ჩვეულებრივი წყლის შაშვი
ჩვეულებრივი წყლის შაშვი (ლათ. Cinclus cinclus Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − წყლის შაშვისებრნი (Cinclidae)
- გვარი − წყლის შაშვი (Cinclus)
ჩვეულებრივი წყლის შაშვი შაშვზე ცოტათი პატარა ფრინველია, ფრთა 80-100 მმ-ია, კუდი 45-60 მმ, გალო – 27-30 მმ, ნისკარტი – 14-16 მმ, წონა – 50-70 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. საერთო შეფერილობა მურა-შავია, მაგრამ ნიკაპი, ყელი, ჩიჩახვი და მკერდი თეთრია. სხეულის ზურგის მხარეს შეიძლება გავარჩიოთ მურა შეფერილობა თავსა და კისერზე, ლოყებსა და ყურების მფარავებზე, ხოლო ზურგი, წელი, კუდზედა და ფრთების ზედა მფარავები ასპიდურ-რუხია, მუქი მურა არშიებით. საჭის ბუმბულები ასპიდურ-რუხია; მომქნევები – მურა ასპიდურ-რუხი არშიებით. მუცელი მურა ფერისაა, ნისკარტი და ფეხები – მურა.
აღწერილია 14 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება მუქმუცელა ჩვეულებრივი წყლის შაშვი – C. c. cinclus Linn., 1758.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობას აქვს რამდენიმე იზოლირებული არეალი. აფრიკაში არის ალჟირში, ტუნისსა და მაროკოში; ევროპაში მოიპოვება სკანდინავიიდან ხმელთაშუა ზღვის კუნძულებამდე; დასავლეთით მთელს ევროპაში ბრიტანეთის ჩათვლით; აღმოსავლეთით ვრცელდება კოლის ნახევარკუნძულზე, კარელიაში, ნაწილობრივ ბალტიისპირეთში, შემდეგ დასავლეთ ბელორუსიასა და უკრაინაში; დამოუკიდებელი არეალი მოიცავს მცირე აზიას, ამიერკავკასიასა და ირანს. არის შუა აზიაში, ალტაიზე, იმიერბაიკალეთში, ჰიმალაიზე, ტიბეტსა და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში. საქართველოში გვხვდება ყველგან, როგორც მობინადრე ფრინველი.
ბიოტოპი
სწრაფი, პატარა მდინარეებისა და ნაკადულების სანაპიროები, უპირატესად გამჭვირვალეწყლიანი პატარა წყალსატევები მთის ფერდობების ტყის ზონის ფარგლებში, თუმცა აქა-იქ გვხვდება სუბალპურ ზონაშიც 2500 მ-მდე ზ. დ.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ბუდეს იკეთებს წყლის სანაპირო კლდეების ნაპრალებში, დიდი ქვების ქვეშ, ხეების გაშიშვლებულ ფესვებს შორის. ბუდე სფერული ფორმისაა; შესასვლელი ხვრელი გვერდით აქვს დატანებული. იგი აგებულია ხავსის, ხმელი ბალახისა და სხვა მცენარეული მასალისაგან. აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დებს ჩვეულებრივად 5 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 15-17 დღემდე გრძელდება.
კვება
წყლის შაშვის საკვებს შეადგენენ წყლის უხერხემლო ორგანიზმები – მწერები, კიბოსნაირები, მოლუსკები და სხვა, რომელთაც მოიპოვებს წყალსატევის ნაპირებზე, ქვებზე წყალს ზევით, უფრო ხშირად კი წყალში, წყლის ფსკერზე – ჩაყვინთვითა და სიარულით.
მნიშვნელობა
პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.