ჩვეულებრივი სინეგოგა
ჩვეულებრივი სინეგოგა (ლათ. Sitta europaea Linnaeus, 1758) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − სინეგოგასებრნი (Sittidae)
- გვარი − სინეგოგა (Sitta)
ჩვეულებრივი სინეგოგა პატარა ზომის ფრინველია; ფრთა 80-90 მმ-ია, კუდი – 40-50 მმ, ნისკარტი – 12-17 მმ, წონა 16-26 გ. მამალი რამდენადმე დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება მცირეა. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მორუხო-ცისფერია. თავის გვერდებზე, ნისკარტის ძირიდან თვალებისა და ყურების გასწვრივ მხრებამდე შავი ზოლები გასდევს. მომქნევები მურარქისფერია, მაგრამ გარეთა მარაოები ნაცარა აქვთ; საჭის ბუმბულების შუა წყვილი ნაცარაა, ხოლო დანარჩენი – შავი, წვეროებთან თეთრი და რუხი ლაქებით. ყელი და ლოყები თეთრია. სხეულის დანარჩენი ქვემო მხარე მკვეთრი ჟანგმიწისფერ-მოყვითალოა, ხოლო გვერდები და კუდქვეშა ბუმბულები მოწაბლისფრო-ყავისფერი. დედალს სხეულის გვერდებზე მოწაბლისფრო-ყავისფერი შეფერილობა გაცილებით ღია აქვს. ფრთების ქვემო მფარავები შავია, ნისკარტი მოცისფრო-რქისფერი, ფეხები მოყვითალო-მურა.
აღწერილია 30-მდე ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური ჩვეულებრივი სინეგოგა – S. e. caucasica Reichenov, 1901.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის ტყის ზონის სამხრეთ ნაწილს, ბრიტანეთის კუნძულებიდან და პირენეის ნახევარკუნძულიდან, კამჩატკამდე, სახალინის, კურილისა და იაპონიის კუნძულების ჩათვლით. ჩრდილოეთით ვრცელდება სამხრეთ სკანდინავიაში, კარელიის ყელამდე, ვოლოგდამდე, მდ. ობზე – კაზიმის შესართავამდე, მდ. ენისეიზე – პოლარულ წრემდე, ხოლო იაკუტიაში – პოლარული წრის იქითაც; სამხრეთით – ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვის ევროპის სანაპიროებამდე, ხოლო სსრ კავშირში – ტყე-ველის ზონამდე. არის აგრეთვე ალტაისა და ჰიმალაის მთებში, მონგოლეთის ჩრდილოეთ ნაწილში და აღმოსავლეთ ჩინეთში. იზოლირებული არეალი არის მცირე აზიაში, კავკასიასა და ირანში. ყველგან მობინადრე, ნაწილობრივ მომთაბარე ფრინველია. საქართველოშიც მოიპოვება ყველგან, როგორც მობინადრე ფრინველი.
ბიოტოპი
ფოთლოვანი და შერეული, იშვიათად წიწვიანი ტყეები. მეტწილად მაღალტანიანი ხნიერი ტყე, ხშირი ქვეტყით; ზოგჯერ – პარკებსა და ბაღებში.
გამრავლება
ბუდობს კოდალების მიერ მიტოვებულ ან ბუნებრივად არსებულ ფუღუროებში, რომელთა შესასვლელს ამოლესავს თიხით ტოვებს მხოლოდ ვიწრო ხვრელს. მარტის მეორე ნახევარში დებს 7-8 კვერცხს. ბუდეს აკეთებს და კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 15 დღეს გრძელდება.
კვება
ჩვეულებრივი სინეგოგას საკვებს შეადგენენ ხის ღეროსა და ტოტებზე მცხოვრები მწერები, პირველ რიგში ხოჭოები, ბაღლინჯოები, ხერხიები, აგრეთვე ჭიანჭველები და ობობები. ცხოველური საკვების გარდა, ჭამს მცენარეთა თესლებსაც.
მნიშვნელობა
უამრავი მავნე მწერის განადგურებით, დიდი სარგებლობა მოაქვს სატყეო მეურნეობისათვის.