ჰაღაი
ჰაღაი (გაი, აი) – ქანაანური ქალაქი პალესტინაში, რომელიც ისრაელიანებმა იერიხონის შემდეგ აიღეს იესო ნავეს ძის მეთაურობით ქანაანში ლაშქრობის დროს.
არქეოლოგიურმა გათხრებმა, რომელიც ჰაღაის ტერიტორიაზე ჩატარდა, გვიჩვენა, რომ ქალაქს ძლიერი გალავანი ჰქონდა, ხოლო ქალაქის ცენტრში დიდებული ტაძარი. ჰაღაის ძლიერების ხანა ძვ.წ. 3200-2400 წლები იყო.
როდესაც ებრაელები ქანაანში შეიჭრნენ მათ პირველად ყველაზე სამხრეთული ქალაქი, იერიხონი აიღეს, რის შემდეგაც ქალაქ ჰაღაის შეუტიეს. ჰადაის აღება მათ ორჯერ სცადეს. პირველად ვერ მოახერხეს და ჰაღაის მცხოვრებლემა მათ დიდი ზარალი მიაყენეს, თუმცა მეორეჯერ იესო ნავეს ძის მოხერხებულმა სამხედრო გეგმამ გაამართლა და ისრაელიანებმა შეძლეს ქანაანის ერთ-ერთი უძლიერესი ქალაქის აღება. იესო ნავეს ძის ბრძანებით ებრაელებმა მთლიანად გადაწვეს ქალაქი, ხოლო მოსახლეობა ამოწყვიტეს.
ჰაღაის შესახებ ცნობები მწირია, რადგან ქალაქი უძველეს დროში აშენდა, ხოლო არსებობა ებრაელების მიერ ქანაანის დაპყრობის პერიოდში შეწყვიტა საბოლოოდ, მანამდე ქალაქი ერთხელ გაანადგურეს და ნანგრევებად აქციეს (სავარაუდოდ ეგვიპტელებმა ან მეზობელმა ხალხებმა).