ჰეი-ერანის ხელშეკრულება 1903
ჰეი-ერანის ხელშეკრულება 1903 – (აშშ-სა და კოლუმბიას შორის პანამის არხის მომავალი სტატუტის შესახებ). ხელის მოაწერეს ვაშინგტონში 22.I აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯ. ჰეიმ და აშშ-ში კოლუმბიის საქმეთა რწმუნებულმა ტ. ერანმა.
ხელშეკრულების მიხედვით კოლუმბია რთავდა ნებას აშშ-ს, მიეღო პანამის არხის ფრანგული კომპანიისაგან კონცესია და საკუთრების უფლება. აშშ იღებდა არხის მშენებლობაზე, ექსპლუატაციაზე, კონტროლსა და დაცვაზე სრულ უფლებას. აგრეთვე არხის ორივე მხარეზე კოლუმბიის ტერიტორიის 5 კმ-იანი ზოლის გამოყენების უფლებას 100 წლის ვადით. კოლუმბია ასევე აძლევდა აშშ-ს უფლებას, არხის ზონაში ამერიკელი პოლიციის მეშვეობით დაეცვა წესრიგი. არხი ჰეი-პაუნსფოტის ხელშეკრულების თანახმად, ცხადდებოდა ნეიტრალიზებულად. მისი ნეიტრალიზაციის უზრუნველსაყოფად აშშ-ს შეეძლო თავისი სამხედრო ძალების გამოყენება კოლუმბიის მთავრობის მხრიდან წინასწარი ნებართვის მიღების გარეშე. თავის მხრივ აშშ ცნობდა არხის ზონაზე კოლუმბიის სუვერენიტეტს. ზონის გამოყენებისათვის კოლუმბიას სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის შემდეგ დაუყოვნებლივ ეძლეოდა 10 მლნ დოლარი ოქროთი, ხოლო შემდეგ, ყოველწლიურად უნდა ეხადა 250 ათასი დოლარი ოქროთი, ოღონდ ხელშეკრულების დადების მე-10 წლისთავიდან დაწყებული.
ხელშეკრულება 17.III. 1903 რატიფიცირებულ იქნა აშშ-ის სენატის მიერ, მაგრამ კოლუმბიაში ამ ხელშეკრულებას აღშფოთებით შეხვდნენ. ხელშეკრულების მოწინააღმდეგენი იმედოვნებდნენ, რომ ფრანგული კონცესიის ვადის გასვლის შემდეგ (31.X.1904) პანამის არხზე სრული უფლებები და ქონება კოლუმბიას დარჩებოდა. 13.VI და 5.VIII, 1903 აშშ-ს მთავრობამ კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრს გაუგზავნა მემორანდუმები, რომლებიც ემუქრებოდნენ კოლუმბიას თუ იგი არ მოახდენდა ხელშეკრულების რატიფიკაციას. 12.VIII,1903 კოლუმბიის კონგრესმა უარყო ხელშეკრულება, მაშინ აშშ-მა ისარგებლა პანამელთა მოძრაობით, დამოუკიდებლობისათვის და მხარი დაუჭირა მისთვის სასურველ სეპარატისტთა ჯგუფს. 13.XI.1903 პანამის რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აშშ-მა თავს მოახვია ხელშეკრულება, რომელიც ჰეი-ერანის ხელშეკრულების ანალოგიური იყო.
იხილე აგრეთვე
ამერიკა-პანამის ხელშეკრულებები არხის შესახებ