წითელგულა მწყერჩიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წითელგულა მწყერჩიტა (ლათ. Anthus cervina Pallas, 1811) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

წითელგულა მწყერჩიტა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 75-90 მმ-ია, კუდი − 54-64 მმ, ნისკარტი 10-11 მმ, წონა − 17-24 გ. მამალი დიდია დედალზე, თუმცა წონაში სხვაობა არაა. შეფერილობაში სქესთა შორის არის მცირე განსხვავება. მამალი ზურგის მხარეს მკრთალი მოყვითალო-მურაა, ძლიერ განვითარებული ფართო ღერძულა ლაქებით, მათ შორის წელსა და კუდზედა ბუმბულებზედაც. ფრთების დიდი და საშუალო მფარავები მოშავო-მურაა, ჟანგმიწისფერი არშიებით. მომქნევები მუქი მურაა, გარეთა მარაოებზე ჟანგმიწისფერი არშიებით; ზოლები თვალების ზემოთ, ზოგჯერ თავის გვერდები, ყელი, ჩიჩახვი და მკერდის ზემო ნაწილი მოწითალო ან მოღვინისფრო-ჟანგისფერია. მკერდის უკანა ნაწილი და მუცელი მკრთალი ჟანგმიწისფერია, ხოლო კუდის ქვემო მფარავები – თითქმის სრულიად თეთრი. მუცლის მხარეს, ყელის, მუცლის შუა ნაწილისა და კუდქვეშა ბუმბულების გარდა, არის მუქი ღერძულა ლაქებიც. საჭის კიდურა წყვილი მოთეთროა, მაგრამ შიგნითა მარაოს ძირში მურაა. საჭის მეორე წყვილი მურაა, წვეროებზე თეთრი ლაქებით. საჭის დანარჩენი ბუმბულები მურაა, ხოლო შუა წყვილი უახლოვდება ზურგის შეფერილობას. დედალი განსხვავდება მამლისაგან მუცლის მხარეს ღვინისფერ-ჟანგისფერის ნაკლები განვითარებით. ნისკარტი მურა-რქისფერია, ფეხები − მკრთალი მურა.

აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება დასავლური წითელგულა მწყერჩიტა – A. c. rufogularis Brehm, 1824.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის ტყე-ტუნდრისა და ტუნდრის ზონებს, დაახლოებით 66-ე და 68-ე პარალელებს შორის, ჩრდილოეთი სკანდინავიიდან ჩუკოტკამდე. დასაზამთრებლად მიფრინავს ჩრდილო-დასავლეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში, აგრეთვე სამხრეთ აზიის ქვეყნებში–ქაშმირში, ჩრდილოეთ ინდოეთში, ბირმაში, ინდოჩინეთში, სამხრეთ ჩინეთში, ფილიპინისა და მალაის არქიპელაგის კუნძულებზე. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის პერიოდში.

ბიოტოპი

ტუნდრის კოლბოხიანი და ტენიანი ნაკვეთები, აგრეთვე სწორი, დაჭაობებული ადგილები, დაფარული ისლითა და სხვა ბალახოვანი მცენარეებით.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს მიწაზე, კოლბოხების გვერდით პატარა ჩაღრმავებაში და შენიღბულია ბალახებით ან ბუჩქებით. ივნისის პირველ ნახევარში დებს 6 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 10-11 დღეს გრძელდება.

კვება

ძირითად საკვებს შეადგენენ პატარა ზომის მწერები, უპირატესად კი – კოღოები.

მნიშვნელობა

სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები