ხალხური ნოველა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხალხური ნოველა – მცირე ხალხური მოთხრობა საყოფაცხოვრებო თემაზე. ფოლკლორული პროზის უძველესი და ძირითადი სახე. სიუჟეტურად და შინაარსობრივად უპირისპირდება ჯადოსნურ ზღაპარს.

ხალხური ნოველა საფუძველი და სპეციფიკის არსი არის ბუნებისა და საზოგადოების ძალებზე რეალისტური წარმოდგენა, ცხოვრების სინამდვილით ასახვა, სცენაზე გამოყვანა ცხოვრების შუაგულიდან ამორჩეული პერსონაჟების, რომლებიც მოქმედებენ ტიპობრივ გარემოში. თავისი სტრუქტურითა და სტილით ხალხური ნოველა ლიტერატურულის უშუალო წინამორბედია. უძველესმა ნოველისტურმა მოტივებმა ნიადაგი მოუმზადეს როგორც ზეპირსიტყვაობის თვისებრივ გაღრმავებას საერთოდ, ისე ლიტერატურული ნოველის აღმოცენებასა და მწერლობაში დამკვიდრებას, კერძოდ. ეს მოტივები მხოლოდ გარეგანი მოდელით ემსგავსებიან ერთმანეთს, ხოლო შინაგანად სხვადასხვა ხალხის ზეპირ შემოქმედებაში დამოუკიდებელი მხატვრულ-ესთეტიკური ფენომენის სახეს იღებენ. ამის საილუსტრაციო მასალას უხვად გვაწვდის ძველი ქართული მწიგნობრობა, რომელშიც ნოველისტურმა მოტივებმა, უეჭველად, პირდაპირ ხალხური ეპოსის წიაღიდან პოვეს ასახვა.

ხალხური პროზის ამ სახის აღსანიშნავად ფოლკლორისტიკაში გამოყენებულია სხვა ტერმინებიც. ყველაზე გავრცელებული ტერმინებია: საყოფაცხოვრებო ზღაპარი, ნოველისტური ან რეალისტური ზღაპარი, ნოველისტური საყოფაცხოვრებო ზღაპარი საყოფიერო ნოველისტური ზღაპარი, ნოველა-მოთხრობა, ხალხური ნოველის ნიმუშებია „ერთი მანეთის შოვნა“, „ცაზე რამდენიმე ვარსკვლავია“, „ცოლ-ქმრის ამბავი“, „მეფე და ვეზირები“, „ვინც საქმე გააკეთა, პურიც იმანა ჭამოს“, „ობოლი და ქოსამატყუარა“.)

ხალხური ნოველის ცალკე კრებულები ადრე არ გამოიცემოდა და მისი ნიმუშები ზღაპრების ჩვეულებრივ კრებულებში შეჰქონდათ. ყველაზე ადრინდელი ჩანაწერები ქართული ხალხური ნოველისა ეკუთვნის XVII ს. მეორე ნახევარს, იგი გვხვდება ბერნარდე ნეაპოლელის კრებულში, რომელიც მიხ. ჩიქოვანმა გამოსცა 1964 წ. ბევრი ნიმუშია გამოქვეყნებული „აკაკის კრებულში“. ლ. აღნიაშვილის, თ.რაზიკაშვილის, აგრეთვე მიხ. ჩიქოვანის ქს. სიხარულიძის, ელ. ვირსალაძის, ალ. ღლონტის და სხვ. კრებულებში ქართული· ხალხური ნოველის პირველი ცალკე კრებული 1956 წ. გამოიცა.

ალ. ღლონტი




ლიტერატურა

  • ალ. ღლონტი, ქართული ხალხური ნოველა, 1, თბ., 1963: II, თბ., 1966;
  • მიხ. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956;
  • მიხ. ჩიქოვანი, ქართული ზღაპრები, კრებ. „ქართული ხალხური ზღაპრები", II, თბ., 1938;
  • ქს. სიხარულიძე, ქართული ხალხური სიტყვიერება. 1, თბ., 1956;
  • ელ. ვირსალაძე, ზღაპარი, ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება, I, თბ., 1960;
  • ტექსტები: ქართული ხალხური ნოველები, ჩაწერა, გამართა, გამოკვლევა და შენიშვნები დაურთო ალ. ღლონტმა, 1956;
  • „ხალხური სიბრძნე", II, შეადგინა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ალ. ღლონტმა. თბ., 1964;

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები