ძიქვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძიქვა

ძიქვამონოლითი, სალოცავი ქვა, რომელთანაც რძეგამშრალი ქალები ან უშვილო დედაკაცები მიდიოდნენ. ამგვარ მონოლითს მოსახლეობა სამხრეთ საქართველოში „ძიქვას” ეძახის და ზებუნებრივ ძალას ანიჭებს.

ქვის მონოლითების ზოგიერთ ფორმას ლიტერატურაში „ვეშაპებსა” და „ვეშაპოიდებს” უწოდებენ. აჭარაში ძიქვის სახელით ცნობილ კულტურის ძეგლებს წარსულში ქართველი და, საერთოდ, კავკასიის ხალხების უძველეს რელიგიურ ცნობიერებაში, განსაკუთრებით კოსმოგონიურ აზროვნებაში, მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ვეშაპებთან ასოცირებული მითოლოგემებისა და მითოლოგიური ფრაგმენტების დიდი ნაწილი როგორც ხთონურ, ისე ასტრალურ ღვთაებებს განასახიერებდა და ნაყოფიერების კულტთანაც იყო დაკავშირებული. იგი დროსა და სივრცეში ზოომორფული და ანტროფომორფული სახეებით იყო წარმოდგენილი.

ქვის ასეთი ერთ-ერთი მონოლითი აღმოჩენილია სოფელ ვერნების საზაფხულო საძოვრებზე, წყაროსთან ახლოს. საძოვრები სოფლიდან 8 კმ-თაა დაშორებული. მიმდებარე ადგილებში შენიშნულია ქვაკაცებიც. ვეშაპოიდის სიმაღლე 75 სმ-ია. იგი დაახლოებით 20-25 სმ-ით მიწაში იქნებოდა ჩაფლული. მასალად ბაზალტის ქვაა გამოყენებული. ვიზუალური დათვალიერებით იქ, სადაც კულტურული ძეგლი აღმოჩნდა, საირიგაციო სისტემა არ შეინიშნება. ვეშაპოიდი ქვემოთ წამახვილებულია, რათა იოლად ჩაერჭოთ მიწაში, ხოლო ქვემოდან სვეტის მსგავსად ზევით მიემართება. სვეტის თავზე მოთავსებულია ცხოველი, რომელსაც დიდი და მრგვალი თავი აქვს, ფართოდ გახეული პირი, ორი ღრმა, ასევე, შესამჩნევად ფართო თვალი და თვალებს უკან კიდევ ორი ჩაღრმავება, რომელიც გომბეშოს (ბაყაყის) ყურებს უნდა წარმოადგენდეს. ყურები გვერდებზე მდებარე ბორცვთანაა მოთავსებული. მონოლითი ორნამენტით არაა შემკული. იგი თითებით ჩაჭიდებულია ღერძზე. მხოლოდ ბრჭყალები ხვლიკისას მიუგავს, სხვა დანარჩენი ხვლიკისაგან განსხვავებულ კომპოზიციას ქმნის. კიდურის ოთხ სხივს შორის აპკი ბაყაყის (გომბეშოს) ფეხის იმიტაციას ქმნის. აპკის გამოკვეთა ოსტატმა ალბათ ვერ შეძლო. მონოლითი პრიმიტიულადაა დამუშავებული.

ვეშაპოიდი – ბაყაყი, სოფელ ვერნებში, სოფელ კალოთაში ბრინჯაოს ცული ძაღლის გამოსახულებით გველთან კომპოზიციაში, ამ ორი სემანტიკურად დაკავშირებული ძეგლის ერთ არეალში აღმოჩენა მიუთითებს, რომ აჭარაში, კერძოდ, ხიხანის ხეობაში, ისე როგორც მომიჯნავე ხეობებსა და, საერთოდ, საქართველოს სხვა კუთხეში, ვეშაპის კულტი შესაბამისი საკრალური ატრიბუტებითა და მითოლოგიური პერსონაჟებით, ფართოდ უნდა ყოფილიყო გავრცელებული, შესაბამისად, სხვა ანალოგიურ ძეგლებზე ყურადღებას იმსახურებს ვეშაპებზე გამოსახული ფრინველების, კერძოდ, ყარყატის, ყანჩის და სხვა ფრინველების (არწივი, ფასკუნჯი...), ისე როგორც ცხოველების ძაღლის (მგელის) შინაარსობრივი და ფუნქციური ასპექტები, რამაც შესაძლოა ისტორიულ განვითარებასთან შესაბამისობაში ცალკეული ფრაგმენტის რეკონსტრუქციის საფუძველზე ერთიანი მითოლოგიური სურათის აღდგენაში დაგვეხმაროს.


ლიტერატურა

მგელაძე, ტოტოჩავა, 2008:23-35; 2009:11-26.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები