ჭანტურია ტარიელ
ჭანტურია ტარიელ − (დ. 11 ივლისი, 1932, სუფსა), ქართველი პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (1994), გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი (1978), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1992).
დაიბადა 1932 წლის 11 ივლისს ბათუმში, 1951 წელს ოქროს მედლით დაამთავრა სუფსის საშუალო სკოლა, 1956 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (ჟურნალისტიკის განყოფილება).
სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალ „ცისკრის“ რედაქციაში კრიტიკისა და მეცნიერების განყოფილების გამგედ, „მერანსა“ და „ნაკადულში“ რედაქტორად, მთარგმნელობით კოლეგიაში – ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელად, მწერალთა კავშირში ლიტერატურულ კონსულტანტად. 1989-1991 წლებში რედაქტორობდა რუსთაველის საზოგადოების გაზეთ „მამულს“.
1996 წელს არჩეულ იქნა გელათის აკადემიის წევრად.
პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1951 წელს ჟურნალ „დროშაში“. მისი მთავარი პოეტური კრებულებია: „ლტოლვა“, „საქანელა“, „დასასრული“, „გაღმა ნაპირი“, „ორნი“, „თაფლობის საუკუნე“, „სტრესები და სიტყვები“, „სიყვარული ― რეფრენი“, „ბალიში — უატომო ზონა“, „რჩეული“, „ბოლთა“, „მწერლის წითელი წიგნი“, „უცენზურო ლექსები“, „დაწყვეტილი სერპანტინი“, „გული მარჯვნივ“, „ახალი მთვარე“, „ორტომეული“.
გამოცემული აქვს წერილებისა და ესეების სამი წიგნი („ყულაბა სავსე ოცნებით“, „დინოზავრიდან დიზაინამდე“, „გაყიდე სამოსელი და იყიდე მახვილი“), აგრეთვე საყმაწვილო ლექსების რამდენიმე კრებული („ფრინდი, ფრინდი, ზურია“, „ნეკოდენა“ და სხვ.).
გივი გეგეჭკორთან ერთად თარგმნა ჰერმან მელვილის „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი“.
მისი ლექსები და წერილები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, სომხურ, სლოვაკურ, უკრაინულ და სხვა ენებზე.
1992 წელს ტარიელ ჭანტურიას 1988-1991 წლებში გამოქვეყნებული ორმოცდაათი ლექსისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.