ცხრა ქვეყნის შეთანხმება
ცხრა ქვეყნის შეთანხმება – ვაშინგტონის კონფერენციის 1921-22 ერთ-ერთი ძირითადი დოკუმენტი, ხელი მოაწერეს 6.II.1922 აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იაპონიის, იტალიის, ბელგიის, ჰოლანდიის, პორტუგალიისა და ჩინეთის წარმომადგენლებმა.
ფორმალურად აცხადებდა ჩინეთის სუვერენიტეტის პატივისცემას, მის ტერიტორიულ და ადმინისტრაციულ ხელშეუხებლობას. შეიცავდა ვალდებულებას, დაეცვათ „ჩინეთის მთელ ტერიტორიაზე ვაჭრობასა და მრეწველობაში ყველა ეროვნებისათვის თანასწორი შესაძლებლობების პრინციპი“. შეთანხმების ხელმოწერასთან ერთად დაიდო ტრაქტატი ჩინეთის საბაჟო ტარიფის შესახებ, რომელმაც განამტკიცა ჩინეთის საბაჟო არათანასწორუფლებიანობა, შეთანხმების დადებას წინ უძღოდა იაპონია-ჩინეთის შეთანხმება 4.II.1922, რომლის თანახმად, იაპონიამ იკისრა, გამოეყვანა ჯარები შანდუნის პროვინციიდან და დაებრუნებინა ჩინეთისათვის ძიაო–ჯოუს ტერიტორია. იაპონიის დელეგაციამ, რომელიც ხაზს უსვამდა თავის „სპეციალურ ინტერესებს“ ჩინეთში, უარყო ჩინეთის მოთხოვნა სამხრეთ მანჯურიიდან იაპონიის ჯარების გამოყვანის შესახებ.