ძვირი ფულის პოლიტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ძვირი ფულის“ პოლიტიკა - (policy of expencive money), ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, ნეოკლასიკურ თეორიაზე დაფუძნებული მაკროსტაბილიზაციის ორთოდოქსულ მოდელზე აგებული პოლიტიკა, რომელიც ლიბერალურ-მონეტარისტულ პრინციპებს ეყრდნობა. იგი, როგორც ინფლაციური სპირალის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებაში გამოიხატება, ითვალისწინებს ფულის მიწოდების მკვეთრ შეზღუდვას, რისი ერთ-ერთი გზაც, ფულის ემისიის შეზღუდვასთან ერთად, ბანკთაშორისი სარეზერვო ნორმის გადიდებაა. ეს უკანასკნელი ავტომატურად ამცირებს კომერციული ბანკების რეზერვებს, შესაბამისად, ფულად მულტიპლიკატორს. „ძვირი ფულის“ პოლიტიკამ საქართველოში, პოსტვაშინგტონის კონსენსუსის გადაწყვეტილებით, 1995 წლის ბოლოდან შეცვალა „იაფი ფულის“ პოლიტიკა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყანაში ჰიპერინფლაციის წარმოქმნაში.

„ძვირი ფულის“ პოლიტიკა არაეფექტიანი აღმოჩნდა საქართველოსთვის. იგი წარმატებულია მაშინ, როდესაც ლაპარაკია ბაზრის ფუნქციონირებაზე და არა იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ბაზრის ჩამოყალიბება-განვითარება. ეკონომიკურ თეორიაში ცნობილია დებულება იმის შესახებ, რომ თეორია (და შესაბამისი პოლიტიკაც), რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის წონასწორობით მდგომარეობაზე, შეუძლებელია ქმედითუნარიანი იყოს და სარგებლობა მოუტანოს უწონასწორობის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას რადიკალური ეკონომიკური ცვლილებების პერიოდში. ეს აქსიომური ჭეშმარიტება არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკაში, მეცნიერულად დაუსაბუთებელი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში კი ეკონომიკის კონვერსიის რანგში აყვანილი რეფორმა იმთავითვე განწირული იყო მარცხისათვის და ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორებით გამოწვეული მრავალი ნეგატიური მოვლენის მიზეზი გახდა. საქართველოში ტრანსფორმაციული დაცემა გადაიზარდა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, რომელმაც თანდათან სისტემური კრიზისის სახე მიიღო. ფულის დეფიციტის გზით ლარის კურსის შენარჩუნება არაეფექტიანი, უპერსპექტივო პოლიტიკაა. იგი განაპირობებს ეკონომიკის სტრუქტურულ დეფორმაციას, დაბალ ინვესტიციურ აქტიურობას, ეკონომიკის მონოპოლიზაციასა და კრიმინალიზაციას.



იხილე აგრეთვე

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები