წითელი იხვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წითელი იხვი

წითელი იხვი (ლათ. Casarca ferruginea Pallas, 1764) − ფრინველთა გვარი იხვისებრთა ოჯახისა ბატისნაირნთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება 1 სახეობა − წითელი იხვი.

წითელი იხვი დიდი ზომის იხვია, ფრთა 315-395 მმ-ია, ნისკარტი – 45-50 მმ, წონა – 1200-1600 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაშიც სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. მამლის საერთო შეფერილობა მოყავისფრო-ჟღალია. კისერი უფრო ღიაა, თავი ზემოდან ჟანგმიწისფერი, ხოლო თავის გვერდები − ღია ჟანგმიწისფერი; კისრის ქვემო ნაწილში არის შავი ირგვლივი ზოლი − „საყელური“. კუდქვეშა და საჭის ბუმბულები შავია, მომწვანო ელფერით. შავია პირველი რიგის მომქნევებიც, ხოლო მეორე რიგის მომქნევების გარეთა მარაოები ელვარე მწვანეა, რომლებიც ფრთაზე ქმნიან მოზრდილ „სარკეს“. ფრთების ზემო მფარავები სუფთა თეთრია. ნისკარტი და ფეხები მოშავოა. ნისკარტი თავზე მოკლეა და ერთნაირი სიგანისაა ძირსა და ბოლოში. „ფრჩხილაკი“ ფართოა და იკავებს ნისკარტზედას მთელ შუა ნაწილს. ყბების კიდეებზე დიდი ფირფიტებია, მაგრამ ეს ფირფიტები თხელი და არახშირია. გალო გრძელია, თათი მოკლე. შუა თითი გალოს სიგრძისაა, უკანა თითზე კანის ლაპოტი ვიწროა. ზაფხულში მამალს შავი საყელო არა აქვს. დედალი მამლის მსგავსია, მაგრამ თავისა და კისრის საერთო შეფერილობა უფრო ღიაა, ხოლო თავის გვერდები თითქმის სუფთა თეთრია. დედალს არა აქვს შავი საყელურიც.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის ძირითადი არეალი მოიცავს სამხრეთ ევროპას, მცირე, წინა, შუა და ცენტრალურ აზიას, ყაზახეთსა და ციმბირის სამხრეთ ნაწილს. აღმოსავლეთით აღწევს ამურის აუზამდე; დასავლეთით საბერძნეთამდე, ბულგარეთისა და რუმინეთის შავი ზღვის ნაპირებამდე; სამხრეთით არის ტრანსიორდანიაში, ერაყში, სამხრეთ ირანსა და ჰიმალაიზე; ჩრდილოეთით – სამხრეთ უკრაინაში, ბაიკალზე, ბლაგოვეშჩენსკში. ზამთრობს უპირატესად ნილოსის ქვემო დინების მიდამოებში, ეგეოსის ზღვაზე, წინა და მცირე აზიაში, არაბეთში, პაკისტანში, ინდოეთში, ბირმაში, ჩინეთში, აგრეთვე სამხრეთ ესპანეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში. მცირე რაოდენობით ზამთრობს კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროებზე და შუა აზიის სამხრეთ ნაწილში. აღმოსავლეთ საქართველოში მობუდარია, ხოლო დასავლეთ საქართველოში – მოზამთრე.

ბიოტოპი

ევრაზიის ველებისა და ნახევარუდაბნოების ზონებში ბუდობს საკმაოდ ნაირგვარ ადგილებში, მეტწილად კი – მდინარეებისა და მლაშე ან მომლაშო ტბების სანაპიროებზე, სადაც ღარიბი მცენარეულობა, მცირე ბალახნარებია.

გამრავლება

სქესობრივ სიმწიფეს აღწევს მეორე წელსვე. გამრავლება მონოგამიურია. ბუდეს იკეთებს მელიის, ველის კატის, მაჩვის ან სხვა ველის ძუძუმწოვრების მიერ მიტოვებულ სოროებში, ფლატეების ნაპრალებში, ზოგჯერ მიტოვებულ შენობებშიც. საჭიროების შემთხვევაში თვითონაც თხრის სოროს სანაპირო ფლატეებზე. მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში დებს 8-12 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 27-29 დღეს გრძელდება.

კვება

ნაირჭამია ფრინველია. იკვებება წყალშიც და ხმელეთზეც. მცენარეულობიდან მის საკვებს შეადგენენ ბალახების ნორჩი ნაწილები, აგრეთვე მარცვლოვანების თესლები. ცხოველური საკვებიდან უმთავრესია კიბოსნაირები.

მნიშვნელობა

სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ შესანიშნავი ობიექტია სპორტული ნადირობისათვის. გარდა ამისა, ეს იხვი ადვილად შინაურდება და შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალსატევებზე მოსამრავლებლად, აგრეთვე შინაურ იხვებთან ჰიბრიდიზაციისათვის.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები