ხოძკო ალექსანდრე
ალექსანდრე ხოძკო – (Aleksander Chodźko; 30 აგვისტო 1804 — 27 დეკემბერი 1891), პოლონელი პოეტი და აღმოსავლეთმცოდნე.
იმ დროინდელი საიდუმლო საზოგადოებების („სარმატთა ტომი“, „ზირიანელები“ და სხვა) რიგი წევრები კავკასიაში გადმოუსახლებიათ თბილისში. ა. ხოძკოს აქ 11 წელი უცხოვრია. იგი ქართული ლიტერატურითა და ფოლკლორით დაინტერესებულა. მას ლეგენდები, თქმულებები და ფოლკლორული სხვა მასალებიც შეუგროვებია და გამოუცია.
პოლონურ ენაზე გამოქვეყნებული მისი წერილის რუსული პ. დუბროვსკისეული თარგმანი ჟურნალ «Teлеcкоn»-ში (მოსკოვი, 1833, №5, 61-70) დაიბეჭდა. წერილში ავტორი ეხება თამარ მეფისა და მისი ეპოქის საქართველოს, შოთა რუსთაველის დაბადების თარიღს, მისივე ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
აქვე ვრცლადაა გამოყენებული მაშინ ცნობილი თქმულებები რუსთაველზე, ლაპარაკია „ვეფხისტყაოსნის“ მოცულობასა და ადგილზეც მსოფლიო ლიტერატურაში. ავტორი ამ პოეშას არიოსტოს გახელებულ როლანდს ადარებს და სხვა. თვით მთარგმნელი (პ. დუბროვსკი) მკითხველს მოუწოდებს მიჰბაძონ ხოძკოს, — შეისწავლონ ქართული ენა და „ვეფხისტყაოსანი“ სხვებსაც გააცნონ.
„ვეფხისტყაოსნის“ 1841 წლის გამოცემის კაზიმირ ლაფჩინსკისეულ თარგმანს პოლონურ ენაზე (ვარშავა, 1863) ახლავს ალექსანდრე ხოძკოს წინასიტყვაობა. ეს უკანასკნელი ქართულადაც დაიბეჭდა მთარგმნელის წერილითურთ.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის შესახებ რამდენიმე წერილის ავტორია ხოძკო, დასახელებულ ნარკვევში წერს: „თამარის მეფობაში განითქვნენ პროზაიკოსები: მოსე ხონელი, სარგის თმოგველი, — პოეტები: შავთელი, ჩახრუხაძე და უმეტესად შოთა რუსთაველი, ავტორი ვეფხისტყაოსნისა…“
რუსთაველი თამარ მეფის დროს დაიბადა „ახალციხის მახლობლად რუისთავის სოფელში“. იგი ორმოც ყმაწვილთა შორის გაგზავნეს ათონში. იქიდან დიდი განათლებით დაბრუნებულა საქართველოში და აქ „ვეფხისტყაოსანი“ დაუწერია. ამისათვის (მას) თამარმა მისცა მოლარეთუხუცესობა. ბოლოს რუსთაველი „შედგა ბერად, წავიდა იერუსალიმში და დაიმარხა ქართული ჯვარის ეკლესიაში“ (იქვე).
„ვეფხისტყაოსანი“, — წერს ხოძკო, — მელოდიური ოთხსტრიქონიანი და სტრიქონში 16-მარცვლიანი ლექსია.
მოქმედება პოემაში ინდოეთ-სპარსეთ-არაბეთში, ე. ი. უცხოეთშია გაშლილი, მაგრამ „ეს ცხადი სურათი ადგილობრივი არის“ და იგი იმგვარია, ისეთი ფენომენია, რომლის „მსგავსი არსად გვინახავს“ (2. 33. 278).
შემდეგ ა. ხოძკო განიხილავს მ. ბროსესა და დ. ჩუბინაშვილის აზრებს „ვეფხისტყაოსნის“ თაობაზე, მსჯელობს უმთავრესად ამავე პოემის 1841 წლის გამოცემის მიხედვით და შესაძლებლად მიაჩნია, რომ ნესტან-დარეჯანი თამარ მეფეს ასახიერებდეს.
პოემის სალექსო ზომა, — ამბობს იგი, — ძირითადად ქორეისა და დაქტილისებურიაო, საინტერესოა ის გარემოება, რომ ა. ხოძკო პოემის მოცულობასაც აქცევს ყურადღებას; 1841 წლის გამოცემა, — აღნიშნავს იგი, — 1637 სტროფს შეიცავს, მაგრამ ამ პოემის მრავალი ხელნაწერი არსებობს და ისინი სხვადასხვა მოცულობის არიან. თანაც შენიშნავს: გადაწერის დროს ამ პოემას აკლებენ ან უმატებენ კიდეც; მაგ., მას „ერთმა ციციშვილმა 1500 სტრიქონი თავისი დაუმატა“ (2, გვ. 278).