ჯიჯღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯიჯღი (ლათ. Turdus ruficollis Pallas, 1776) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ჯიჯღი საშუალო ზომის შაშვია, ფრთა 125-145 მმ-ია, კუდი – 100-115 მმ, ნისკარტი – 24-25 მმ, წონა – 90-120 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის არის შესამჩნევი განსხვავება. ზრდასრული მამალი ზურგის მხარეს მორუხო-წენგოსფერია. მურა ფერის მომქნევებს გარეთა კიდეები რუხი აქვთ; საჭის ბუმბულები მოშავო-მურაა, მხოლოდ კიდურა წყვილია მორუხო-მურა. პირის კუთხეებთან, ყელსა და ჩიჩახვზე ბუმბულები შავია; სხეულის დანარჩენი ქვემო მხარე მოთეთროა, მაგრამ ზოგიერთ ბუმბულზე არის მკრთალი მორუხო ღერძულა ლაქები. სხეულის გვერდები მორუხოა, ხოლო იღლია – კვამლისფერი, ჟანგმიწისფერი ელფერით. დედლის შეფერილობაში შავი ფერი არაა ან ბევრად ნაკლებია. ყელისა და ჩიჩახვის მოთეთრო ფონზე გასწვრივი მოშავო სიჭრელეა; თავის გვერდები რუხია; მკერდსა და სხეულის გვერდებზეც მუქი ღერძულა ხაზებია. ნისკარტი და ფეხები მურა ფერისაა. ცალკეულ ქვესახეობებს შორის მკვეთრი განსხვავებაა შეფერილობაში, რის გამო ზოგიერთი ავტორი მათ დამოუკიდებელ სახეობებადაც კი მიიჩნევს.

აღწერილია 2-დან 4-მდე ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება შავგულა ჯიჯღი – T. r. atrogularis Jarocki, 1819.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი ვრცელი არაა. იგი მოიცავს შედარებით მცირე ტერიტორიას ციმბირში, ჩრდილოეთი ურალის დასავლეთი ფერდობებიდან, ქვემო ტუნგუსკამდე და იმიერბაიკალეთამდე, ხოლო სამხრეთით – მონგოლეთამდე. ზამთარს ატარებს უპირატესად ირანში, ერაყში, ავღანეთში, შუა აზიაში, ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩინეთის ზოგიერთ ადგილებში და ბირმაში. ზამთრობით გვხვდება საქართველოშიც, როგორც იშვიათი შემომფრენი ფრინველი.

ბიოტოპი

ჯიჯღი ბინადრობს ნაირგვარი ტიპის ტყეში – უპირატესად ტყისპირებში, ბუჩქნარებში, ზოგჯერ ტაიგის დაჭაობებულ უბნებში.

გამრავლება

ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს ხეზე, ბუჩქებზე, ჯირკებზე, ზოგჯერ მიწაზეც. აღნიშნულია წელიწადში ორჯერ გამრავლება. პირველად მაისის დასაწყისში, მეორედ ივნისის ბოლოს დებს 4-7 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა, მაგრამ არაპირდაპირი მონაცემებით, იგი 13 დღემდე უნდა აღწევდეს.

კვება

ჯიჯღის საკვებს შეადგენენ მეტწილად მწერები, პატარა ლოკოკინები, წყლის მწერების ლარვები, ჭიაყელები და ობობები. მცირე რაოდენობით ჭამს კენკრასაც.

მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია, მაგრამ მცირერიცხოვნობის გამო სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები