ჰაღაის აღება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰაღაის აღებაიესო ნავეს ძის მიერ ქანაანური ქალაქის, ჰაღაის აღება. იერიხონის აღების შემდეგ ისრაელიანებმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ძლიერი პლაცდარმი შექმნეს შემდეგი შეტევების გასანვითარებლად. იესო ნავე ძის ამოცანა ახლა იუდეის მთებისკენ გაჭრა იყო. ზუსტი სტრატეგიული გათვლით მან გადაწყვიტა პალესტინის ამ ცენტრალური მთების მასივის დაკავება, რათა იქ ებრაელთა საერთო, ძლიერი ბანაკი შეექმნა. მთები ბუნებრივ სიმაგრეებს წარმოადგენდნენ, საიდანაც მძიმედ შეიარაღებული ქანაანელების დამარცხება მსუბუქად აღჭურვილ ებრაელებს არ გაუჭირდებოდათ. იესო ნავეს ძე ერიდებოდა გაშლილ ველებზე მტრის საბრძოლო ეტლებთან შეტაკებას, რადგან მისი ქვეითები ასეთი ბრძოლისთვის არ იყვნენ მზად და მოწინააღმდეგე ეტლებით დიდ ზარალს მიაყენებდა. ებრაელ მსუბუქ ქვეითებს კი დიდი უპირატესობა ექნებოდათ ნაკლებად მანევრულ ქანაანელებთან, რომლებიც ეტლებს კლდოვან და მთიან მხარეში ვერც გამოიყენებდნენ.

იესო ნავეს ძეს უნდა ეზრუნა ეგვიპტელებისგან საფრთხის ასაცილებლადაც, რადგან ქანაანი ეგვიპტის იმპერიის ნაწილად ითვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავი საკმაოდ დამოუკიდებლად ეჭირა. ებრაელები ფრთხილობდნენ ეგვიპტელებთან ურთიერთობაში და ცდილობდნენ დიპლომატიური გზებით მათ დაშოშმინებას. განსაკუთრებული საფრთხე კი მაშინ გაჩნდა, როდესაც ებრაელებმა ის ტერიტორია დაიკავეს, სადაც „ვია მარის“ – „ზღვის გზა“ გადიოდა, დიდი სავაჭრო გზა, რომელიც ეგვიპტეს სირიასთან აკავშირებდა და ეგვიპტის იმპერიის ერთ-ერთ სასიცოცხლო არტერიად ითვლებოდა, ამავე დროს იესო ნავეს ძემ კავშირი შეკრა გაბაონელებთან. ბიბლიის მიხედვითუს ჰაღაის აღების შემდეგ მოხდა, მაგრამ ამ ფაქტის კრიტიკული გაანალიზების და სხვადასხვა ისტორიულ-დოკუმენტური წყაროების შედეგად დაადგინეს, რომ ებრაელებმა გაბაონთან კავშირი იერიხონის აღების შემდეგ დაამყარეს და ჰაღაიზე იერიშის დროს ეს ქალაქიუკვე ისრაელიანების მოკავშირე იყო. ებრაელმა მზვერავებმა, რომლებიც ბეთელის დაზვერვის შემდეგ დაბრუნდნენ, იესო ნავეს ძეს შეატყობინეს, რომ ეს ქალაქი მეტად კარგად იყო გამაგრებული და ძლიერი გარნიზონი ჰყავდა. ამიტომ ისრაელიანებმა გადაწყვიტეს ჯერ ჰაღაი დაეკავებინათ, ძველი ქალაქის შემორჩენილი ნანგრევები, რომელსაც კარგად იცავდნენ და მათ წინააღმდეგ გამაგრება მოეწყოთ.

ჰაღაი ებრაელთა ლაშქრობამდე რამდენიმე ასწლეულით ადრე დაარსდა და თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი ქალაქი იყო, უზარმაზარი, სქელი გალავნით, თუმცა შემდეგ ნელ-ნელა მოსახლეობისგან დაიცალა და მხოლოდ მცირერიცხოვანი მოსახლეობა ცხოვრობდა მის ნანგრევებში (ჰაღაი ნანგრევს ნიშნავს). ქანაანელებმა გადაწყვიტეს ჰაღაიში გამაგრება და მტერთან ისე დაპირისპირება.

იესო ნავეს ძემ ჰაღაის ასაღებად სულ 3000 მეომარი გაუშვა, რადგან მზვერავთა ცნობის მიხედვით ამ ქალაქში მცირერიცხოვანი გარნიზონი იდგა. ჰაღაიში გამაგრებულმა ქანაანელებმა ადვილად მოიგერიეს ებრაელთა შეტევა და ზარალიც მიაყენეს მათ. ეს იესო ნავეს ძის პირველი მარცხი იყო ქანაანში და ამას გარდა ის მნიშვნელობაც ჰქონდა, რომ მითი მათი უძლეველობის შესახებ დაიმსხვრა, რამაც სხვა ქანაანელები გაამხნევა და უფრო თამამად დაიწყეს მოქმედება. ახლა ებრაელებს სწრაფად უნდა აეღოთ ჰაღაი, ბეთელი და დაემარცხებინათ მათი ჯარი. ებრაელთა ცბიერმა სარდალმა შესანიშნავი სამხედრო გეგმა შექმნა. მისი ბრძანებით ისრაელის ჯარის ნაწილმა ჰაღაის მოუარა და მათ ზურგში ჩასაფრდა. მეორე ნაწილით კი თვითონ ქალაქს მიუახლოვდა რათა ქანაანელები გამოეტყუებინა. უწინდელი გამარჯვებით გამხნევებული მტერი მართლაც გამოიჭრა ისრაელიანების წინააღმდეგ, იესო ნავეს ძემ კი სტრატეგიული უკანდახევა დაიწყო, რათა შორს გაეტყუებინა მტერი. ქანაანელები გაეკიდნენ და საფარში მოხვდნენ, ამ დროს კი ჰაღაის ზურგიდან ებრაელთა ჯარის მეორე ნაწილი დაესხა და ქალაქი გადაწვა. ჰაღაელები სასტიკად დამარცხდნენ. ეს იესო ნავეს ძის მეორე დიდი გამარჯვება იყო ქანაანელებთან ომში.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები