ცილინდრული პროექციები
ცილინდრული პროექციები – (cylindrical projections), კარტოგრაფიული პროექციების ჯგუფი კარტოგრაფიული ბადის აგების ხერხის მიხედვით. ელიფსოიდური ან სფერული ზედაპირის სიბრტყეზე გაშლის მათემატიკური ხერხი. რუკების მათემატიკური საფუძვლის – კარტოგრაფიული ბადის ასაგებად გამოიყენება დამხმარე გეომეტრიული სხეული – ცილინდრი, რომელზეც უნდა გაიშალოს ელიფსოიდური ან სფერული ზედაპირი; არის მხები (ცილინდრი ეხება სფეროს) და მკვეთი (ცილინდრი კვეთს სფეროს) პროექციები. ცილინდრის ღერძისა და სფეროს ღერძის ერთმანეთის მიმართ მდგომარეობის მიხედვით არის სწორი, ირიბი და განივი პროექციები. პროექციაში მერიდიანები ერთმანეთისგან თანაბრად დაშორებული ურთიერთპარალელური სწორი ხაზებია, პარალელები კი მათი პერპენდიკულარული სწორი ხაზები. გამოიყენება ეკვატორის ან რომელიმე პარალელის გასწვრივ განფენილი ქვეყნების გამოსახვისათვის. კვადრატული ცილინდრული პროექციის საფუძველზე ფლანდრიელმა კარტოგრაფმა გ. მერკატორმა 1569 წელს ააგო ტოლკუთხა ცილინდრული პროექცია, რომელიც გამოიყენეს საზღვაო რუკების შესადგენად