ცელოფანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცელოფანი (ლათ. cella ცელულოზა და ბერძ. phanos ნათელი, გამჭვირვალე) – ცელულოზას რეგენერირებით მიღებული თხელი გამჭვირვალე ფურცლოვანი (ან ბოჭკოსებრი) მასალა, რომელიც ხასიათდება წყლის, ზეთის, ცხიმის, ჰაერის, ბაქტერიების დაბალი გამტარობით, რაც საშუალებას იძლევა ის გამოყენებული იქნას საკვები პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, წამლების, საღებავის ფხვნილებისა და მისთ. შესაფუთავად. ტერმინი „ცელოფანი” ზოგიერთ ქვეყნებში არის საერთო ტერმინი, ზოგიერთში კი – სავაჭრო მარკა.

ცელოფანი გამოგონებული იქნა 1900 წელს შვეიცარიელი ქიმიკოსის ჟაკ ე. ბრანდენბერგერის მიერ. 1912 წელს კი მან ააგო აფსკის საწარმოებელი მანქანა, რომელსაც უწოდა „ცელოფანი” (სიტყვების cellulose ცელულოზა და diaphane გამჭვირვალე კომბინაციით). ცელოფნის მიღების პროცესი შემდეგია: მერქნის, ბამბის, ქერელის ან სხვა მასალის ცელულოზა იხსნება ტუტესა და გოგირდნახშირბადში და მიიღება ვისკოზის ხსნარი, რომელსაც შემდეგ ექსტრუდირებას უკეთებენ გოგირდმჟავათი და ნატრიუმის სულფატით სავსე აბაზანის ღრეჩოში, რათა ვისკოზა გარდაიქმნას ცელულოზად. შემდეგ აფსკს ატარებენ რამდენიმე აბაზანაში გოგირდის მოსაცილებლად, გასათეთრებლად და დასარბილებლად (გამოიყენება გლიცერინი). თუ ღრეჩოს ნაცვლად გამოვიყენებთ ფილერებს (ნასვრეტებს), მაშინ მიიღება ცელოფანის ბოჭკო. ქიმიურად ცელულოზა და ცელოფანი გლუკოზის პოლიმერებია და განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სტრუქტურულად და არა ქიმიურად. აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ პოლიეთილენის ნაკეთობებს (თოჯინები, პაკეტები) შეცდომით უწოდებენ ცელოფნისას, თუმცა ისინი სხვადასხვა მასალებია, აბსოლუტურად განსხვავებული თვისებებით.

ტექნიკური მახასიათებლები:
სიმკვრივე – 1,5-1,52 გ/სმ3;
ჰიგროსკოპულობა – 12,8-13,9%;
დაშლის დაწყების ტემპერატურა – 175-205°C;
სიმტკიცე გაჭიმვაზე – 35-75 მპა (მნ/მ2);
ფარდობითი წაგრძელება გაგლეჯაზე – 10-50%;
სიმტკიცე დარტყმაზე – 47 მპა;
წყალშთანთქმა 24 საათის განმავლობაში – 45-115%;
მდგრადობა მზის სხივებისადმი – კარგი;
თბომედეგობა – +130°C;
ყინვამედეგობა – –18°C.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები