ჭედია ყარანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭედია ყარანა (ლათ. Phylloscopus collybitus Vieillot, 1817) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ჭედია ყარანა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 55-65 მმ-ია, კუდი – 45-55 მმ, ნისკარტი – 6-7 მმ, წონა – 6-10 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში შეუმჩნეველია. ზრდასრული ფრინველი გაზაფხულსა და ზაფხულში ზურგის მხარეს მოწაბლისფრო-რუხია, ზოგჯერ არათანაბარი წენგოსფერი ან მომწვანო ელფერით, რაც ყველაზე კარგად ჩანს წელის არეში. თვალების ზემოთ ზოლები („წარბები“) მორუხო-ყვითელი, მკრთალი, ჟანგმიწისფერი ან ჩალისფერია. მომქნევები და საჭის ბუმბულები მოწაბლისფეროა, მომწვანო ან მორუხო არშიებით. მუცლის მხარეს მოთეთროა, მოჟანგმიწისფრო-მოყავისფრო ანარეკლით ჩიჩახვზე, მკერდზე, გვერდებსა და კუდქვეშა ბუმბულებზე. ფრთის მოხრილობა, იღლიისა და მტევნის ქვემო მფარავები ყვითელია. ახალ ბუმბულსაფარველზე კარგად შეიმჩნევა მომწვანო-წენგოსფერი ელფერი. ნისკარტი მუქი მურაა, მაგრამ ნისკარტზედას ძირითადი ნაწილი მოყვითალოა. ფეხები შავია. ფრთა მოკლეა და მომრგვალებული. პირველი მომქნევი 17-18 მმ-ია და მტევნის მფარავებზე გრძელია.

აღწერილია 9-12 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება აღმოსავლეთევროპული ჭედია ყარანა – Ph. c. abietinus Nilsson. 1819, – მუცლის მხარეს მოვერცხლისფრო-ყვითელი ზოლებით; კავკასიური ჭედია ყარანა – Ph. c. lorenzi Lorenz, 1887, რომელიც იმდენად გამოირჩევა სხვა ქვესახეობებისაგან, რომ წინათ ცალკე სახეობად იყო მიჩნეული. მას ზურგისა და მუცლის მხარე უფრო მურა შეფერილობისა აქვს. ზურგზე, ფრთებსა და კუდზე მომწვანო, ხოლო მუცლის მხარეს მოვერცხლისფრო-ყვითელი ზოლები არა აქვს. ფრინველის საერთო შეფერილობა ჟანგმიწისფრად გამოიყურება.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის უდიდეს ნაწილს, აზიის თითქმის მთელ ტაიგის ზონას, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკას და რამდენიმე იზოლირებულ რეგიონს ევრაზიის სამხრეთ ნაწილში. დასავლეთით ვრცელდება მთელ ევროპაში და კანარის კუნძულებზე; აღმოსავლეთით აღწევს მდ. კოლიმის აუზამდე; ჩრდილოეთით აქა-იქ სცილდება პოლარულ წრეს, ხოლო სამხრეთით გავრცელების საზღვარი გაივლის შუა იტალიაში, ბულგარეთში, მოლდავეთში, კიევთან, ტამბოვთან, კუიბიშევთან, ყაზახეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ალტაიზე, იაკუტსკზე, საიდანაც უხვევს ვერხოიანსკამდე. გარდა ამისა, იზოლირებულად მოიპოვება მცირე აზიაში, კავკასიასა და ირანში; ხორასნისა და კოპეტდაღის მთებში; ქაშმირში, ტიბეტის დასავლეთ ნაწილსა და პამირზე. ზამთრობს დასავლეთ ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში, არაბეთში, წინა აზიასა და ინდოეთში. საქართველოში ორივე ქვესახეობა მობუდარია, მაგრამ კავკასიური ჭედია ყარანა ხშირად ზამთარშიაც რჩება.

ბიოტოპი

ბინადრობს ყოველგვარი ტიპის ტყეებსა და ბუჩქნარებში, ჭალებში, პარკებში, ბაღებში, მთის ფერდობების ტყეებში სუბალპურ ზონამდე, თუმცა კავკასიური ქვესახეობა მოიპოვება უპირატესად ტყეების უფრო ზემო სარტყელში – არყნარებში, ნეკერჩხლიანებში, როდოდენდრონის ბუჩქნარებში, სუბალპურ მაღალ ბალახნარებშიც.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს მიწაზე, ჯირკზე, ბუჩქის ან წიწვების შუაგულში, მაგრამ განათებულ მხარეს. ბუდის ასაგებად იყენებს ხავსს, ბალახის ხმელ ღეროებს, ფოთლებს და სხვა. მაისის პირველ ნახევარში დებს უფრო ხშირად 5 კვერცხს (ზოგჯერ 7-მდე). კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. სუინკუბაციო პერიოდი 14 დღემდე გრძელდება.

კვება

სხვა ყარანების მსგავსად, მწერიჭამია ფრინველია. ჭამს მეტწილად პატარა ზომის მწერებს, მათ კვერცხებსა და ლარვებს, აგრეთვე ობობებს.

მნიშვნელობა

მავნე მწერების მასობრივად განადგურებით მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს ტყის, ბაღებისა და პარკებისათვის.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები