ჯონსონი ბენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბენ ჯონსონი

ბენ ჯონსონი − (ინგლ. Benjamin Jonso, 1573-1637), ინგლისელი დრამატურგი, პოეტი, დრამის თეორეტიკოსი.

ქვის მთლელის ოჯახში აღზრდილმა ჯონსონმა განათლება ვესმინსტერის სკოლაში მიიღო. ჯონსონს სახიფათო თავგადასავლებით სავსე ცხოვრება ჰქონდა: მონაწილეობდა ესპანელების წინააღმდეგ ომში; რამდენჯერმე დააპატიმრეს − დუელში მკვლელობისთვის, პიესებში ხელისუფლებისთვის არასასურველი აზრების გამოთქმისთვის.

ბენ ჯონსონი 1600-01 წლებში ე. წ. თეატრების ომის აქტიური მონაწილე გახლდათ. ეს ომი მასსა და დრამატურგ ჯონ მარსტონს (1575-1634) შორის არსებული უთანხმოების ნიადაგზე დაიწყო.

ჯონ მარსტონმა ბენ ჯონსონის კომედია − „ყველა თავის ზნის გარეშე” − მის მიმართ დაცინვად მიიღო და საპასუხოდ, შეურაცხყოფილმა, კოლეგის სატირული პორტრეტი შექმნა კომედიაში − „რა გნებავთ”. ჯონსონმაც არ დააყოვნა და პასუხი გასცა − დადგა პიესა „მოშაირე”, სადაც საკუთარი თავი რომაელი პოეტის, ჰორაციუსის სახით გამოიყვანა, ხოლო მეტოქე მარსტონი – უნიჭო პოეტის სახით. დრამატურგიულ პაექრობასა და „ბრძოლას” სხვა ავტორებიც შეუერთდნენ, რასაც თეატრებმაც აუბეს მხარი. თეატრების პოზიცია გამოიხატებოდა შემდეგში: თუ ისინი მანამდე, პიესის შერჩევის თვალსაზრისით, ავტორს შეხედულებების მიხედვით არ იწუნებდნენ, ამ „ომის” დროს მხოლოდ თავიანთი რჩეულების ნაწარმოებებს დგამდნენ. მაგალითად, „ლორდ კამერგერის მსახურთა” დასი, სადაც შექსპირი მოღვაწეობდა, ბენ ჯონსონის მოწინააღმდეგეებს უჭერდა მხარს. „თეატრების ომი”, საბოლოოდ, კემბრიჯის უნივერისტეტის სტუდენტების მწვავე რეაქციამ დაასრულა. ახალგაზრდებმა დადგეს პიესა „პარნასიდან დაბრუნება”, სადაც სატირული სახით ასახეს უფროსი თაობის დრამატურგებსა და თეატრებს შორის განვითარებული აბსურდული ურთიერთობები.

ბენ ჯონსონი საკუთარ თეორიულ შეხედულებებს პიესების პროლოგში აყალიბებდა. ცნობილია, რომ ის ყოფითი რეალისტური მეთოდის მომხრე იყო და უპირისპირდებოდა შექსპირს, რომლის პიესებშიც შერწყმული გახლავთ რეალური გარემო − რომანტიკულთან, ყოფა − ფანტასტიკასთან. იგი ასევე აკრიტიკებდა შექსპირის გმირების ხასიათების მრავალმხრივობას. მიაჩნდა, რომ ეს ფაქტორი ხელს უშლიდა პიესას, მისი მთავარი დანიშნულების, ზნეობრივი სწავლების − განხორციელებაში.

ჯონსონმა შეიმუშავა „იუმორების” თეორია, რომელიც თავის ხასიათების კომედიაში გამოიყენა. იგი დაეყრდნო შუასაუკუნეებიდან არსებულ აზრს იმის თაობაზე, რომ ადამიანის ორგანიზმში არსებობს სასიცოცხლო სითხე − ე. წ. ჰუმორები (ჰუმოურს). ეს სასიცოცხლო სითხე ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას განსაზღვრავს. ჰუმორების ანუ იუმორების ბალანსის შენარჩუნება იშვიათია, მათი მოშლა კი ადამიანების სხვადასხვა ქცევით გადახრებს იწვევს. იუმორი შეიძლება გამოვლინდეს როგორც ვნება, ან როგორც ჟინი, ახირება. ბენ ჯონსონის პერსონაჟების ხასიათები ამ თეორიის ილუსტრაციაა. მათ ქმედებას მხოლოდ ერთი ვნება ან მიდრეკილება განსაზღვრავს. ხასიათების ასეთი გაგება განაპირობებდა მოქმედი გმირების დაყოფას დადებით და უარყოფით პერსონაჟებად. მათ სახელში უკვე ჩანდა ხასიათი, რაც მაყურებელს წინასწარ განწყობას უქმნიდა. ამ თეორიამ განაპირობა ხასიათების სტატიკურობაც.

