წვრილნისკარტა თოლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წვრილნისკარტა თოლია

წვრილნისკარტა თოლია (ლათ. Larus genei Breme, 1839) − ფრინველი თოლიასნაირთა რიგიდან.

წვრილნისკარტა თოლია ჩვეულებრივი თოლიასოდენა ფრინველია, ფრთა 280-330 მმ-ია, ნისკარტი – 35-45 მმ, წონა – 270-340 გ. სიდიდესა და შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველის საერთო შეფერილობა თეთრია, მაგრამ მანტია ღია მოცისფროა, ხოლო პირველი რიგის მომქნევების ბოლოები – შავი. მეორე მომქნევის გარეთა კიდეც შავია. ნისკარტი და ფეხები მუქი წითელია. ახალგაზრდა ფრინველი შეფერილობით ძალიან ჰგავს ახალგაზრდა ჩვეულებრივ თოლიას. ზურგის მხრიდან იგი მონაცრისფროა, მაგრამ ბუმბულებს აქვთ ჟანგმიწისფერი არშიები. კუდი თეთრია, შავი ბოლოთი. მომქნევებზეც შავი ფერი საკმაოდ ბევრია. ნისკარტი და ფეხები ნარინჯისფერია.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის არეალი სპორადულია. მოიპოვება შავ, აზოვისა და კასპიის ზღვებზე, მცირე აზიაში, ირანში – სპარსეთის ყურეში, ერაყში; იზოლირებული ბუდობები არის ყაზახეთის, აგრეთვე ციმბირის ზოგიერთ დიდ ტბებზე. ზამთრობს ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვაზე, კასპიისა და მეწამული ზღვების ნაპირებზე. საქართველოში მცირე რაოდენობით მოზამთრეა შავი ზღვის სანაპიროებზე.

ბიოტოპი

ბინადრობს ზღვებისა და შიდა მლაშე წყალსატევების ნაპირებზე. ზამთარში მოიპოვება უპირატესად ზღვების სანაპიროებზე.

გამრავლება

ბუდობს კოლონიებად. ტენიან ადგილებში მიწაზე იკეთებს ბუდეს ხმელი ბალახისაგან. გამრავლების დრო განსხვავებულია ზონალობის შესაბამისად. სამხრეთის განედებში – აპრილში, ხოლო ჩრდილოეთში – მაისსა და ივნისში, დებს 2-3 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა.

კვება

წვრილნისკარტა თოლიას საკვებს შეადგენენ პატარა ზომის თევზები (ქაფშია, ნაფოტა, სხვადასხვა თევზების ლიფსიტები), მწერები (კალიები, ბუზები, ფარვანები, ხოჭოები), კიბოსნაირები, ჭიები და მრავალი სხვა.

მნიშვნელობა

მცირერიცხოვნობის გამო ჩვენში დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები