ცეცხლდამცავი საშუალება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცეცხლდამცავი საშუალება – კონსტრუქციის პირნაკეთობა, მის ზედაპირზე დატანილი საფარი, რომელიც ამაღლებს ცეცლმედეგობის ზღვარს და ამცირებს კონსტრუქციის ზედაპირზე ცეცხლის გავრცელების ზღვარს.

ხის კონსტრუქციებში ცეცხლისაგან დაცვის ორი გზა არსებობს – კონსტრუქციული და ქიმიური. კონსტრუქციულს მიეკუთვნება: სათავსის რაციონალური დაპროექტება, ნაგებობების ოპტიმალური ზომების შერჩევა, შენობების სართულიანობის შეზღუდვა, კედლებში და გადახურვებში ჰაერის სივრცეების (უბნების) ერთმანეთისაგან გამოყოფა ხანძარსაწინააღმდეგო ზღუდეებით, კედლებზე და კონსტრუქციებზე ალუმინის, ლითონის თხელი ფურცლების, ალუმინის ფოლგისა და პოლიმერული უწვი აფსკების აკვრა, თაბაშირის შელესვა, კედლებში, სართულშუა და სასხვენო გადახურვებში წვადი მასალების შეზღუდვა, შენობის დაყოფა ცალკეულ ხანძარსაწინააღმდეგო ნაკვეთურებად. ქიმიურს მიეკუთვნება: გაჟღენთა ანტიპირენებით და ზედაპირული დაფარვა აფუებადი ლაქებითა და საღებავებით. ლითონის კონსტრუქციების ცეცხლისაგან დაცვა მიიღწევა ტექნიკური გადაწყვეტებით, რომელიც ანელებს კონსტრუქციების გახურებას კრიტიკულ ტემპერატურამდე, ამცირებს გარემოს ტემპერატურას და სხივურ ენერგიას მიმართულს კონსტრუქციისაკენ. გახურების საწინააღმდეგოდ იყენებენ: აფუებად ლაქებსა და საღებავებს, შელესვას, თაბაშირის ფილებს, აგრეთვე წყალს, რომელიც ავსებს მილისებრი და კვადრატული (მართკუთხა) განივკვეთის ელემენტების შიგა მოცულობას. გარემოს ტემპერატურის შემცირება მიიღწევა ხანძრის ჩასაქრობი ავტომატური სისტემების გამოყენებით. სითბოს სხივური ენერგიის შემცირება მიიღწევა მზიდი კონსტრუქციების შეფუთვით სხვადასხვა ტიპის ეკრანებით. რკინაბეტონის კონსტრუქციების ცეცხლისაგან დაცვის პირობებია: განივკვეთის ზომებისა და დამცველი ფენის გაზრდა, ცეცხლგამძლე და დაბალი ტემპერატურაგამტარობის ბეტონის გამოყენება, დამცველი ფენის გაზრდა გაჭიმული არმატურის მხრიდან, კონსტრუქციის სხვადასხვა სახის ცეცხლმედეგი ზედაპირული ფილებით შეფუთვა. საშიშროებას წარმოადგენს ბეტონის აფექთებისმაგვარი რღვევა ხანძრის დაწყებიდან 5-20 წუთის შუალედში. ასეთი რღვევები ხდება მსხვილმარცვლოვან ბეტონებში სიმკვრივით 2200-2400 კგ/მ3. მსუბუქი ბეტონისაგან დამზადებული თვითმზიდი ელემენტებისათვის სასურველია შიგა ფენა სისქით 2 სმ ჩამოსხმული იქნას დაბალი სითბოგამტარობის მქონე მასალისაგან, რაც შეამცირებს ბეტონის გაცხელების ტემპს. დიდმალიანი გადახურვებისათვის (კამარები, თაღები, გუმბათები, სტრუქტურები, ნაკეცები, გარსები, დაკიდებული სისტემები) ცეცხლისაგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა ხანძრის ჩასაქრობი ავტომატური სისტემები.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები