ზოლებით და ჟანგმიწისფერი ბოლოებით. ფრთების ქვემო მფარავებზე შავ-თეთრი ზოლებია. ნისკარტი მოშავო-მურაა, მაგრამ ნისკარტქვედას ძირში ნარინჯისფერ-წითელია; ფეხები მოწაბლისფროა. ახალგაზრდა ფრინველი ზურგის მხარეს უფრო მკრთალია, ყელი – მოთეთრო, ხოლო დანარჩენი ქვემო მხარე – მკრთალი ცვილისფერი.

აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება დასავლური ლაინა – R. a. aquaticus Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: აფრიკაშიალჟირს, ტუნისსა და ეგვიპტეს; ევროპაშიჩრდილოეთით სამხრეთ სკანდინავიამდე და ლენინგრადამდე; აზიაშიირანი, ავღანეთი, პაკისტანი, ჩრდილოეთი ინდოეთი, შუა აზია, ყაზახეთი, დასავლეთი ციმბირის სამხრეთი ნაწილი, ცენტრალური აზია, ბაიკალისპირეთი, ლენის ზემო დინება, ამურის ნაპირები, უსურის მხარე, სახალინი, კორეა, მანჯურია და იაპონია. სამხრეთში ზოგან მობინადრეა. ჩრდილოეთიდან დასაზამთრებლად მიფრინავს ხმელთაშუა ზღვის ნაპირებთან, მცირე, წინა და შუა აზიაში, ჩრდილოეთ ინდოეთში, ბირმასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში. საქართველოში მობუდარია.

ბიოტოპი

წყალსატევები (ტბები, ტბორები, მდორე მდინარეები), რომელთა ნაპირებზე უხვადაა განვითარებული ლელქაში, ლერწამი, აგრეთვე ტყე ხშირი ქვეტყით. შედის და ბუდობს კოლბოხიან ჭაობებშიც. ზოგჯერ ადის მთებშიც, მაგრამ ძირითადად მაინც დაბლობებს ეტანება.

გამრავლება

ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს აკეთებს ლელის ხმელი ფოთლებისაგან ლელქაშში ტბორის ზედაპირზე ან ჭაობის კოლბოხზე. წელიწადში ასწრებს 2-ჯერ გამრავლებას. დებს 7-10 კვერცხს, პირველად აპრილის ბოლოს, მეორედ – ივლისში. საინკუბაციო პერიოდი 20-21 დღეს გრძელდება. იჩეკებიან ღინღლით შემოსილი მართვეები, რომლებსაც ერთი საათის შემდეგ შეუძლიათ კარგად სირბილი.

კვება

ლაინას საკვებ რაციონში უმთავრესია წყლის მწერები და მათი მატლები, მტკნარი წყლის მოლუსკები, ჭიები, კიბოსნაირები და ობობები. ჭამს წყლის მცენარეთა ფოთლებს, ყლორტებს, თესლებსა და კენკრას.

მნიშვნელობა

პრაქტიკულად ინდიფერენტულია.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები