ხანძთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხანძთა

ხანძთა – (ინგლ. Khandzta), VIII-X საუკუნეების ქართული მონასტერი თურქეთში, ართვინის პროვინციაში, ისტორიულ კლარჯეთში, ართვინის აღმოსავლეთით 40 კმ-ში, ისტორიულ სოფელ ხანძთაში კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: გუმბათიანი ეკლესია, სამრეკლო, სატრაპეზო, სამლოცველო, წყარო, პატარა დარბაზული სამლოცველო.

ტაძრის ნანგრევების ფრაგმენტი

მონასტერი დაახლოებით 782 წელს დაარსა ცნობილმა ქართველმა სასულიერო მოღვაწემ გრიგოლ ხანძთელმა. გადმოცემით, VII საუკუნის დასასრულს, აქ ხის ეკლესია მდგარა, შემდეგ კი ადგილობრივი ფეოდალის გაბრიელ დაფანჩულის მატერიალური დახმარებით დაუწყიათ ქვის ტაძრის მშენებლობა (ხუროთმოძღვარი ამონა). 918 წელს ერისთავთერისთავმა აშოტ კუხმა დიდი სახსრები გამოუყო მშენებლობას, რომელიც 941 წელს დაასრულა ერისთავთერისთავმა გურგენ IV-მ. საბოლოოდ, ხანძთის მთავარი, რიგით მესამე, ეკლესიის აგება დასრულდა 918-941 წლებში და საუკუნეების განმავლობაში ქართველთა მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. მთავარი ეკლესიის მშენებლობა დაწვრილებით აქვს აღწერილი X საუკუნის დიდ ქართველ მწერალსა და მწიგნობარს გიორგი მერჩულეს.

მთავარი ტაძრის გეგმა

მთავარი ეკლესია – მთავარმოწამის გიორგის სახელზე აგებული გუმბათიანი ტაძარი, დღემდე შემოინახა, თუმცა ძლიერ დაზიანებულია. ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე სრულად დაფიქსირებული ქართული ძეგლია თურქეთის ტერიტორიაზე. იგი ყველაზე დიდი და მაღალი შენობაა ართვინის პროვინციაში. გეგმით მართკუთხედის ფორმის ტაძრის ზომებია 12×18 მ. მისი ფასადები გამოირჩევა კარგად დამუშავებული ქვის ზედაპირით, ხოლო ნაგებობის სივრცითი პროპორციები, ნახევრადდანგრეულ მდგომარეობაშიც კი, არქიტექტურულად შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. ძეგლი გამორჩეულია მშენებლობის ხარისხითა და ტიპოლოგიური აგებულებით. იგი ჩახაზული ჯვრის ტიპის ნაგებობაა.

მთავარი ტაძრის გუმბათი

სადა, რელიეფებითა და ორნამენტაციისგან თავისუფალი ტაძრის მხატვრულ ეფექტს მისი გუმბათი ქმნის. გუმბათის თორმეტწახნაგა ყელს ყოველი წახნაგის კიდეში აღმართული და შეწყვილებულ ლილვებზე გადასროლილი უწყვეტი თაღნარი მიუყვება. გუმბათის ყელში 4 სარკმელია. გუმბათი ნახევრადგაშლილი ქოლგის მსგავსი კონუსითაა დახურული, შესაბამისად, ყოველი წახნაგის თავზე პატარა და მაღალი ფრონტონები იქმნება. სწორედ ეს, რიტმული და საზეიმო განწყობის გუმბათი ქმნის ხანძთის მთავარ ეფექტს. ჯვრისებრი მკლავებიდან დასავლეთისა შედარებით დაგრძელებულია, როგორც ეს კლარჯული არქიტექტურისათვის იყო დამახასიათებელი; ერთი წყვილი მართკუთხა და შედარებით დაბალი სვეტების საშუალებით მკლავი სამ ნავად იყოფა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წახნაგებზე გადასვლა ტრომპების სამი მწკრივის საშუალებით ხდება. ტაძარი კარგად გათლილი და სწორ რიგებად დაწყობილი ქვის პერანგითაა შემოსილი ისე, რომ ექსტერიერში დუღაბი არსად ჩანს. ტაძრის აღმოსავლეთ აფსიდის წინ მოზრდილი ბემაა. საკურთხევლის ორივე მხარეს კი ორი ერთნაირი უაფსიდო დამატებითი სათავსებია, რომლებიც თითო კარით შესაბამის განივ მკლავებს უკავშირდება. კლარჯეთის არქიტექტურა, განსხვავებით მეზობელი ტაოს არქიტექტურისგან, სადაც უხვადაა ფიგურული თუ ორნამენტული რელიეფები, უფრო სადა და ასკეტურია. ერთადერთი ჯვარი, რომელიც მხოლოდ წითელი ქვითაა გამოყვანილი და არ გააჩნია არანაირი ორნამენტაცია, აღმოსავლეთი ფასადის ფრონტონის ქვეშ სარკმლის თავზე იყო ჩასმული.