მისი კომედია „ყველა თავის ზნე-ჩვეულებაში” (1598) დაკავშირებულია „იუმორების თეორიათან”. ვაჭარ კაიტლსა და მის ახალგაზრდა ცოლს შორის კომიკური ინტრიგა ვითარდება. პიესის მსვლელობაში თანდათან ვლინდება პერსონაჟთა „იუმორები” − კაიტლი ეჭვიანია, მოხუცი ნუველი – შვილის ზნეობის მიმართ ზედმეტად მზრუნველი, სტივენი – სოფლელი ჩერჩეტია, მეთიუ – ქალაქელი ყეყეჩი. პიესაში ასევე გვხვდებიან ტრაბახა მეომარი, მოხერხებული მსახური და ა.შ.

სატირულ კომედიაში „ვოლპონე, ანუ ლისი” (1606) ანგარებისა და მომხვეჭელობის მანკიერებაა ნაჩვენები. მდიდარი ვენეციელი ვოლპონე ყველას ატყუებს თითქოს განწირული ავადმყოფია. მას მემკვიდრე არ ჰყავს. ახლობლები, ქონების დაუფლების მიზნით, ვოლპონეს კეთილგანწყობის მოპოვებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. სახალისო ინტრიგა შერწყმულია სატირასა და დიდაქტიკასთან. პერსონაჟების ხასიათები ნათლად იკვეთება მათ ქმედებაში, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებს მათი სახელები – ვოლპონე იტალიურად მელას ნიშნავს, მოსკა – ბუზს, ვოლტორე – ძერას, კორვინო – ბახალას, ხოლო კორბაჩო – ბოროტ ყორანს.

ჯონსონი ინგლისურ რენესანსულ დრამატურგიაში ზნე-ჩვეულებათა კომედიის ფუძემდებელი იყო. მის ნაწარმოებებში უმნიშვნელოვანესია საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენელთა ყოფის, ზნეჩვეულებების, მანკიერი და დადებითი მხარეების ჩვენება. პიესების სიუჟეტებს თავად იგონებდა, თუმცა ხშირად ეყრდნობოდა ანტიკური და იტალიელი ავტორების იდეებს, ხერხებს, მოტივებს და თემებს.

ბენ ჯონსონს ეკუთვნის ისტორიულ თემაზე შექმნილი ორი პიესა − „სეიანის დამხობა” (1603) და „კატილინა” (1611), რომელიც ძველი რომის ისტორიას ეხება. დრამატურგი სამეფო-არისტოკრატული თეატრისთვის ქმნიდა „ნიღაბთა” ჟანრის პიესებს. ეს იყო, ძირითადად, ალეგორიული შინაარსის, პასტორალურ სიუჟეტზე აგებული, პოეტური მონოლოგებითა და დიალოგებით დაწერილი, სიმღერებითა და ცეკვებით გაფორმებული ნაწარმოებები. მოქმედი გმირები ანტიკური ღმერთები და გმირები, მითებისა და ლეგენდების პერსონაჟები იყვნენ. „ნიღაბთა” ჟანრის ზოგიერთ პიესაში სატირული დეტალები და გროტესკული პერსონაჟებიც გვხვდება. ისინი მეფის კარზე ან კერძო სასახლეებში იდგმებოდა და მასში მონაწილეობდა მაღალი წრის წარმომადგენელი სცენისმოყვარეები. სპექტაკლები გაფორმებული გახლდათ ფერწერული დეკორაციებით (ინგლისში პირველად აქ მოხდა ფერწერული დეკორაციების გამოყენება) და მდიდრული კოსტიუმებით. იყენებდნენ სხვადასხვა თეატრალურ ეფექტს.

ნინო ქირია


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები