ჭაობის ბოლობეჭედა
ჭაობის ბოლობეჭედა (ლათ. Circus aeruginosus Linnaeus, 1758) − ფრინველი ქორისებრთა ოჯახიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − შავარდნისნაირნი (Falconiformes)
- ოჯახი − ქორისებრნი (Accipitridae)
- გვარი − ბოლობეჭედა (Circus)
ყველაზე დიდია ბოლობეჭედებს შორის. ფრთა 390-435 მმ-ია, კუდი − 235-265 მმ, გალო − 81-94 მმ, ნისკარტი ცვილანიდან წვერომდე − 22-26 მმ, წონა − 480-740 გ. დედალი რამდენადმე დიდია მამალზე. შეფერილობაში შეიმჩნევა სქესობრივი დიმორფიზმი. ზრდასრული მამლის (4 და მეტი წლის) თავი ზემოდან და კისრის უკანა ნაწილი ჟანგმიწისფერია, წვრილი ღერძულა შტრიხებით; ზურგი და ფრთების მფარავები − მურა, აქა-იქ ჟანგმიწისფერი ლაქებით; მომქნევების შიგნითა მარაოები მოთეთროა, ხოლო ყველაზე გრძელი მომქნევების ბოლოები − მოშავო-მურა; კუდი ნაცარა-მოწაბლისფროა, ყელი და მკერდი − ჟანგმიწისფერი, მურა ღერძულა ზოლებით; მუცელი, წვივისა და კუდზედა ბუმბულები ჟანგმიწისფერ-ქარცი. ფრთები ქვემოდან მოთეთრო- ჟანგმიწისფერია, მურა ბოლოებით. დედალი საბოლოო სამოსელში (3 წლის ასაკში) ზემოდან მუქი მურაა; თავი ზემოდან, კისერი უკანა მხარეს და მხრები ჟანგმიწისფერია. კუდზედა ბუმბულები და მუცლის წინა ნაწილი მურა-მოქარცისფრო; მუცლის უკანა ნაწილი, წვივისა და კუდქვეშა ბუმბულები მოქარცისფრო-ყავისფერია.
აღწერილია 10 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ჭაობის ბოლობეჭზედა — C. a. aeruginosus Linn., 1758.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მეტად ვრცელია. იგი მოიცავს თითქმის მთელ ევროპას − ჩრდილოეთით სამხრეთ სკანდინავიამდე და არხანგელსკამდე; აზიაში − ტობოლსკამდე, ბაიკალის სამხრეთ ნაპირებამდე და სახალინამდე; სამხრეთით მესოპოტამია, ტიანშანი, ჩრდილოეთი მონგოლეთი და კორეა; აფრიკაში — ალჟირი, ტუნისი, მაროკო, ეგვიპტე და სამხრეთი აფრიკა; ბუდობს აგრეთვე მადაგასკარზე და მის მახლობელ კუნძულებზე, ავსტრალიაში, ტასმანიაზე, ახალ ზელანდიასა და ფიჯის კუნძულებზე. ზამთარს ატარებს აზიისა და აფრიკის სამხრეთ ნაწილებში. საქართველოში მობინადრეა.
ბიოტოპი
უტყეო ჭაობიანი ადგილები, მდინარეებისა და ტბების ლელქაშიანი ნაპირები. გამრავლების შემდეგ შეიძლება შეგვხვდეს კულტურულ ლანდშაფტში და სხვა ღია ადგილებში, მაგრამ ყოველთვის მხოლოდ წყლის მახლობლად.
გამრავლება
ბუდეს იკეთებს მიწაზე ლელქაშში, იშვიათად წყლისპირა ბუჩქნარებშიც. ბუდე წარმოადგენს ლელის დიდ გროვას, რომელსაც ორივე სქესის ფრინველი აგებს. აპრილის მეორე ნახევარში დებს 2-6 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი, ხოლო მამალს მოაქვს საკვები. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 32-35 დღემდე აღწევს.
კვება
ბუდობის პერიოდში იკვებება უმთავრესად იმ ფრინველების კვერცხებითა და მართვეებით, რომლებიც წყალსატევებზე ან მის ნაპირებზე ბუდობენ. სხვა დროს იჭერს თაგვისებური მღრღნელებს და პატარა ზომის ფრინველებს.
მნიშვნელობა
მაღალი რიცხობრიობის დროს საგრძნობი ზიანის მოტანა შეუძლია სამონადირეო მეურნეობისათვის.