დიდი ნახევარკონუსური ტრომპი

ტაძრის ინტერიერი გამოირჩევა დეტალების დახვეწილი დამუშავებითა და სისადავით. გაწყობილია მრგვალი ფორმის შვეული ლილვებითა და პილასტრებით. კედლების უხეში წყობა, როგორც ჩანს, თავიდან შელესილი იყო, რასაც ადასტურებს ზოგ ადგილას შემორჩენილი ბათქაშის ფრაგმენტები. იკითხება კედლის მხატვრობის ნაშთიც ტოლმკლავა ჯვრისა და წმინდანთა გამოსახულებით.

ეკლესიის დასავლეთით დგას XVI საუკუნეში აგებული, კარგად შემონახული ორიარუსიანი სამრეკლო. შესასვლელი დასავლეთიდანაა. მეორე სართული წარმოადგენს თექვსმეტწახნაგოვან ფანჩატურს. სამრეკლოს ფასადები შემკულია ლილვებით და მოპირკეთებულია კარგად თლილი ქვით. სამრეკლოს კედლებზე შემორჩენილია ოთხი წარწერა, რომლებშიც ნახსენებია სამრეკლოს მშენებლობის ქტიტორი მარკოზი, დეკანოზი ანტონი და კალატოზები აბესალმა კლდელი (ალბათ უფროსი კალატოზი), ქმირი, ყაზანი და მსახურა.

კომპლექსის ყველაზე ადრეულ ნაგებობებს, მიეკუთვნება ქვის დიდი სატრაპეზო, რომელმაც ალბათ პირველი ხის სატრაპეზო შეც-ვალა. თითქმის მთლიანად დანგრეული სატრაპეზო ნაგებია დიდი, უხეშად დამუშავებული ქვებით. ეკლესიასა და სატრაპეზოს შორის ჩაშენებულია მცირე ზომის სამლოცველო. მონასტრის გალავნის გარეთ არის არქიტექტურულად გაფორმებული წყარო, მასზე დაშენებული პატარა დარბაზული სამლოცველოთი, რომელსც ამჟამად გადახურვა და კედლების ზედა ნაწილები მონგრეული აქვს. სამლოცველო ნაგებია არქაული ფორმებით გამორჩეული, დიდი მასიური ქვის ლოდებით და შიგნითაც და გარეთაც სრულიად სადაა.

ხანძთის მონასტერში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ: არსენ დიდი, ეფრემ მაწყვერელი, მაკარი ლეთელი, გიორგი მერჩულე („გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ავტორი), მოსე ხანძთელი (XI ს.), სტეფანე დიაკონი, ბერი საბა, ეპისკოპოსი თევდორე, მოსე ხუცესი (XII-XIII სს.) და სხვა ქართველი მამულიშვილები. ხანძთის მონასტრის წარმომავლობის, ხუროთმოძღვრებისა და ისტორიის კვლევაში დიდი წვლილი მიუძღვით ქართველ მეცნიერებს: ა. ქუთათელაძეს, ე. თაყაიშვილს, ნ. მარს, ვ. ჯობაძეს, დ. ხოშტარიას, გ. კალანდიას, პ. ინგოროყვას, ლ. მენაბდეს, ნ. შოშიაშვილს.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები